ავტოსპორტი

4:17 | 8.08.2020 | ნანახია [] - ჯერ

რეისინგ პოინტი დაჯარიმდა და ქულები ჩამოეწერა

ფორმულა 1-ის სტიუარდთა გადაწყვეტილებით, „რეისინგ პოინტი“ 400 000 ევროთი დაჯარიმდა და გუნდს კონსტრუქტორთა ჩემპიონატში 15 ქულა ჩამოეწერა. სტიუარდებმა ასეთი გადაწყვეტილება, „რენოს“ საჩივრის განხილვის შემდეგ მიიღეს, რომელიც ირწმუნება, რომ „რეისინგ პოინტის“ მანქანა ტექნიკურ რეგლამენტს არ შეესაბამება.

უკვე სამი რბოლაა, რაც „რენო“ ირწმუნება, რომ სამუხრუჭე ჰაერსადინარები, რომლებსაც „რეისინგ პოინტი“ იყენებს, არის ამ გუნდის ძრავებით მომმარაგებელი „მერსედესის“ შარშანდელი მანქანის იმავე ნაწილის ასლი. გარეგნული (და არამარტო) მსგავსების გამო, „რეისინგ პოინტს“ ხშირად „ვარდისფერ მერსედესად“ მოიხსენიებენ.

„რეისინგ პოინტის“ პილოტებს - კანადელ ლანს სტროლს და მექსიკელ სერხიო პერესს, პირად ჩათვლაში ქულები შეუნარჩუნდებათ. მაგრამ გუნდი წართმეული ქულების გამო, კონსტრუქტირთა ჩემპიონატზე, მეხუთე ადგილიდან მეცხრეზე გადაინაცვლებს.

ასეთი მკაცრი გადაწყვეტილების მიუხედავად, შეფი ოტმარ შაფნაუერი კმაყოფილია: „მთავარი ისაა, რომ მანქანა სრულიად ლეგალურია და ყველაფერი სპორტული რეგლამენტის შესაბამისად მოხდა“. გუნდის მფლობელ ლოურენს სტროლს ჯერ გადაწყვეტილი არ აქვს, გაასაჩივროს თუ არა ეს ვერდიქტი.

სტიუარდების განმარტებით, ჯარიმა და ქულების დაკლება საკმარისი სასჯელია და რომ გუნდს მანქანის გადაკეთება არ მოუწევს. ამასთან, მათ განაცხადეს, რომ გუნდმა სპორტული რეგლამენტი დაარღვია და არა ტექნიკური, რის გამოც, მისი სრული დისკვალიფიკაცია არც განხილულა.

FIA-ს (საერთაშორისო საავტომობილო ფედერაცია) ღიაბორბლიანი სარბოლო ავტომობილების ხელმძღვანელი ნიკოლას ტომბაზისი ამბობს, რომ ფედერაცია ცალკეული კომპონენტების კოპირებას არ კრძალავს, თუმცა არც ის სურს, რომ ერთი მანქანა მეორის სრული ასლი იყოს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116221