ავტოსპორტი

22:16 | 11.07.2020 | ნანახია [] - ჯერ

ჰამილტონმა შტირიის დიდი პრიზის წვიმიანი კვალიფიკაცია მოიგო

მსოფლიოს ექვსგზის ჩემპიონმა ლუის ჰამილტონმა იოლად მოიგო შტირიის დიდი პრიზის კვალიფიკაცია, რომელიც წვიმის აკომპანიმენტით წარიმართა. ეს ზედიზედ მეორე რბოლაა, რომელსაც ავსტრიის „რედ ბულ“ რინგი მასპინძლობს. ჰამილტონმა თავისი ბოლო ცდის შემდეგ, უახლოეს მდევარ მაქს ფერსტაპენს 1.2 წამით აჯობა.

ძლიერი წვიმის გამო, საკვალიფიკაციო სესია 46 წუთის დაგვიანებით დაიწყო. მანამდე მესამე თავისუფალი პრაქტიკა გაუქმდა და დიდი შანსი იყო იმისა, რომ კვალიფიკაცია კვირისთვის გადადებულიყო. მაგრამ მცირე ხნით გამოიდარა, რამაც რბოლის ორგანიზატორებს მწვანე შუქის ანთების საშუალება მისცა.

მესამე დრო „მაკლარენის“ კარლოს საინსს ჰქონდა. მხოლოდ მეოთხე ადგილს დასჯერდა სეზონის პირველი ეტაპის, ავსტრიის დიდი პრიზის რბოლის გამარჯვებული ვალტერი ბოტასი.

„ძალიან რთული დღე გვქონდა. ამინდი ყველა ჩვენგანისთვის ერთნაირად ქმნიდა სირთულეს. დიდხანს ისე გვიწევდა რბოლა, რომ წინ არაფერი ჩანდა. ძალიან მომწონს ასეთი დღეები“, - განაცხადა ჰამილტონმა.

კვლავ ხელმოცარული დარჩნენ „ფერარის“ პილოტები. შარლ ლეკლერმა მესამე ნაწილში გამოსვლის უფლებაც ვერ მოიპოვა, სებასტიან ფეტელი ათეულში კი გავიდა, მაგრამ მხოლოდ ბოლო ადგილს დასჯერდა. მე-12 დრო აქვს „უილიამსის“ ჯორჯ რასელს, რომელიც სულ რაღაც, 0.008 წამით ჩამორჩა ლეკლერს (მე-11 დრო) და 0.091 წამით - ფეტელს (მე-10 დრო).

შტირიის დიდი პრიზი

კვალიფიკაცია

  1. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი) 1:19.273
  2. მაქს ფერსტაპენი (ჰოლანდია, რედ ბული) 1:20.489
  3. კარლოს საინსი (ესპანეთი, მაკლარენი) 1:20.671
  4. ვალტერი ბოტასი (ფინეთი, მერსედესი) 1:20.701
  5. ესტებან ოკონი (საფრანგეთი, რენო) 1:20.922
  6. ალექს ალბონი (ტაილანდი, რედ ბული) 1:21.011
  7. პიერ გასლი (საფრანგეთი, ალფატაური) 1:21.028
  8. დანიელ რიკარდო (ავსტრალია, რენო) 1:21.192
  9. ლანდო ნორისი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 1:20.925
  10. სებასტიან ფეტელი (გერმანია, ფერარი) 1:21.651
  11. შარლ ლეკლერი (მონაკო, ფერარი) 1:19.628
  12. ჯორჯ რასელი (ბრიტანეთი, უილიამსი) 1:19.636
  13. ლანს სტროლი (კანადა, რეისინგ პოინტი) 1:19.645
  14. დანიილ კვიატი (რუსეთი, ალფატაური) 1:19.717
  15. კევინ მაგნუსენი (დანია, ჰაასი) 1:20.211
  16. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ალფა რომეო) 1:21.372
  17. სერხიო პერესი (მექსიკა, რეისინგ პოინტი) 1:21.607
  18. ნიკოლას ლატიფი (კანადა, უილიამსი) 1:21.759
  19. ანტონიო ჯოვინაცი (იტალია, ალფა რომეო) 1:21.831
  20. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ჰაასი) დროის გარეშე
0.117282