ფეხბურთი

10:23 | 15.07.2020 | ნანახია [] - ჯერ

ქოჩორაშვილი: "ლა ლიგაში თამაში ჩემი ოცნება იყო, მაგრამ ახლა უფრო მეტი უნდა გავაკეთო"

„ლევანტეს“ ქართველმა ფეხბურთელმა გიორგი ქოჩორაშვილმა ესპანეთის ლა ლიგაში დებიუტის შესახებ ისაუბრა. 21 წლის ნახევარმცველის ინტერვიუ კლუბის ვებგვერდმა გამოაქვეყნა და მასში გიორგი ამბობს, ლა ლიგაში თამაში მისი ოცნება იყო, რომელიც აიხდინა.

თუმცა, ისიც კარგად იცის, რომ ეს მხოლოდ პატარა ნაბიჯია დიდი მიზნებისკენ და ამაზე გაჩერებას არ პირებს. ჩვენებური მიიჩნევს, რომ "ლევანტე" განვითარებისთვის ძალიან კარგი გუნდია და ყველაფერს გააკეთებს, რომ დასახულ მიზნებს მიაღწიოს.

„ძალიან ბედნიერი, რადგან „ლევანტეში“ დებიუტი მქონდა. პატარაობიდანვე ჩემი ოცნება იყო ლა ლიგაში თამაში და ეს ავიხდინე, მაგრამ ახლა უფრო მეტი უნდა გავაკეთო.

როდესაც მოედანზე შევდიოდი, იმ მომენტში ვერაფერზე ვფიქრობდი. თამაშის დასრულების შემდეგ დამწუხრებული ვიყავი, რადგან დავმარცხდით. როცა მილოცვები უფროსებისგან, თანაგუნდელებისგან, მეგობრებისგან მივიღე, დავმშვიდდი და ბედნიერი ვიყავი, ვიცი, რომ ჩემი დებიუტით ბევრი ადამიანი ბედნიერი იყო.

თვენახევარი გუნდთან ერთად გავატარე და მოედანზე ყველაფერს ვაკეთებდი. გახურებისას ვიცოდი, რომ თამაშში ჩართვა მომიწევდა და როცა პაკო ლოპესმა დამიძახა, გვერდით გონსალო მელერო მყავდა. მან მირჩია, რომ სიმშვიდე შემენარჩუნებინა და სიამოვნება მიმეღო თამაშისგან.

18 წლის ასაკში ევროპის 19-წლამდე ჩემპიონატზე ვითამაშე, შემდეგ „ჟირონაში“ გადავედი, სადაც 2 წელი გავატარე და შემოთავაზება „ლევანტესგან“ მივიღე. გუნდისგან, სადაც განვითარება ადვილია, როგორც ფეხბურთელისთვის, ისე ადამიანისთვის. აქ საოცარი ხალხი მუშაობს. მე ვარ ფეხბურთელი, რომელიც მიდნორზე ყველაფერს აჩვენებს, რაც აქვს. მომწონს ბურთით ყოფნა, გადაადგილება მოედანზე და გუნდს ვეხმარები, როგორც შეტევაში, ისე დაცვაში“, - უთხრა „ლევანტეს“ ვებგვერდს გიორგიმ.

შეგახსენებთ, გიორგი ქოჩორაშვილის დებიუტი 12 ივლისს, ბილბაოს „ატლეტიკთან“ შედგა და 89-ე წუთზე რუბენ როჩინა შეცვალა. ქოჩორაშვილი გიორგი დემეტრაძისა და შოთა არველაძის შემდეგ მესამე ქართველი ფეხბურთელია, რომელმაც ესპანეთის ლა ლიგაში ითამაშა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.129542