ფეხბურთი

2:43 | 21.07.2020 | ნანახია [] - ჯერ

მხოლოდ სახელი და წარსული: "დეპორტივო" სეგუნდა დივიზიონიდან გავარდა

ლა კორუნიის „დეპორტივო“ სეგუნდა B დივიზიონში გავარდა - რანგით მესამე ლიგაში... სეგუნდა დივიზიონის ბოლო ტურში „დეპორის“ მატჩი „ფუენლაბრადასთან“ მეტოქის ბანაკში კორონავირუსის გამოვლენის გამო გადაიდო, მაგრამ გალისიური კლუბი მაინც გავარდა.

„დეპორტივოს“ ყველა კონკურენტმა ("ლუგო" და "ალბასეტე") ვისაც ლიგაში ადგილის შენარჩუნებაში ეცილებოდა, მოიგო და შესაბამისად თეთრ-ლურჯები დაქვეითდნენ. ისიც აღსანიშნავია, რომ "პოფნერადინას" მხოლოდ 3 ქულით მეტი აქვს და გალისიელები თუ გადადებულ მატჩს მოიგებენ, ქულებით გაუტოლდებიან, მაგრამ ურთიერთშეხვედრებში უარესი შედეგის გამო (0:2, 2:1) თეთრ-ლურჯები "პონფერადინას" ვეღარ აჯობებენ.

„დეპორტივო“ მეორე ესპანური გუნდია, რომელსაც ქვეყნის ჩემპიონის ტიტული აქვს მოგებული და მესამე დივიზიონში ითამაშებს. პირველი სევილიის „ბეტისი“ იყო შორეულ წარსულში (1947 წელს). „დეპორს“ აქამდე ორჯერ უთამაშია ესპანეთის რანგით მესამე ლიგაში: 1974-1975 და 1980-1981 წლებში.

არადა, ზუსტად 20 წლის წინ „დეპორტივოში“ სრულიად განსხვავებული ატმოსფერო იყო და ესპანეთის ჩემპიონი გახდა (2000 წელს). გალისიელებს ესპანეთის ჩემპიონატი ერთხელ, თასი ორჯერ, ხოლო სუპერთასი სამჯერ აქვთ მოგებული. ყველა ეს ტიტული "დეპორმა" XX საუკუნის მიწურულსა და XXI საუკუნის დასაწყისში მოიგო, როდესაც ოქროს ხანა ედგა და არამარტო ესპანეთში, არამედ ევროპაშიც საშიში გუნდი იყო.

მის გარდა სეგუნდადან „ნუმანსია“, „ექსტრემადურა“ და „რასინგი“ გავარდნენ. ლა ლიგის საგზური „უესკამ“ და „კადისმა“ მოიპოვეს, ხოლო მესამე სანუკვარი საგზურის მფლობელს პლეი-ოფი გამოავლენს, რომელშიც „სარაგოსა“, „ალმერია“, „ჟირონა“ და „ელჩე“ (ან „ფუენლაბრადა“) ითამაშებენ.

0.110984