ფეხბურთი

1:20 | 3.07.2020 | ნანახია [] - ჯერ

დაკნინებული ჩემპიონი: დერეფანი მატჩამდე, ჯოჯოხეთი - მოედანზე

ინგლისის პრემიერლიგის XXXII ტური „ეტიჰად სთედიუმზე“ დაიხურა, სადაც ჩემპიონი „ლივერპული“ „მანჩესტერ სიტის“ ესტუმრა. ეს იყო პირველი მატჩი ბოლო 30 წლის განმავლობაში, რომელიც „წითლებმა“ პრემიერლიგის მოქმედი ჩემპიონის რანგში გამართეს.

ცხადია, იურგენ კლოპის გუნდს გაჩემპიონების შემდეგ მოტივაცია და შემართება მოაკლდა, მაგრამ ის, რაც „ეტიჰადზე“ ვიხილეთ, მაინც უცნაურია - განადგურებული ჩემპიონი. ისიც ნათელია, რომ არავის ენდომებოდა 30-წლიანი მოლოდინის შემდეგ ჩემპიონის წოდებით პირველივე შეხვედრაში ასეთი მწარე მარცხი განეცადა, თანაც ძირითადი შემადგენლობით და თანაც „მანჩესტერ სიტისთან“.

პეპ გვარდიოლას ბიჭებმა სიტყვა შეასრულეს და „ლივერპულს“ თამაშამდე საჩემპიონო დერეფანი მოუწყვეს, მაგრამ მოედანზე - ჯოჯოხეთი. „ქალაქელთა“ უპირატესობა აშკარა და თვალსაჩინო იყო, ანგარიში ყველაფერზე მეტყველებს - 4:0. მეტიც, 5:0-იც შეიძლებოდა, ბოლოს რიად მაჰრეზის გოლი რომ არ გაეუქმებინათ.

ამრიგად, ჩემპიონი „ლივერპული“ კარგად და საამაყოდ ვერ წარსდგა, ეს არ აკნინებს მის დიდებულ სეზონს, მაგრამ მაინც შეილახა ოდნავ იმიჯი. უბრალოდ, ჩემპიონს არ შეეფერებოდა ასეთი თამაში. ცხადია, „სიტისთვისაც“ და „ლივერპულისთვისაც“ ამ თამაშის შედეგს სატურნირო თვალსაზრისით არავითარი მნიშვნელობა არ ჰქონდა და არაფერი შეცვლილა.

დღესვე, პრემიერლიგაში კიდევ ერთი მატჩი იყო, რომელმაც ცხადყო, რომ ჟოზე მოურინიოს „ტოტენჰემი“ ჩემპიონთა ლიგაზე ვერ გავა. „მამლები“ „შეფილდ იუნაიტედთან“ 1:3 უშანსოდ დამარცხდნენ და რაც უნდა უცნაური იყოს, ოთხეულში მოხვედრის უფრო დიდი შანსი ახლა „შეფილდს“ აქვს, ვიდრე მოურინიოს ბიჭებს, რომელთაც შეუძლიათ ეს სეზონი სამუდამოდ დაივიწყონ.

„მანჩესტერ სიტი“ – „ლივერპული“ 4:0 (3:0)

გოლები: 1:0 დე ბრუინი (25, პენ), 2:0 სტერლინგი (35), 3:0 ფოდენი (45), 4:0 ოქსლეიდ-ჩემბერლენი (66)

„შეფილდ იუნაიტედი“ – „ტოტენჰემი“ 3:1 (1:0)

გოლები: 1:0 ბერგი (31), 2:0 მუსეტი (69), 3:0 მაკბერნი (84), 3:1 კეინი (90)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.129867