სხვა

3:46 | 2.08.2020 | ნანახია [] - ჯერ

ველოსპორტის სეზონი ბელგიელი ვან აერტის გამარჯვებით განახლდა

ხუთთვიანი პაუზის შემდეგ, საგზაო ველოსპორტის სეზონი სტრადე ბიანკეს ერთდღიანი რბოლით განახლდა, რომელიც „ჯუმბო-ვისმას“ ბელგიელმა ვოუტ ვან აერტმა მოიგო (ფოტოზე).

ვან აერტს წინა ორ სეზონში, ეს 184-კილომეტრიანი რბოლა მესამე ადგილზე ჰქონდა დამთავრებული. მან გადამწყვეტი ეულად შეტევა მაშინ დაიწყო, როცა ფინიშამდე 13 კილომეტრი იყო დარჩენილი. სიენას პიაცა დელ კამპოზე მოწყობილ ფინიშთან, 25 წლის ბელგიელმა 30 წამით მიასწრო იტალიელ დავიდე ფორმოლოს (ემირატსი). მესამე ადგილი კი გერმანელმა მაქსიმილიან შახმანმა (ბორა-ჰანსგრო) დაიკავა.

„ძალიან რთული დღე იყო. სიცხე ძალას გვაცლიდა, მაგრამ მთელი ყურადღება სითხის მიღებაზე მქონდა გადატანილი და ამან ძალა შემინარჩუნა. ეს რბოლა ორი წლის წინ ძალიან შემიყვარდა და მასზე გამარჯვება ჩემი მიზანი იყო. 25 წლის ვარ და ამ მიზანს უკვე მივაღწიე, რითაც ძალიან ბედნიერი ვარ“, - ნარბოლევს განაცხადა ვან აერტმა.

ქალთა რბოლა საგზაო რბოლებში მსოფლიოს ჩემპიონის, ჰოლანდიელი ანემიკ ვან ვლუიტენის (მიტჩელტონ-სკოტი) გამარჯვებით დასრულდა. 37 მრბოლმა სიენაში ზედიზედ მეორედ მოიგო. ფინიშამდე 45 კილომეტრი რჩებოდა, როცა შეტევა ესპანელმა მარგარიტა ვიქტორია გარსიამ (ალე BTC ლიუბლიანა) დაიწყო. ვან ვლუიტენი მას ფინიშამდე რამდენიმე ასეული მეტრით ადრე, ვია სანტა კატერინაზე დაეწია და წინ აღარც გაუშვა.

სექტემბერში, მსოფლიო ჩემპიონის ტიტულის მოპოვების შემდეგ, ვან ვლუიტენს ყველა რბოლა აქვს მოგებული, რომელთა სტარტზეც გამოვიდა. სიენაში მოპოვებული გამარჯვება ზედიზედ მეექვსეა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110558