სხვა

14:47 | 2.08.2020 | ნანახია [] - ჯერ

ტოჩინოშინმა ივლისის ბაშო ზედიზედ 4 მოგებით დაასრულა - იმპერატორის თასს ტერენოფუჯი დაეუფლა (+VIDEO)

ივლისის ბაშო მოგებით დაასრულა ლევან გორგაძემ. ტოჩინოშინს ტურნირზე 10 მოგების საპირისპიროდ 5 მარცხი დაუგროვდა, რაც იმას ნიშნავს რომ რეიტინგში აუცილებლად დაწინაურდება.

რაც შეეხება უშუალოდ დღევანდელ შეხვედრას - ქართველი სუმოისტის ბოლო მეტოქე მე-15 მაეგაშირა კოტოშოჰო იყო, რომელსაც ჩვენებური პირველად შეხვდა და ურთიერთშეხვედრებში მოგება-წაგების ბალანსი თავის სასიკეთოთ გახსნა.

ლევანმა 20 წლის იაპონელს მარტივად, ჰატაკიკომის ილეთით სძლია და ზაფხულის სუპერტურნირი ზედიზედ მეოთხე გამარჯვებით დაასრულა.

აღსანიშნავია ისიც, რომ ტოჩინოშინმა ასეთი შედეგი გასული წლის მაისის ტურნირის შემდგომ პირველად დააფიქსირა.

იმპერატორის თასი 13:2-ზე ბალანსით ტერენოფუჯიმ მოიპოვა. გადამწყვეტ შეხვედრაში 28 წლის მონღოლი მიტაკეუმს დაუპირისპირდა და იორიკირის ილეთით მოიგო.

აქვე გეტყვით, რომ ტერენოფუჯიმ მაკუუჩი დივიზიონში დაბრუნების შემდგომ იმპერატორის თასი პირველივე მცდელობით მოიპოვა. კარიერაში კი ეს მისი მეორე იმპერატორის თასია.

ტერენოფუჯიმ ივლისის ბაშოზე მხოლოდ ტაკაიასუს და შოდაის ვერ აჯობა, რომლებთანაც იორიკირით დამარცხდა.

0.155598