ჩოგბურთი

23:30 | 15.07.2020 | ნანახია [] - ჯერ

მადრიდიდან ლონდონამდე: მარეის დასამახსოვრებელი 2016 წელი
ATP-მა მარეის შთამბეჭდავი სეზონი გაიხსენა

ენდი მარეიმ კარიერის განმავლობაში 46 ტიტული მოიგო, მათ შორის სამი დიდი სლემის სერიიდან, თუმცა 2016 წელი მისთვის ყველაზე დასამახსოვრებელი აღმოჩნდა - შთამბეჭდავი 6 თვის ასპარეზობის შემდეგ კარიერაში პირველად გახდა მსოფლიოს პირველი ნომერი.

ბრიტანელმა 2016 წლის მაისში მადრიდის მასტერსის ფინალში ნოვაკ ჯოკოვიჩთან წააგო, თუმცა შემდეგ სეზონის ბოლომდე 70 მატჩიდან 65 მოიგო. წლის შემაჯამებელი ტურნირის ფინალში მარეი 12-გზის დიდი სლემის ტიტულის მფლობელ ჯოკოვიჩს დაუპირისპირდა და თუ მოიგებდა სეზონს პირველ ნომრად დაასრულებდა. ლონდონში, ენდის გულშემატკივრები არ აკლდა და საბოლოოდ ნოვაკი 6:3, 6:4 დაამარცხა, პირველი ნომერი გახდა და სეზონი 24-მატჩიანი წაუგებელი სერიით დაასრულა.

მარეიმ მატჩის შემდეგ აღნიშნა, რომ ჯოკოვიჩთან რთული დაპირისპირებები ჰქონია და ბევრი შეხვედრა წაუგია, თუმცა ბედნიერი იყო, რომ გადამწყვეტ მომენტში მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა.

მადრიდის მასტერსის ფინალამდე ენდი ნოვაკს 9,025 ქულით ჩამორჩებოდა, თუმცა ამ დეფიციტის აღმოფხვრა მან მაინც შეძლო. რომის მასტერსის მოგების შემდეგ, ენდი საფრანგეთის ღია ჩემპიონატის ფინალში გავიდა, თუმცა ნოვაკმა მისი დამარცხება შეძლო. გრუნტის საფარის ტურნირების შემდეგ ენდიმ განაცხადა, რომ აღნიშნულ საფარზე კარიერაში საუკეთესო პერიოდი ჰქონდა.

"გასული კვირები გრუნტზე ჩემ კარიერაში საუკეთესო იყო. ვიმედოვნებ, ასევე გავაგრძელებ ბალახზე ასპარეზობას, რომელიც უფრო მოხერხებულია ჩემთვის." - განაცხადა ბალახის საფარზე გასამართ ტურნირებამდე მარეიმ.

მარეი ბალახის საფარზე უფრო დამაჯერებლად ათამაშდა და ზედიზედ 12 თამაში მოიგო და გახდა პირველი, რომელმაც ქუინს ქლაბის ტურნირზე გამარჯვება მეხუთედ იზეიმა. შემდეგ, ბრიტანელმა მეორედ მოიგო უიმბლდონი, დაამარცხა რა მილოშ რაონიჩი და საბოლოოდ ორი ტურნირის მოგების შემდეგ მარეიმ ჯოკოვიჩთან ჩამორჩენა 4,845 ქულამდე ჩამოიყვანა.

"უიმბლდონი ჩემთვის განსაკუთრებული ტურნირია", განაცხადა ფინალის შემდეგ ენდიმ. "კარგი მომენტებიც მქონია ამ ტურნირზე და წამიგია კიდეც. ამაყი ვარ, რომ თასი კვლავ ჩემ ხელშია."

უიმბლდონის შემდეგ მარეიმ რიოს ოლიმპიადა მეორედ მოიგო. პირველად ენდიმ ლონდონში შეძლო ოქროს მედლის მოპოვება. ცინცინატის ტურნირზე ბრიტანელმა ფინალი წააგო და შემდეგ აშშ-ს ღია ჩემპიონატზე მეოთხედფინალში მარცხი განიცადა მომავალ ფინალისტთან, კევინ ანდერსონთან. ფაქტობრივად მსოფლიოს პირველი ნომრის სტატუსისთვის ბრძოლა ენდიმ პეკინში დაიწყო და ზედიზედ ხუთი ტურნირი მოიგო. იმ დროისთვის 29 წლის მარეიმ ათი შეხვედრაში ზედიზედ გაიმარჯვა და პეკინსა და შანხაიში პირველობა არავის დაუთმო. შემდეგ ენდიმ ვენაშიც გაიმარჯვა და კიდევ უფრო მიუახლოვდა ჯოკოვიჩს.

პარიზის მასტერსის ფინალში მარეიმ ჯონ იზნერი დაამარცხა, ზედიზედ მე-19 შეხვედრა მოიგო და ჩამორჩენა კვლავ შეამცირა ნოვაკთან. საბოლოოდ, ლონდონის წლის შემაჯამებელ ტურნირზე ენდიმ ჯგუფში სტან ვავრინკა, კეი ნიშიკორი და მარინ ჩილიჩი დაამარცხა. ნახევარფინალში ბრიტანელმა მილოშ რაონიჩს სძლია, ხოლო გადამწყვეტ შეხვედრაში ნოვაკ ჯოკოვიჩი 6:3, 6:4 დაამარცხა, ქულათა რაოდენობით სერბს გადაასწრო და დასამახსოვრებელი, წარმატებული სვლა პირველი ადგილით დაასრულა.

0.157972