ავტოსპორტი

4:32 | 2.08.2020 | ნანახია [] - ჯერ

ალონსომ აშშ-ში შესვლის და ინდი 500-ზე გამოსვლის უფლება მიიღო

ფორმულა 1-ის ორგზის მსოფლიო ჩემპიონი ფერნანდო ალონსოს, ინდი 500-ზე ასპარეზობის საშუალება მიეცა. ეს კი მას შემდეგ გადაწყდა, რაც აშშ-ში შესვლის პრობლემა მოგვარდა. როგორც „მაკლარენის“ შეფმა ზეკ ბრაუნმა განაცხადა, ესპანელი მრბოლი ამერიკაში მომავალ კვირაში გაემგზავრება.

ალონსომ წინა თვეში განაცხადა, რომ ამერიკაში შესვლათან დაკავშირებით, პრობლემები შეექმნა. თუმცა როგორც ბრაუნი ამბობს, ვიზასთან დაკავშირებული ქაოსის მიუხედავად, ეს პრობლემა მოგვარდა. ალონსოს თქმით, მიმდინარე სეზონში მისი პრიორიტეტი, ინდი 500-ზე მონაწილეობაა.

ესპანელი მრბოლი მომავალი სეზონიდან ფორმულა 1-ს დაუბრუნდება, სადაც „რენოს“ მანქანით იასპარეზებს. აგვისტოში ის ინდიანაპოლისის დიდ რბოლაში მიიღებს მონაწილეობას, სადაც მიზანი გამარჯვება იქნება. მოგების შემთხვევაში, ის გახდება მეორე ავტომრბოლი, ვისაც ლე მანის 24-საათიანი რბოლა, ინდი 500 და მონაკოს დიდი პრიზი აქვს მოგებული. ამჟამად ასეთი მიღწევა მხოლოდ ფ1-ის ორგზის ჩემპიონს, გრემ ჰილს აქვს.

ალონსო 2017 წლის ინდი 500-ს 27 წრის განმავლობაში ლიდერობდა და მოგების რეალური შანსიც ჰქონდა, მაგრამ „ჰონდას“ ძრავმა უმტყუნა. ესპანელმა შარშან ამავე რბოლის საკვალიფიკაციო ეტაპის გავლაც კი ვერ შეძლო.

როგორც წესი, ინდი 500 მაისის ბოლო უქმეებზე ტარდება ხოლმე, მაგრამ კორონავირუსის ეპიდემიის გამო, წელს აგვისტოში გადმოიტანეს. რბოლა 23 აგვისტოს ჩატარდება.

0.113095