ფეხბურთი

16:05 | 13.07.2020 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი ქოჩორაშვილი ლა ლიგაში დებიუტზე: "ოცნების ერთ-ერთი ნაწილი ახდა"

12-წლიანი პაუზის შემდეგ ესპანეთის ლა ლიგაში ქართველმა ფეხბურთელმა ითამაშა. შოთა არველაძიდან გიორგი ქოჩორაშვილამდე. 21 წლის ნახევარმცველს გუშინ "ბილბაოსთან" მიეცა დებიუტის შესაძლებლობა.

გიორგი "საბურთალოს" აკადემიის აღზრდილია და ესპანეთშიც იქიდან აღმოჩნდა. თბილისური კლუბის ვებგვერდმა ქოჩრაშვილთან ესპანური დებიუტის შემდეგ ინტერვიუ გამოაქვეყნა.

– დიდი ხანი ველოდი ამ დღეს. მოხარული ვარ, რომ გარკვეული ლოდინის შემდეგ, ჩემი დებიუტი „ლევანტეში“ შედგა. შემიძლია გითხრათ, რომ ოცნების ერთ-ერთი ნაწილი ახდა. თუმცა, ამაზე გაჩერებას არ ვაპირებ და პროგრესის გაგრძელებას ვეცდები. ძალიან დიდი ბედნიერებაა, როდესაც შენი ოჯახი და გულშემატკივარი გახარებულია. თამაშის შემდეგ, ბევრმა მომილოცა და წარმატებები მისურვა. ეს ფაქტი კიდევ უფრო მახარებს და ძალას მმატებს.

– უკვე კარგა ხანია, რაც „ლევანტეს“ განაცხადში იმყოფებით. გქონდათ ბილბაოს „ატლეტიკის“ წინ მწვრთნელთან საუბარი?

– მთავარი მწვრთნელი მოვიდა და რამდენიმე წუთით მესაუბრა. მითხრა, ვარჯიშებიდან და მიდგომიდან გამომდინარე, იმსახურებ თამაშსო. როდესაც მწვრთნელი გენდობა და მხარში გიდგას, ძალიან ბევრს ნიშნავს. პანდემიის შემდეგ, „ლევანტემ“ ცხრა ოფიციალური მატჩი გამართა, აქედან რვა შემთხვევაში გუნდის განაცხადში ვიყავი.

ბევრ ფეხბურთელს არა აქვს ლა ლიგაში თამაშის შესაძლებლობა. მე, ეს საშუალება მომეცა და უნდაგამოვიყენო. ვარჯიშებზე ძალიან ბევრს ვშრომობ. მჯერა დამიფასდება და მომავალში კიდევ მომეცემა თამაშის შესაძლებლობა.

– რა დავალებები მიიღეთ მთავარი მწვრთნელისგან?

– 1:2 ვმარცხდებოდით, აქედან გამომდინარე მწვრთნელმათამაშის გადარჩენა სცადა. სამ მცველზე გადავეწყვეთ და შეტევა გავაძლიერეთ. მითხრა, რომ აქტიური ვყოფილიყავი და თამაში უნდა გამემწვავებინა. მართალია, სათამაშოდ დიდი დრო არ მქონდა, მაგრამ…

– თქვენს დებიუტს ესპანეთში რა გამოხმაურება მოყვა?

– სახლში რომ მოვედი, თამაშს ვუყურე. კომენტატორები დადებითად შეხვდნენ ჩემს დებიუტს. ჟურნალისტებმა ისაუბრეს ჩემს განვლილ გზაზე, რომ „საბურთალოს“ აკადემიის აღზრდილი ვარ, ამ კლუბში დიდი დრო მაქვს გატარებული. შემდეგ, ისაუბრეს თუ როგორც აღმოვჩნდი ჯერ „ჟირონაში“, შემდეგ კი „ლევანტეში“.

ესპანეთში საკმაო ინფორმაცია აქვთ „საბურთალოზე“. ევროპის 19-წლამდე ჩემპიონატის მერე, ორი შეხვედრა „საბურთალოს“ ძირითად გუნდში მაქვს ჩატარებული და ამასაც გაუსვეს ხაზი. შემიძლია გითხრათ, რომ ადგილობრივები ყველანაირ ინფორმაციას ფლობენ.

– სოციალურ ქსელში ძალიან აქტიურობენ თქვენი ყოფილი გუნდელები და გულშემატკივრები…

– საბურთალოელებთან ხშირი კომუნიკაცია მაქვს, მოვიკითხავთ-ხოლმე ერთმანეთს. ბავშობაში გატარებული დრო, განსაკუთრებულია. მიხარია, რომ ისინი ჩემი მეგობრები და დიდი გულშემატკივრები არიან. ასევე, ძალიან ვგრძნობ გულშემატკივრების გვერდში დგომას. მათი მხარდაჭერა მეტ ძალასა და ენერგიას მაძლევს.

– შეიძლება ითქვას, „საბურთალოს“ აკადემიიდან აღმოჩნდით ესპანეთში, რადგან ძირითად გუნდში 2 თამაში ჩაატარეთ და საერთო ჯამში 44 წუთი ითამაშეთ…

– „საბურთალოს“ ხელმძღვანელების დიდი დამსახურებაა, რომ მე დღეს ესპანეთში ვიმყოფები და „ლევანტეში“ ვთამაშობ. იციან, თუ სად და რა ეტაპზე უნდა გაუშვან ფეხბურთელი ევროპაში. ჩემს აღზრდასა და განვითარებაში დიდი წვლილი მიუძღვით „საბურთალოს“ მწვრთნელებს. მათი ფეხბურთისადმი სწორი მიდგომა რომ არა, პროგრესს ვერ შევძლებდი.

– ცხოვრების გარკვეული გზა გაიარეთ და შესაბამისად გამოცდილებაც მიიღეთ, თუმცა წინ კიდევ დიდი გზა გაქვთ გასავლელი. რას ეტყვით იმ ნორჩ ფეხბურთელებს, რომლებიც ახლა დგავენ პირველ ნაბიჯებს სპორტში?

– შრომის გარეშე წარმოუდგენელია წარმატების მიღწევა. ამავდროულად, რასაც გეუბნებიან მწვრთნელები, უნდა მოისმინო და გააკეთო. რაც ყველაზე მთავარია – უნდა გიყვარდეს ის საქმე, რასაც აკეთებ.

– საუბრის დასაწყისში თქვით, რომ ოცნების ერთ-ერთი ნაწილი ახდა. რა იქნება მორიგი ოცნება?

– ვიდრე დიდ ოცნებას განახორციელებ, მანამდე პატარა ნაბიჯები უნდა გადადგა. ძალიან მინდა ესპანეთში თავი დავიმკვიდრო, ან რომელიმე ტოპ-ლიგის ჩემპიონატში. რაც ყველაზე მთავარია – მსურს მოვირგო ეროვნული ნაკრების მაისურა და გავახარო ქართველი ქომაგი.

FCSaburtalo.ge

0.111896