ჩოგბურთი

4:16 | 29.07.2020 | ნანახია [] - ჯერ

WTA-მ ტოკიოს ტურნირი გააუქმა

ქალ ჩოგბურთელთა ასოციაციამ (WTA) გამოაცხადა, რომ ახალი კორონავირუსის პანდემიის გამო, ტოკიოს პრესტიჟული ტურნირი გააუქმა, რომელიც პან პასიფიკის ღია პირველობის სახელით არის ცნობილი.

სულ რამდენიმე დღის წინ, ATP-მ და WTA-მ ყველა ის ტურნირი გააუქმეს, რომლებიც წელს ჩინეთში უნდა ჩატარებულიყო. ამის მიზეზი ის გარემოება გახდა, რომ პანდემიის გამო, ჩინეთის ხელისუფლებამ ყველა საერთაშორისო სპორტული ტურნირი აკრძალა.

„ტურნირის აღმასრულებელი კომიტეტი და WTA ყველა ვარიანტს განიხილავდნენ, მათ შორის, შეხვედრების მაყურებლის გარეშე ჩატარებას. მაგრამ საბოლოოდ, მეტად რთული გადაწყვეტილება მივიღეთ და ტურნირი გავაუქმეთ, რადგან ეს საზოგადოების ჯანმრთელობისთვის საუკეთესო ვარიანტი იყო. მითუმეტეს მაშინ, როცა იაპონიაში პანდემიის მეორე ტალღის საშიშროება არსებობს“, - ნათქვამია ტურნირის ორგანიზატორთა განცხადებაში.

იაპონიამ ვირუსის მასობრივად გავრცელება თავიდან აირიდა, მაგრამ ბოლო კვირაში ტოკიოში ინფიცირების ახალი შემთხვევების დაფიქსირებამ, ეპიდემიის მეორე ტალღის შიში გაზარდა.

პან პასიფიკის ღია 1984 წლიდან მოყოლებული, ყოველწლიურად ტარდება. როგორც წესი, ის სექტემბერში იმართება ხოლმე, მაგრამ პანდემიის გამო, ნოემბერში იყო გადატანილი. ახლა კი საბოლოოდ გაუქმდა.

ამგვარად, WTA-ს კალენდარში ერთადერთი აზიური ტურნირი დარჩა - კორეის ღია პირველობა, რომელიც სეულში ტარდება. ქალთა საჩოგბურთო სეზონი პალერმოს ღია პირველობით განახლდება და ის ორშაბათს აიღებს სტარტს.

0.160769