ფეხბურთი

10:25 | 5.07.2020 | ნანახია [] - ჯერ

"ბურთი უფრო ხშირად მომეცით" - რონალდუ სარის ტაქტიკით უკმაყოფილო დარჩა

„იუვენტუსმა“ ტურინული დერბი მოიგო (4:1), კრიშტიანუ რონალდუმ როგორც იქნა, საჯარიმო დარტყმით გოლი გაიტანა. თითქოს ყველაფერი რიგზეა, მაგრამ პორტუგალიელი „ტორინოსთან“ მატჩში მაინც უკმაყოფილო იყო.

პირველი ტაიმის მიწურულს რონალდუმ მაურიციო სარის შეშჩივლა, რომ თანაგუნდლეებისგან პასს ნაკლებად იღებდა და ბურთით საკმარისად არ იტვირთდებოდა. სარიმ კი რონალდუ დაამშვიდა და მოედანზე პოზიციის დაკავებისკენ მოუწოდა. საბოლოოდ, ყველაფერი დალაგდა, რონალდუმ ჯარიმა მეორე ტაიმში გაიტანა, მანამდე საგოლე პასიც გააკეთა.

„ვიცოდით,რომ რთული თამაში იქნებოდა. კარგად ვითამაშეთ და მოვახერხეთ გამარჯვება, რომელიც „ლაციოზე“ ზეწოლას მოახდენს. არ გვინდა გავჩერდეთ და მხოლოდ საკუთარ თავზე ვფიქრობთ. მჭირდებოდა საჯარიმო დარტყმიდან გოლი რწმენის დასაბრუნებლად. დიბალა? კარგად ვუგებთ ერთმანეთს, მაგრამ მთავარი გუნდია და უმნიშვნელოა გოლს ვინ გაიტანს, გუნდურად ვუმატებთ და ეს ყველაზე მნიშვნელოვანია“, - აღნიშნა ნამატჩევს რონალდუმ.

გეტყვით იმასაც, რომ კრიშტიანუს სერია A-ს მიმდინარე სეზონში 25 გოლი აქვს გატანილი და 1961 წლის შემდეგ (ომარ სივორი) „იუვენტუსის“ პირველი ფეხბურთელია, რომელმაც კალჩოში ამ რაოდენობის გოლები გაიტანა. ამასთან, ისტორიაში ერთადერთია, ვისაც სერია A-ში, პრემიერლიგასა და ლა ლიგაში სეზონში მინიმუმ 25 გოლი გაუტანია.

ამასობაში „იუვენტუსი“ „ლაციოს“ უკვე 7 ქულით უსწრებს და მორიგ სკუდეტოსთან ახლოსაა, რონალდუ კი ბომბარდირთა დავაში ჩირო იმმობილეს 4 გოლით ჩამორჩება.

0.161973