სხვა

13:51 | 27.06.2020 | ნანახია [] - ჯერ

ოლიმპიურმა ონლაინ-ვარჯიშმა ხუთივე კონტინენტი მოიცვა

ოლიმპიურმა ჩემპიონებმა და პრიზორებმა, ლეგენდარულმა სპორტსმენებმა და ამომავალმა ვარსკვლავებმა, ასევე რიგითმა გულშემატკივრებმა მთელი მსოფლიოდან მონაწილეობა მიიღეს საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) ეგიდით ჩატარებულ უნიკალურ ონლაინ-ვარჯიშში. ვარჯიშმა მოიცვა ხუთივე კონტინენტი და დროის 20 სარტყელი.

IOC-ის პროექტში ჩართული იყო 141 ათლეტი, რომლებიც წარმოადგენდნენ სპორტის 47 სახეობას. მათ არა მარტო ონლაინ-ვარჯიში ჩაატარეს, არამედ ისინი გადაიღეს საერთაშორისო ოლიმპიური დღისადმი მიძღვნილ ვიდეორგოლში, რომელიც თავის მხრივ ჯანსაღი ცხოვრების წესის მნიშვნელობაზე გვიყვება.

ღონისძიებას IOC-ის ონლაინ-პლატფორმებზე თვალ-ყურს ადევნებდა დაახლოებით 14,5 მილიონი ადამიანი, ხოლო ინსტაგრამის ადმინისტრაციამ თავის 428 მილიონ გამომწერს ოლიმპიური დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში ჩართვისკენ მოუწოდა.

ონლაინ-ვარჯიშს სტარტი მისცა ტონგელმა ტაეკვონდოისტმა და მოთხილამურემ პიტა ტაუფატოფუამ, ხოლო 24-საათიანი ვარჯიშის ბოლო მონაწილე გახდა ამერიკელი ათჭიდელი, ოლიმპიური ჩემპიონი ბრაიან კლაი.

საერთაშორისო ოლიმპიური დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში აქტიურად იყვნენ ჩართული ეროვნული ოლიმპიური კომიტეტები, მათ შორის - საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი და ქართველი ოლიმპიელები.

GEONOC.ORG.GE

0.128464