ავტოსპორტი

2:28 | 1.08.2020 | ნანახია [] - ჯერ

ინფიცირებულ პერესს ჰულკენბერგი შეცვლის

ბრიტანეთის დიდ პრიზზე, კორონავირუსით ინფიცირებულ მექსიკელ სერხიო პერესს, გერმანელი ნიკო ჰულკენბერგი შეცვლის. 32 წლის პილოტისთვის ეს მოულოდნლი შესაძლებლობაა მას შემდეგ, რაც მან „რენოში“ გასული სეზონის ბოლოს, ადგილი დაკარგა.

ჰულკენბერგს „რეისინგ პოინტში“ ხუთი სეზონი აქვს გატარებული და ამ გუნდს, რომელიც ადრე „ფორს ინდიას“ სახელით ასპარეზობდა, კარგად იცნობს. 2011 წელს ის სარეზერვო პილოტი იყო, მომდევნო სეზონში კი „ფორს ინდიას“ საპრიზო პილოტი გახდა. 2013 წელს „ზაუბერში“ გაატარა, 2014-16 წლებში კი ისევ „ფორს ინდიას“ მანქანით ასპარეზობდა.

„სერხიოს შემცვლელის სწრაფად მოძებნა იოლი საქმე არაა. მაგრამ ნიკოს სახით, ჩვენ შესანიშნავი შესაძლებლობა მივიღეთ. მას ჩვენი გუნდი კარგად იცნობს. რა თქმა უნდა, იმ დროში, რაც ის აქ არ იყო, ბევრი რამ შეიცვალა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, მალე ყველაფერს ალღოს სწრაფად აუღებს“, - ამბობს „რეისინგ პოინტის“ შეფი ოტმარ შაფნაუერი.

ჰულკენბერგმა განაცხადა, რომ ნურბურგრინგზე მიემგზავრებოდა, სადაც ახალ სარბოლო პროექტში მონაწილეობას გეგმავდა. და გზაში შაფნაუერმა დაურეკა. „ჯერ 24 საათიც არ გასულა. რაღაც არარეალურს ჰგავს. მაგრამ მიყვარს გამოწვევები და ეს ერთ-ერთი ასეთი გამოწვევაა. ჩეკო რთულ სიტუაციაში აღმოჩნდა. ის ჩემი მეგობარია, ჩემი ძველი თანაგუნდელი და მინდა, სწრაფი გამოჯანმრთელება ვუსურვო“, - ამბობს ჰულკენბერგი.

0.127343