სტატია

16:45 | 14.07.2020 | ნანახია [] - ჯერ

როყიო ჯეკი

გასულ პარასკევს 85 წლისა ჯეკი ჩარლტონი გარდაიცვალა. 1966 წლის მსოფლიო ჩემპიონი. კაცი, რომელმაც მთელი 21 წლიანი კარიერა „ლიდს იუნაიტედში“ გაატარა და კლუბში სარეკორდო 773 მატჩი ითამაშა.

იორკშირულ კლუბს ის ჯერ მეორე დივიზიონიდან პირველში გადასვლაში დაეხმარა, 1968-69 წლების სეზონში კი პირველი დივიზიონის (დღევანდელი პრეიერლიგა) ჩემპიონობაში. 1968 და 1971 წლებში ბაზრობათა თასი (შემდეგ უეფას თასი, დღეს ევროპა ლიგა) ორჯერ მოიპოვეს.

მერე ირლანდიის ნაკრებს წვრთნიდა. „მწვანეები“ ორჯერ მსოფლიო, ერთხელაც ევროპის ჩემპიონატების ფინალურ ეტაპზე გაიყვანა და ეროვნული გმირიც გახდა. ქალაქ კორკის აეროპორტში სტატუაც უდგას და ირლანდიის საპატიო მოქალაქეც იყო.

ერთგული, თავდაუზოგავი, სასარგებლო მოთამაშე და ქარიზმატული მწვრთნელი - ასე ახასიათებენ მას ბრიტანელი სპეციალისტები.

მისი უმცროსი ძმა, ბობი „მანჩესტერ იუნაიტედის“ ვარსკვლავი იყო და მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესო მოთამაშედ ითვლება.

ჯეკს ყოველთვის აღიზიანებდა ბობისთან შედარება. ერთხელ BBC-ის უთხრა: „მე თამაში არ შემიძლია. მცველი ვარ და სხვებს ვუშლი. ბობიმ კი იცის თამაში.“

მათი კარიერის მწვერვალი 1966 წელს დაემთხვა, როცა ინგლისელებმა საშინაო მუნდიალის ფინალში დასავლეთგერმანელები 4:2 დაამარცხეს და მსოფლიო ჩემპიონები გახდნენ. ჯეკიმ მაშინ ყველა მატჩში მიიღო მონაწილეობა, ბობი კი იმ წელს „ოქროს ბურთის“ მფლობელიც გახდა.

ძმებს შორის ურთიერთობა მოგვინებით გაფუჭდა. 2007 წელს ბობიმ თავის წიგნში დაწერა: ჯეკიმ ჩემი მეუღლის მიმართ უხამსი სიტყვები იკადრაო. მოგვიანებით შერიგდნენ, 2017-ში, როცა ჯეკიმ ბობის BBC Sports Personality-ის პრიზი გადასცა და თქვა: ბობის დარი ფეხბურთელი არ მინახავს და ის ჩემი ძმააო. ისინი ერთმანეთს ჩაეხუტნენ.

1958 წელს პეტ კემპზე იქორწინა და სამი შვილი შეეძინათ: ჯონი, დებორა და პიტერი. პეტმა ვერ უყურა 1966 წლის ფინალურ მატჩს, რადგან ამ დროს მესამე შვილზე მშობიარობდა. ჯეკი ცრუმორწმუნე კაცი იყო, შინ კი დროულად დაბრუდა, მაგრამ სამშობიაროში არ მივიდა, რადგან პირველი ორი შვილის დაბადებასაც ვერ დაესწრო, ლიდსში არ იმყოფებოდა.

კიდევ ერთი უცნაურობა: უარი თქვა კაპიტნობაზე, იმიტომ რომ გუნდის გაძღოლა არ უნდოდა. გასახდელიდან ყოველთვის ბოლო გამოდიოდა.

საქვეყნოდ იყო ცნობილი, რომ ჯეკის ძალიან უყვარდა თევზაობა. ის ფილმშიც კი გადაიღეს სახელად: „წადი სათევზაოდ ჯეკი ჩარლტონთან ერთად.“

ქვანახშირის მოპოვებით ცნობილ სოფელ აშინგტონში დაიბადა 1935-ში. მამამისი მეშახტე გახლდათ. ჯეკი უფროსი იყო ოთხ ძმას შორის. ოჯახს ძალიან უჭირდა და და-ძმებს ხშირად ერთ ლოგინში ეძინათ ხოლმე.

საფეხბურთო გვარი კი გამოდგა. ჯეკის ოთხი ბიძა ფეხბურთელები იყვნენ, სამი მათგანი - „ლიდს იუნაიტედისა.“ ხოლო დედას ბიძაშვილი ჯეკი მილბერნი „ნიუკასლისა“ და ინგლისის ნაკრების მოთამაშე.

დედა, ელიზაბეტ ელენ ჩარლტონი თავადაც თამაშობდა და ადგილობრივი სკოლების გოგონათა გუნდებსაც ავარჯიშებდა.

მამას ფეხბურთი არ უყვარდა.

თავიდან ოჯახურ ტრადიციას მისდევდა და წიაღისეულს მოიპოვებდა, მაგრამ მიწის ქვეშ მუშაობა მოსწყინდა და პოლიციელობა გადაწყვიტა. კიდევ კარგი, ამ დროს „ლიდსის“ ვარიანტი გამოჩნდა და მისი ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა.

მისი ერთ-ერთი ბიძა „ლიდსის“ მაეცხენა მცველი იყო და სწორედ მან მიაწვევინა 15 წლის ჯეკი გუნდში.

მაღაროელთა წრეში აღზრდამ მის ხასიათზეც მოახდინა გავლენა. ჯეკი პირდაპირი, ზოგჯერ როყიო, მაგრამ ნაღდი და გულკეთილი კაცი იყო, - ასე ახასიათებენ მას შვილიშვილები - ქეით და ემა უილკინსონები.

სერ ჯეფ ჰერსტმა, 1966 წელს მისმა თანამენაკრებემ, ჯეკის „სამი ლომის“ დიდი და უსაყვარლესი პერსონაჟი უწოდა. ასეთი ადამიანი აუცილებლაად უნდა გყავდეს გუნდში თუ მსოფლიო ჩემპიონობა გინდაო...

0.188651