ავტოსპორტი

19:13 | 18.07.2020 | ნანახია [] - ჯერ

ჰამილტონმა უნგრეთში კვალიფიკაცია რეკორდული დროით მოიგო

მსოფლიოს ექვსგზის ჩემპიონმა ლუის ჰამილტონმა უნგრეთის დიდი პრიზის საკვალიფიკაციო რბოლა რეკორდული დროით მოიგო. ეს მის მიერ კარიერაში მოპოვებული 90-ე პოულ პოზიციაა. „მერსედესის“ პილოტმა დაახლოებით წამით გააუმჯობესა ტრასის საკვალიფიკაციო რეკორდი, რომელიც შარშან მაქს ფერსტაპენმა დააფიქსირა.

ჰამილტონს დიდი შანსი აქვს, უნგრული დიდი პრიზი მერვედ მოიგოს და ამით, მიხაელ შუმახერის უნგრულ მონაგარს გადაასწრებს. საინტერესოა ისიც, რომ ერთი და იგივე დიდი პრიზი რვაჯერ ჯერჯერობით მხოლოდ შუმახერს აქვს მოგებული, რომელმაც ეს საფრანგეთში შეძლო.

ჰამილტონმა კვალიფიკაციის მესამე ნაწილში, პირველივე ცდაზე შეძლო რეკორდული დროის დაფიქსირება, მეორე ცდაზე კი მას დაახლოებით 0.2 წამი მოაკლო. რომ არა დროის გაუმჯობესება, პოული ვალტერი ბოტასს დარჩებოდა, რომელიც საბოლოოდ, ტიტულოვან თანაგუნდელს მხოლოდ 0.1 წამით ჩამორჩა.

მეორე რიგში ორივე ადგილი „რეისინგ პოინტის“ პილოტებმა დაისაკუთრეს. მათგან უკეთესი ლანს სტროლი იყო. სერხიო პერესს პირველი ცდა არ ჩაეთვალა, რადგან მეოთხე მოსახვევში, ტრასის ლიმიტი დაარღვია. მექსიკელმა ნარბოლევს განაცხადა, რომ საკვალიფიკაციო რბოლისას, თავბრუსხვევა აწუხებდა.

მესამე რიგი „ფერარის“ პილოტებისაა. და მხოლოდ მე-7 ადგილს დასჯერდა ფერსტაპენი. არადა მოსალოდნელი იყო, რომ უნგრეთში ის და „რედ ბული“ სამქიმიანებს კონკურენციას გაუწევდნენ.

წინსვლა აქვს „უილიამსს“ - მისმა ორივე პილოტმა კვალიფიკაციის მეორე ნაწილში ასპარეზობის უფლება მოიპოვა. ამასთან, იყო მომენტი, როცა ჯორჯ რასელს მესამე საუკეთესო დრო ჰქონდა. საბოლოოდ ის მე-12 დროს დასჯერდა.

უნგრეთის დიდი პრიზი

კვალიფიკაცია

  1. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი) 1:13.447
  2. ვალტერი ბოტასი (ფინეთი, მერსედესი) +0.107
  3. ლანს სტროლი (კანადა, რეისინგ პოინტი) 0.930
  4. სერხიო პერესი (მექსიკა, რეისინგ პოინტი) 1.098
  5. სებასტიან ფეტელი (გერმანია, ფერარი) 1.327
  6. შარლ ლეკლერი (მონაკო, ფერარი) 1.370
  7. მაქს ფერსტაპენი (ჰოლანდია, რედ ბული) 1.402
  8. ლანდო ნორისი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 1.519
  9. კარლოს საინსი (ესპანეთი, მაკლარენი) 1.580
  10. პიერ გასლი (საფრანგეთი, ალფატაური) დროის გარეშე
  11. დანიელ რიკარდო (ავსტრალია, რენო) 2.214
  12. ჯორჯ რასელი (ბრიტანეთი, უილიამსი) 2.251
  13. ალექს ალბონი (ტაილანდი, რედ ბული) 2.268
  14. ესტებან ოკონი (საფრანგეთი, რენო) 2.295
  15. ნიკოლას ლატიფი (კანადა, უილიამსი) 3.097
  16. კევინ მაგნუსენი (დანია, ჰაასი) 2.705
  17. დანიილ კვიატი (რუსეთი, ალფატაური) 2.757
  18. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ჰაასი) 2.960
  19. ანტონიო ჯოვინაცი (იტალია, ალფა რომეო) 3.059
  20. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ალფა რომეო) 3.167
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.121398