სტატია

0:17 | 19.07.2020 | ნანახია [] - ჯერ

მედია „რეალის“ ჩემპიონობის შესახებ

ამ დილიდან ესპანური მედია მხოლოდ ერთზე წერს: „რეალი“ 34-ჯერ გახდა ქვეყნის ჩემპიონი. პრიმერას დამთავრებამდე ერთი ტურით ადრე. მეორე „ბარსელონაა“, რომელიც პანდემიის პაუზამდე ქულა-ქულაში მიჰყვებოდა „სამეფო კლუბს,“ ნაპაუზევს კი ქულების დარიგება დაიწყო. ბოლოს მათ „ოსასუნასთან“ 1:2 წააგეს და მესის „ამოასხა“:

„რეალმა“ თავისი საქმე გააკეთა. ჩემპიონატის განახლების შემდეგ, მათ ქულები აღარ დაუკარგავთ. ჩვენც შეგვეძლო პირველობა, მაგრამ ვკარგავდით ქულებს იქ, სადაც უნდა გაგვემარჯვა.

ახლა ყველაფრის გაანალიზებაა საჭირო და ეს საკუთარი თავებიდან უნდა დავიწყოთ. ჩვენ „ბარსელონა“ ვართ და ყოველი თამაშის მოგება უნდა შეგვეძლოს.

ქომაგები მოთმინებას კარგავენ, რადგან ვერაფერს ვაძლევთ. თუ ჩემპიონთა ლიგაზე წარმატებით თამაში გვინდა, ბევრი რამ უნდა შევცვალოთ. თუ ასე გავაგრძებეთ, მაშინ არაფერი გამოგვივა და „ნაპოლისაც“ ვერ გავივლით.“ - ციტირებს მესის სიტყვებს Mundo Deportivo.

ბოლოს მესიმ ბოდიში მოუხადა გულშემატკივრებს.

„უკეთესი, რაც წლევანდელ პრიმერაზე შეიძლება ითქვას, როგორც იქნა, დამთავრდა.“ - წერს გამოცემა Sport.

გამოცემა აღნიშნავს, რომ „რეალი“ ჩემპიონი მსაჯების და „ბარსელონას“ შეცდომების წყალობით გახდა.

„საქმე ვიდეოარბიტრს ეხება. „რეალმა“ ბოლოსწინა ტურში ისე გაიმარჯვა, რომელშიც მთავარი გმირი VAR იყო. ბევრ შეხვედრებში მადრიდელი ფეხბურთელები, განსაკუთრებით მეორე ტაიმებში, ხშირად იღებდნენ VAR-ისგან სათავისო გადაწყვეტილებებს, რაც უამრავ კითხვებს აჩენდა.

არა ერთი მეტოქე დაზარალდა ამისგან: „ეიბარი,“ „ვალენსია,“ „რეალ სოსიედადი,“ „მალიორკა,“ „ხეტაფე,“ „ალავესი“ და „ვილიარეალი.“ ასე რომ, „რეალის“ ტიტული ცოტა საეჭვოა.“

სხვაგვარი პოზიცია აქვს Marca-ს: „პანდემიამ „რეალის“ 34-ე ჩემპიონობა აბსოლუტურად განსაკუთრებული გახადა. მათ დაამტკიცეს, რომ სოლიდარობა, თავგანწირვა და გუნდური სულია ჩემპიონობის საწინდარი.

ზიდანს ერთობ რთული პრობლემის გადაწყვეტა მოუხდა. ფეხბურთელებს საკუთარი თავის აღარ სჯეროდათ. არასტაბილურმა დასაწყისმა ლიდერების: კურტუას, მარსელოს, მოდრიჩის, კროოსისა და ბეილის ვარგისიანობა ეჭვქვეშ დააყენა. მაგრამ ფრანგმა სპეციალისტმა შეძლო და ყველაფერი მალევე დაალაგა.

AS: „11 ტიტული, ეს ყვავილები კი არა, მთელი ფლორა და ფაუნაა. ზიდაანმა გაიარა გზა მადრიდიდან ზეცამდე, მინდვრიდან მწვრთნელის სკამამდე. ის ლეგენდაა კვადრატში.“

0.140231