სხვა

16:19 | 8.07.2020 | ნანახია [] - ჯერ

ჩემპიონთა ლიგის ფინალი გაუქმდა

ევროპის ხელბურთის ფედერაციამ გააუქმა ქალთა ჩემპიონთა ლიგის ფინალური ტურნირი, რომელიც სექტემბრის დასაწყისში იყო დანიშნული ბუდაპეშტში. გაიმართა ახალი, 2020-21 სეზონის წილისყრაც. კაცთა 2019-20 სეზონის ფინალური ოთხეულის ტურნირი გეგმის მიხედვით, 28-29 დეკემბერს გაიმართება კიოლნში.

ორივე შეჯიბრება მარტში, პლეიოფის დაწყებამდე შეწყდა. კაცთა ტურნირში ფედერაციამ პირდაპირ, მერვედფინალისა და მეოთხედფინალის გარეშე გამოავლინა ნახევარფინალისტები: პსჟ, ბარსელონა, კილი და ვესპრემი - ამ ოთხმა გუნდმა ჯგუფურ ეტაპზე საუკეთესო შედეგები აჩვენა.

ქალთა ტურნირის ფინალური ოთხეული მაისიდან სექტემბერში გადაიტანეს და ამ დროსვე აპირებდნენ არა მარტო ნახევარფინალისა და ფინალის, არამედ მეოთხედფინალის გამართვასაც, მაგრამ ფედერაციის აღმასკომმა მიიჩნია, რომ პანდემიის საშიშროება კიდევ არსებობს და 2019-20 სეზონი გაუქმებულად გამოაცხადა, თუმცა, ახალი, 2020-21 წლის გათამაშების დაწყებას ერთ კვირაში, 12 სექტემბერს გეგმავს.

ქალთა და კაცთა ჩემპიონთა ლიგა ამ სეზონიდან ახალი ფორმატით ტარდება. მონაწილეობს ორ-ორ ჯგუფად დაყოფილი 16-16 გუნდი. ქალები ჯგუფურ ეტაპს 12 სექტემბრიდან 14 თებერვლამდე ითამაშებენ. ჯგუფების 2-2 საუკეთესო გუნდი პირდაპირ გავა მეოთხედფინალში, ხოლო მე-3-6 ადგილზე გასული გუნდები მეოთხედფინალში მოსახვედრად პლეიოფს ითამაშებენ. პლეიოფი 6/7 და 13/14 მარტსაა, მეოთხედფინალი - 3/4 და 10/11 აპრილს, ხოლო ფინალური ოთხეულის ტურნირი, ანუ ნახევარფინალი და ფინალი, 29-30 მაისსაა დანიშნული ბუდაპეშტში, ლასლო პაპის არენაზე.

შეიცვალა გუნდების შერჩევის წესიც. ჯგუფურ ეტაპზე პირდაპირ დაუშვეს მხოლოდ ევროპული რეიტინგის 8 მოწინავე ქვეყნის ჩემპიონი, ხოლო რეიტინგის პირველმა ნომერმა, დანიამ, ორი გუნდის გამოყვანის უფლება მიიღო. ეს 9 გუნდია: ესბიერგი, ოდენსე (დანია), მეცი (საფრანგეთი), ბორუსია დორტმუნდი (გერმანია), დიორი (უნგრეთი), ბუდუჩნოსტი (მონტენეგრო), კრისტიანსანდი (ნორვეგია), რამნიკუ ვალჩეა (რუმინეთი), როსტოვი (რუსეთი). ამათგან ოდენსეს, დორტმუნდისა და კრისტიანსანდის გარდა დანარჩენი 6 გუნდი ბოლო სეზონის მეოთხედფინალისტი იყო.

ჯგუფური ეტაპის დანარჩენი მონაწილეები ევროპის ხელბურთის ფედერაციამ შეარჩია და 7 ვაილდ-ქარდი დაარიგა. სულ შეტანილი იყო 12 განაცხადი, რომელთაგან EHF-მ აირჩია: ბოლო სეზონის 2 მეოთხედფინალისტი CSM ბუკურეშტი (რუმინეთი) და ბრესტ-ბრეტონი (საფრანგეთი), ასევე - ფერენცვაროში (უნგრეთი), ბიტიგჰაიმი (გერმანია), პოდრავკა ვეგეტა (ხორვატია), კრიმ მერკატორი (სლოვენია), ცსკა (რუსეთი).

ვაილდ-ქარდის განაცხადი შეტანილი ჰქონდა საქართველოს ნაკრების კაპიტნის, მედეა ჩოხელის კლუბს, კუმანოვოს. მაკედონიის ჩემპიონატის შეწყვეტამდე ეს კლუბი 15 თამაშიდან 15 მოგებით ლიდერობდა, მედეა კი ჩემპიონატის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე იყო. კუმანოვო, ისევე როგორც შვედეთის ჰოორსი, ნორვეგიის სტორჰამარი, თურქეთის კასტამონუ და ჩეხეთის ბანიკ მოსტი ითამაშებენ რანგით მეორე ევროტურნირში, ევროპის ხელბურთის ლიგაში, რომელიც ამ სეზონში პირველად იმართება.

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის წილისყრის შედეგები ასეთია:

A ჯგუფი: მეცი (საფრანგეთი), როსტოვი (რუსეთი), კრისტიანსანდი (ნორვეგია), ესბიერგი (დანია), ფერენცვაროში (უნგრეთი),CSM ბუკურეშტი (რუმინეთი), ბიტიგჰაიმი (გერმანია), კრიმ მერკატორი (სლოვენია)

B ჯგუფი: რამნიკუ ვალჩეა (რუმინეთი), დიორი (უნგრეთი),ბუდუჩნოსტი (მონტენეგრო), ბორუსია დორტმუნდი (გერმანია), ცსკა (რუსეთი),ბრესტ-ბრეტონი (საფრანგეთი), ოდენსე (დანია), პოდრავკა ვეგეტა (ხორვატია)

0.155692