ავტოსპორტი

6:01 | 9.07.2020 | ნანახია [] - ჯერ

რენომ ალონსოს დაბრუნება დაადასტურა

დღეს ეს უკვე ოფიციალურად დადასტურდა - ფრანგული გუნდის განცხადებით, მომავალ სეზონში მისი ერთი მანქანით ფერნანდო ალონსო იასპარეზებს. მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი დანიელ რიკარდოს შეცვლის, რომელიც მომავალი სეზონიდან „მაკლარენში“ გადადის. „რენოში“ ალონსოს თანაგუნდელი ესტებან ოკონი იქნება.

ალონსო ფორმულა 1-დან 2018 წლის სეზონის ბოლოს წავიდა. მას შემდეგ, გამძლეობაზე რბოლებში მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიპოვა და მეორედ მოიგო ლე მანის 24-საათიანი რბოლა. ამჟამად ის ინდი 500-ზე გამოსვლისთვის ემზადება, რომელიც მისი კარიერის მესამე დიდი გვირგვინი უნდა გახდეს.

არაოფიციალური ინფორმაციით, ალონსომ და „რენომ“ ორწლიანი კონტრაქტი გააფორმეს. ამასთან, ესპანელი პილოტი იმაზე ბევრად ნაკლებ ხელფასს მიიღებს, ვიდრე „მაკლარენიდან“ წასვლამდე ჰქონდა. თუმცა ესპანელისთვის ამ ეტაპზე, ხელფასი მეორეხარისხოვანია. მას დაბრუნება სურდა და ამისთვის „რენო“ საუკეთესო ვარიანტი იყო. თან ეს ის გუნდია, რომელთან ერთადაც, მას თავისი ორი ტიტული აქვს მოპოვებული.

„რენო ჩემი ოჯახია, ფორმულა 1-ში ჩემი საუკეთესო მოგონებები მას უკავშირდება. მე ხომ აქ მსოფლიო ჩემპიონი ორჯერ გავხდი. მაგრამ ახლა უკვე ახალ გამოწვევებს ველი. სიამაყით და ემოციებით ვარ სავსე, რადგან ვბრუნდები გუნდში, რომელმაც ჩემი კარიერის დასაწყისში, შანსი მომცა. ახლა კი მაძლევს საშუალებას, რომ უმაღლეს დონეზე დავბრუნდე. მე მაქვს ამბიციები, რომელიც გუნდის ამბიციებთან თანხვედრაშია. ზამთრის დროს მათი პროგრესი იმის იმედს იძლევა, რომ 2022 წელს კარგი შესაძლებლობები გვექნება. მე ინჟინრებს, მექანიკოსებს და თანაგუნდელებს მთელ ჩემ გამოცდილებას გავუზიარებ. გუნდს აქვს სურვილი და უნარი იმისა, რომ კვარცხლბეკზე დაბრუნდეს“, - განაცხადა ალონსომ.

გუნდის შეფ სირილ აბიტბულის თქმით, ალონსოს მოწვევა იმის დასტურია, რომ „რენო“ ფორმულა 1-დან წასვლას არ აპირებს და მოწინავეთა შორის დაბრუნებას აპირებს.

0.110854