ფეხბურთი

17:10 | 10.08.2020 | ნანახია [] - ჯერ

შალამბერიძე: "აპოლონი" გამოცდილია, მაგრამ ერთ თამაშში ყველაფერი შესაძლებელია"

თბილისის "საბურთალოს" მთავარმა მწვრთნელმა თემურ შალამბერიძემ ევროპა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა შეაფასა. ქართველი სპეციალისტის განცხადებით, "აპოლონი" გამოცდილი კლუბია, მაგრამ ერთ თამაშში ყველაფერი შეიძლება მოხდეს და მისი გუნდი კონცენტრირებული უნდა იყოს.

”კვიპროსის “აპოლონი” ტრადიციული და გამოცდილი კლუბია, რომელიც სისტემატურად თამაშობს ევროტურნირებზე. ამ დროისთვის რა ინფორმაციაც მოვიძიე, არის ის, რომ მეტოქე კლუბში 16 ლეგიონერი ირიცხება. კვიპროსში სეზონი მიმდინარეობდა, თუმცა კორონავირუსის გამო შეწყდა. გუნდებიც იმ პოზიციით გავიდნენ ევროტურნირებზე, რა ადგილიც იმ დროისთვის ეკავათ. “აპოლონი” მეოთხეზე იყო.

მართალია, ახალი სეზონი კვიპროსში 22 აგვისტოს იწყება, თუმცა მოწინააღმდეგე სისტემატურად თამაშობს ამხანაგურ მატჩებს. თვალი რომ გადავავლოთ შეხვედრებს, ვნახავთ, რომ 6 მატჩიდან პირველი თამაში წააგეს, შემდეგ კი ყველა მატჩი გამარჯვებით დაასრულეს. რა თქმა უნდა, რთულ მეტოქესთან გვაქვს საქმე, ამავადროულად სტუმრად გვიწევს თამაში, თუმცა ჩემი ფეხბურთელების მეიმედება. ბოლომდე ვიბრძოლებთ, დანარჩენს კი თამაში დაგვანახებს. გადაულახავი ბარიერი არ არსებობს. ერთ შეხვედრაში ყველაფერი შეიძლება მოხდეს. ვინც უკეთ მოემზადება, ის გაიმარჯვებს. მაქსიმალურად კონცენტრირებულები უნდა ვიყოთ.

თუმცა, ევროპა ლიგამდე ჩვენი მთავარი საზრუნავი ეროვნულ ჩემპიონატში ორი უახლოესი მატჩია. სამშაბათს “სამტრედიას” ვეთამაშებით, შემდეგ კი “ჩიხურას”. ამ თამაშების შემდეგ, უკვე სრულად ევროტურნირებზე გადავერთვებით”, – ციტირებს შალამბერიძის სიტყვებს "საბურთალოს" ვებგვერდი.

შეგახსენებთ, რომ "აპოლონისა" და "საბურთალოს" მატჩი 27 აგვისტოს, კვიპროსში გაიმართება.

0.116496