სხვა

3:05 | 11.07.2020 | ნანახია [] - ჯერ

კრის ფრუმი „ინეოსს“ დატოვებს

ტურ დე ფრანსის ოთხგზის ჩემპიონი, ბრიტანელი კრის ფრუმი, ამ სეზონის ბოლოს გუნდ „ინეოსს“ დატოვებს, რომელთან ერთადაც 10 სეზონი გაატარა და „ისრაელ სტარტ-აპ ნეიშენში“ (ISN) გადავა. ფრუმს „ინეოსთან“ ერთად, 7 დიდი ტური აქვს მოგებული.

„კრისის ახლანდელი კონტრაქტი დეკემბერში ამოიწურება და ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ის არ განვაახლოთ. ჩვენ ამ განცხადებას ჩვეულებრივზე ადრე ვაქვეყნებთ, რათა წერტილი დავუსვათ ჭორებს და გუნდს ამ სეზონზე ფოკუსირების საშუალება მივცეთ. კრისი ჩვენთან დასაწყისიდანვე იყო. ის დიდი ჩემპიონია და ამ წლებში ჩვენ ერთად არაერთი დაუვიწყარი მომენტი გვქონდა. მაგრამ ვფიქრობ, ეს სწორი გადაწყვეტილებაა გუნდისთვისაც და კრისისთვისაც“, - განაცხადა „ინეოსის“ მწვრთნელმა სერ დეივ ბრეილსფორდმა.

ასეთი გადაწყვეტილების მიუხედავად, 35 წლის ფრუმი მონაწილეობას მიიღებს ტურ დე ფრანსის წლევანდელ რბოლაში, რომელიც ივლისის ნაცვლად, აგვისტო-სექტემბერში გაიმართება. მოგვიანებით კი ალბათ ვუელტაზეც იასპარეზებს, რომელიც მოგვიანებით გაიმართება. მაგრამ გუნდს ლიდრის პოზიციისთვის, მას ტურის 2018 წლის ჩემპიონ, ბრიტანელ გერენტ თომასთან და 2019 წლის ჩემპიონ, კოლუმბიელ ეგან ბერნლთან კონკურენცია მოუწევს.

„გუნდთან ერთად ფენომენალური ათწლეული გავატარე. ჩვენ ერთად ბევრს მივაღწიეთ. ახლა კი, ჩემი კარიერის ახალ ფაზაში გადავდივარ და ახალი გამოწვევებისთვის ვემზადები. იმავდროულად, „ინეოსთან“ ერთად, ტურ დე ფრანსის მეხუთედ მოსაგებად ვემზადები“, - განაცხადა ფრუმმა.

2009 წლის ბოლოს ფრუმი „ტიმ სკაიში“ გადავიდა. მისი კარიერის აღმავლობა კი 2011 წელს დაიწყო. მას შემდეგ, 12 დიდ ტურში მიიღო მონაწილეობა და კვარცხლბეკს მიღმა მხოლოდ ერთხელ დარჩა (2012 წლის ვუელტაზე მეოთხე ადგილი). 2012 წელს მან დიდი როლი შეასრულა ტურ დე ფრანსზე ბრედლი ვიგინსის გამარჯვებაში, მომდევნო სეზონიდან კი თავად გახდა გუნდის ლიდერი. 2013 წელს მან ტურის პირველი ტიტული, კოლუმბიელ ნაირო კინტანასთან ბრძოლაში მოიპოვა. კენიაში დაბადებულმა ფრუმმა ტური კიდევ სამჯერ (2015, 2016 და 2017 წლებში) მოიგო. გარდა ამისა, ორჯერ (2011 და 2017 წლებში) გახდა ვუელტას, ერთხელ კი ჯირო დ’იტალიას (2018 წელს) ჩემპიონი. ამგვარად, 1983 წლის შემდეგ, ის პირველი ველომრბოლია, რომელმაც სამივე დიდი ტურის მოგება შეძლო. მათგან პირველი ვუელტას ჩემპიონად 2019 წელს, მას შემდეგ გამოცხადდა, რაც გამარჯვებულ ესპანელ ხუან ხოსე კობოს დოპინგის გამოყენება დაუმტკიცდა.

ფრუმს 2019 წლის ივლისის შემდეგ, დიდ რბოლებში არ უასპარეზია. ამის მიზეზი გახდა დოფინ ლიბერეს დროს მომხდარი ავარია, რომლის დროსაც მძიმე ტრავმები მიიღო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.122483