ფეხბურთი

2:31 | 11.08.2020 | ნანახია [] - ჯერ

ნახევარფინალში "ინტერი" 2010 წლის შემდეგ პირველად, "მანჩესტერი" ბოლო 4 წელში მეორედ

ევროპა ლიგის მიმდინარე სეზონში ორი ნახევარფინალისტი ცნობილია - „ინტერი“ და „მანჩესტერ იუნაიტედი“. ინგლისურმა გუნმა „კოპენჰაგენს“ აჯობა, იტალიურმა - „ლევერკუზენს“.

„მანჩესტერ იუნაიტედი“ საგრძნობ უპირატესობას ფლობდა, მაგრამ დანიელთა მეკარე იონსონი დაუჯერებლად კარგად თამაშობდა და რამდენჯერმე სასწაულებრივ გადაარჩინა თავისი გუნდი. სწორედ მისი დამსახურებით სტალე სოლბაკენის გუნდმა 90 წუთში გოლი არ გაუშვა და დამატებით დრომდე მივიდა. იონსონი იქაც საუკეთესო იყო, მაგრამ ერთ ეპიზოდში ვერაფერს გახდა, ეს პენალტის ეპიზოდი იყო, რომელიც ბრუნო ფერნანდეშმა გაიტანა. „მანჩესტერი“ ბოლო ოთხ სეზონში მეორედ გავიდა ევროტურნირის ნახევარფინალში. მანამდე 2017 წელს ჟოზე მოურინოს ხელმძღვანელობით და ევროპა ლიგაც მოიგო. ვნახოთ, ახლა ოლე გუნარ სულშერის გუნდის მაქსიმუმი რა იქნება.

„ინტერმა“ „ლევერკუზენი“ 90 წუთის განმავლობაში ძალიან დაჯაბნა და შეეძლო უფრო დიდი ანგარიშით მოეგო. ნიკოლო ბარელამ და რომელუ ლუკაკუმ დასაწყისშივე ორჯერ დაამწუხრეს მეტოქე. ლუკაკუ რეკორდის ავტორი გახდა - პირველი მოთამაშეა ევროპა ლიგის/უეფას თასის ისტორიაში, რომელმაც ზედიზედ 9 მატჩში გოლი გაიტანა (12 გოლი). თამაშს რაც შეეხება, გერმანელებმა კაი ჰავერტცის გოლით მალევე გაქვითეს ერთი გოლი, მაგრამ მეტი ვეღარ გაახერხეს. სხვათა შორის, „ინტერმა“ ორჯერ მიიღო პენალტის დარტყმის უფლება, მაგრამ ორჯერვე VAR-ის ჩარევით გაუქმდა. მილანური გრანდი 2010 წლის შემდეგ პირველად ითამაშებს ევროტურნირის ნახევარფინალში. რა მოხდა 2010 წელს? ჟოზე მოურინიოს „ნერაძურიმ“ ჩემპიონთა ლიგა მოიგო...

დღეს დანარჩენი ორი მეოთხედფინალური მატჩი გაიმართება და შესაბამისად ნახევარფინალები დაკომპლექტდება. „ინტერი“ „შახტარი“ – „ბაზელის“, „მანჩესტერი“ კი „სევილია“ – „ვულვზის“ წყვილში გამარჯვებულს ელოდება.

„ინტერი“ – „ლევერკუზენი“ 2:1 (2:1)

გოლები: 1:0 ბარელა (15), 2:0 ლუკაკუ (21), 2:1 ჰავერტცი (25)

„მანჩესტერი“ - „კოპენჰაგენი“ 1:0 დ.დ (0:0)

გოლი: 1:0 ბრუნო ფერნანდეში (95, პენ)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115187