ფეხბურთი

19:08 | 10.07.2020 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: ბუდუ ზივზივაძე უნგრეთის ვიცე-ჩემპიონში გადავიდა

ბუდუ ზივზივაძემ „მეზოკოვესდი“ დატოვა და კარიერას „მოლ ფეჰერვარში“ (იგივე „ვიდეოტონი“) გააგრძელებს. უნგრულმა კლუბმა ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა.

„ორი წლის წინ „დუნაისკა სტრედასა“ და „დინამო თბილისის“ მატჩში შევამჩნიეთ. მშვენივრად ითამაშა და გოლიც გაიტანა. გასულ სეზონში მისი დაკვირვება კიდევ უფრო ხშირად შეგვეძლო, რადგან „მეზოკოვესდის“ ერთ-ერთი ლიდერი იყო. ძალიან ეფექტური ფეხბურთელია და აქვს თვისებები, რაც ჩვენს ჩარჩოებში ჯდება სათამაშო სტილიდან გამომდინარე. ჩვენ დავიმატეთ საერთაშორისო გამოცდილების ფეხბურთელი იდეალური ასაკით, რომელმაც გოლების გატანა იცის. დარწმუნებული სარგებელს მოგვიტანს“, - თქვა კლუბის სპორტულმა დირექტორმა ზოლტან კოვაშმა.

კონტრაქტზე ხელის მოწერის შემდეგ, რომლის ხანგრძლივობაზე „ფეჰერვარის“ ვებგვერდზე ამ ეტაპზე არაფერია ნათქვამი, კომენტარი ბუდუმაც გააკეთა:

„ძალიან ბედნიერი ვარ, რომ კარიერას ისეთ ისტორიულ გუნდში გავაგრძელებ, როგორიც „ვიდია“ („ფეჰერვარი“ - რედ). დარწმუნებული ვარ, შემიძლია გუნდს დავეხმარო წარმატების მიღწევაში და ჩემი წვლილი შევიტანო კარგი თამაში, გოლებით, საგოლე პასებით. ნამდვილად მინდა მომდევნო სეზონში უნგრეთის ჩემპიონობა და თასის მოგება, მაგრამ ასევე ვიმედოვნებ, რომ შეძლებისდაგვარად ევროპა ლიგაზეც წარმატებით ვითამაშებთ“, - აღნიშნა ქართველმა.

შეგახსენებთ, ბუდუ ზივზივაძე უნგრეთში შარშან გამოჩნდა და „მეზოკოვესდში“ 32 მატჩში 8 გოლი გაიტანა (ჩემპიონატში), ხოლო თასზე 6 თამაშში თავი 2-ჯერ გამოიჩინა და მისი აწ უკვე ყოფილი გუნდი ფინალში დამარცხდა. 26 წლის თავდამსხმელს სხვადასხვა დროს „ტორპედოში“, „დინამო თბილისში“, „სამტრედიასა“ და „ესბიერგში“ უთამაშია, ორჯერ კი საქართველოს ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.

"მოლ ფეჰერვარი" უნგრეთის სამგზის ჩემპიონია, ხოლო გასულ სეზონში მეორე ადგილზე გავიდა და მხოლოდ "ფერენცვაროშს" ჩამორჩა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.101716