ფეხბურთი

3:22 | 20.07.2020 | ნანახია [] - ჯერ

"ინტერმა" ნაბიჯი ისევ უკან გადადგა

იტალიის სერია A-ს XXXIV ტურის გამორჩეული დაპირისპირება რომის ოლიმპიურ სტადიონზე შედგა. „ინტერს“ „იუვენტუსის“ უფერული ასპარეზობის ფონზე სკუდეტოს მოგების იმედი გაუჩნდა და წინა ტურში ჩამორჩენა 6 ქულამდე შეამცირა.

ახლა ეს სხვაობა 5 ქულაა, მაგრამ ანტონიო კონტეს გუნდს თამაშით მეტი აქვს ჩატარებული და ამიტომ, დიდი იმედით აღარ უნდა შეჰყურებდეს სეზონის დარჩენილ ნაწილს. „ნერაძური“ „რომასთან“ სტეფან დე ვრეის სწრაფი გოლით კი დაწინაურდა, მაგრამ მერე ქულის გადასარჩენად მოუწია გარჯა. ჯერ ლეონარდო სპინაცოლამ გაათანაბრა, ხოლო მეორე ტაიმში ჰენრიხ მხითარიანმა „ჯალოროსი“ წინ გაიყვანა. ბოლოსკენ რომელუ ლუკაკუმ ვიქტორ მოზესის მოპოვებული პენალტით გაათანაბრა. „ინტერი“ მეორე ადგილზეა და „იუვენტუსს“ ქულით ჩამორჩება, ტურინელები ამ ტურის მატჩს ორშაბათს გამართავენ.

„ნაპოლი“ აგრძელებს ევროპა ლიგის ზონაში მოსახვედრად ბრძოლას და „უდინეზესთან“ მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა. ჯენარო გატუზოს გუნდი აგებდა, მაგრამ არკადიუშ მილიკისა და მატეო პოლიტანოს გოლებით გამარჯვება მაინც მოახერხა.

კვირას აუტსაიდერთა დაპირისპირებები იქცევდა განსაკუთრებულ ყურადღებას. მაგალითად „ბრეშა“ – „სპალი“. სტუმრები იგებდნენ, მაგრამ ლომბარდიელებმა ჟმრალის დუბლით იმარჯვეს და ელიტაში დარჩენის მიზერული შანსი შეინარჩუნეს. აი, „სპალის“ სამწლიანი თავგადასალი სერია A-ში დასრულებულია, ლუიჯი დი ბიაჯოს გუნდი ოფიციალურად გავარდა.

„ჯენოამ“ კი დიდი ნაბიჯი გადადგა დარჩენისკენ, რადგან შინ „ლეჩეს“ მძიმე ბრძოლაში 2:1 მოუგო და გასავარდნ ზონას, რომელსაც სწორედ „ლეჩე“ ხსნის, 4 ქულით სჯაბნის. თუ „ჯენოას“ ჯერ კიდევ მოუწევს ნერვიულობა და თავი ქუდში არ აქვს, სამაგიეროდ, „სამპდორიამ“ ბოლო დროს ჩინებული ასპარეზობის ფონზე დარჩენის საკითხი გადაწყვიტა. კლაუდიო რანიერის გუნდმა მორიგი გამარჯვება „პარმაში“ მოიპოვა, სადაც პირველი ტაიმი 0:2 წააგო, მაგრამ შესვენების შემდეგ დიდებულად ითამაშა და 3:2 თავად გამოვიდა გამარჯვებული.

საბოლოოდ ამოისუნთქა „ფიორენტინამ“, რომელმაც ფლორენციაში „ტორინო“ დამაჯერებლად დაამარცხა (2:0) და გავარდნა ნამდვილად აღარ დაემუქრება. ტურინელთა მდგომარეობა ოდნავ საგანგაშოა, თუმცა „ლეჩესთან“ 8-ქულიანი ჰანდიკაპი მაინც აქვს.

34-ე ტური ორშაბათს, ცენტრალური მატჩით დასრულდება. ტურინში, „იუვენტუსი“ რომის „ლაციოს“ დაუხვდება და წესით ამ თამაშის შედეგმა ბევრ კითხვას პასუხი უნდა გასცეს.

„პარმა“ – „სამპდორია“ 2:3 (2:0)

გოლები: 1:0 ჟერვინიო (18), 2:0 ბერეშინსკი (40, ა.გ), 2:1 შაბო (48), 2:2 კუალიარელა (69), 2:3 ბონაცოლი (78)

„ბრეშა“ – „სპალი“ 2:1 (0:1)

გოლები: 0:1 დაბო (42), 1:1 ჟმრალი (69), 2:1 ჟმრალი (90)

„ფიორენტინა“ – „ტორინო“ 2:0 (1:0)

გოლები: 1:0 ლიანკო (2, ა.გ), 2:0 კუტრონე (75)

„ჯენოა“ – „ლეჩე“ 2:1 (1:0)

გოლები: 1:0 სანაბრია (7), 1:1 მანკოსუ (60), 2:1 გაბრიელი (81, ა.გ)

„ნაპოლი“ – „უდინეზე“ 2:1 (1:1)

გოლები: 0:1 დე პაული (22), 1:1 მილიკი (31), 2:1 პოლიტანო (90)

„რომა“ – „ინტერი“ 2:2 (1:1)

გოლები: 0:1 დე ვრეი (15), 1:1 სპინაცოლა (45), 2:1 მხითარიანი (57), 2:2 ლუკაკუ (88, პენ)

თეგებისერია A
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.122587