ავტოსპორტი

2:19 | 16.07.2020 | ნანახია [] - ჯერ

„მერსედესის“ ძრავი „ჰონდასას“ 20 ცხენის ძალით ჯობნის

ინტერნეტ გამოცემა „მოტორსპორტის“ მიმომხილველი ფრანკო ნუნიესი, ფორმულა 1-ის მონაწილე გუნდების ძრავებს ადარებს და ამბობს, რომ „მერსედსის“ აგრეგატის სიმძლავრე, „ჰონდას“ ძრავისას დაახლოებით 20 ცხენის ძალით აღემატება.

გამოცემის ტექნიკურმა ჯგუფმა, ანალიზი იმ მონაცემებზე დაყრდნობით შეასრულა, რომლებიც შტირიის დიდი პრიზის რბოლის დროს, „რედ ბულ“ რინგზე აიღეს. ოღონდ ვერ მოხერხდა „ფერარის“ მონაცემების შეგროვება, რადგან ორივე მანქანა სტარტიდან მალევე გამოეთიშა რბოლას.

დადგინდა, რომ ყველაზე მეტი სიმძლავრე „მერსედესის“ ძრავებს აქვს, რომელთა მაჩვენებელიც ახლოსაა 1000 ცხენის ძალასთან. ამასთან, ორივე მანქანაზე ძრავები მაქსიმალური სიმძლავრით მხოლოდ რბოლის დასაწყისში მუშაობდა, როცა ავზებიც სავსე იყო. შუა რბოლიდან კი ლუის ჰამილტონმაც და ვალტერი ბოტასმაც, ძრავის ნაკლებად აგრესიული რეჟიმი ჩართეს.

ნუნიესი ამბობს, რომ ძრავების სიმძლავრეებს შორის 20-ცხენისძალიანი სხვაობა ბევრი არაა, თუმცა ეს სხვაობა კიდევ უფრო გაიზარდა რბოლის მეორე ნაწილში, როცა „რედ ბულის“ პილოტებს საწვავის დაზოგვაც უწევდათ. არაოფიციალური ინფორმაციით, რბოლის ბოლოს, ჰამილტონის მანქანის ავზში კიდევ რამდენიმე ლიტრი საწვავი იყო დარჩენილი. მაქს ფერსტაპენის „რედ ბულის“ ავზი კი პრაქტიკულად დაცლილი იყო.

რაც შეეხება „რენოს“, მისი ძრავი შარშანდელი ვერსიის იდენტურია. ფრანგულმა კომპანიამ სეზონებს შორის აგრეგატის გამძლეობის გაუმჯობესებაზე გააკეთა აქცენტი. ისე კი, „რენოს“ ძრავი „მერსედესისაზე“ დაახლოებით 35 ცხენის ძალით სუსტია.

0.124375