სხვა

10:23 | 4.08.2020 | ნანახია [] - ჯერ

კრის ფრუმი ტურისთვის „სწორი ტრაექტორიაზეა“

ტურ დე ფრანსის ოთხგზის ჩემპიონი, ბრიტანელი კრის ფრუმი დარწმუნებულია, რომ წლევანდელი რბოლისთვის „სწორი ტრაექტორიით“ ემზადება, რაც გამარჯვებისთვის ბრძოლის საშუალებას მისცემს. ფრუმი ფრანგულ ტურზე წელს გუნდ „ინეოსთან“ ერთად უკანასკნელად იასპარეზებს, რადგან მომავალი სეზონიდან „ისრაელ სტარტ-აპ ნეიშენის“ წევრი გახდება.

„ინეოსს“ წელს ტურზე მისი სამი ჩემპიონი ეყოლება. ფრუმთან ერთად, გუნდის ფავორიტები კოლუმბიელი ეგან ბერნალი და უელსელი გერეინ თომასი იქნებიან. და გუნდს ჯერ გადაწყვეტილი არ აქვს, ვინ უნდა აარჩიოს ლიდერად, რომლისთვისაც მთელი გუნდი გაირჯება.

„ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ ტურ დე ფრანსთან დაკავშირებით, სწორ ტრაექტორიაზე ვარ. სამუშაო ჯერაც ბევრია, მაგრამ ტურისთვის მზადებისას ყოველთვის ასეა“, - გამოცემა „საიკლინგნიუსთან“ საუბრისას განაცხადა ფრუმმა, ვინც პანდემიური წყვეტის შემდეგ პირველად, საფრანგეთის „რუტ ოქსიტენის“ სამდღიან რბოლაში მონაწილეობს.

ფრუმმა შარშან ივნისში მომხდარი ინციდენტისას, მძიმე ტრავმები მიიღო და მას შემდეგ პირველად ასპარეზობს. „რუტ ოქსიტენის“ რბოლის პირველ ორ დღეს, რომელთა მარშრუტები სწორ გზებზე გადიოდა, ფრუმი მოწინავეთა შორის არ გამოჩენილა. მაგრამ ის ამბობს, რომ რბოლაში მონაწილეობითაც კმაყოფილია, რადგან ფეხებს ავარჯიშებს და სხვა თუ არაფერი, რბოლას დაუბრუნდა.

„არაერთი თვე ვემზადებოდი და ამ რბოლაში მონაწილეობით, ძალიან კმაყოფილი ვარ. ფეხები კარგად მუშაობენ. რა ტქმა უნდა, სიცხეს თუ არ ჩავთვლით, ეს ეტაპები არ იყო გამოწვევა, მაგრამ ჩემთვისაც გასაკვირად, ბორბლებს იოლად ვატრიალებ“, - ყვება ფრუმი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112876