ფეხბურთი

0:35 | 27.06.2020 | ნანახია [] - ჯერ

30 წელი, 239 ფეხბურთელი და 1.47 მილიარდი - "ლივერპულის" გზა ჩემპიონობისკენ

1990 წლის 1 მაისს "ლივერპულის" ფეხურთელები ინგლისის ჩემპიონობას აღნიშნავდნენ და გულშემატკივრები ვერც კი წარმოიდგენდნენ, რომ "მერსისაიდელებს" 30 წელი დასჭირდებოდათ მე-19 ტიტულის მოსაპოვებლად.

კლუბის მესვეურები ცდას არ აკლებდნენ, რათა "ლივერპული" ინგლისის ჩემპიონი გამხდარიყო, თუმცა არაფერი გამოდიოდა; ტრანსფერები ხორციელდებოდა, გოლები გადიოდა, გუნდი თამაშებს იგებდა, თუმცა 2019/20 წლების სეზონამდე პირველობას მაინც ვერ ახერხებდა.

BBC Sport-ის მონაცემებით, 1990/91 წლების სეზონის დაწყებიდან "ლივერპულმა" 1,149 მატჩი ჩაატარა, რაც მოედანზე გატარებულ 103,410 წუთს ნიშნავს. "წითლებმა" 30 წლის განმავლობაში აღნიშნული მატჩებიდან 595 მოიგეს, ანუ მატჩების 52 პროცენტი; გაიტანეს 1968 გოლი (გოლების სხვაობა +822) და 2,075 ქულა აიღეს. თუმცა ამ მონაცემებიდან ყველაზე ღირებული ბოლო 28 მოგება, 70 გოლი და 86 ქულა აღმოჩნდა.

ბოლო 30 წლის განმავლობაში "ლივერპულმა" ყველაზე მეტი ქულა, 108, "ტოტენჰემთან" დაპირისპირების დროს აიღო, ხოლო ჩემპიონატში ყველა დაპირისპირება "ბრაიტონს, "კარდიფს", "ჰადერსფილდს" და "ნოთს ქაუნთის" მოუგო. ასევე, თამაშების უმრავლესობას "წითლები" "ბარნლის", "ბორნმუთს" ქპრ-ს, "დერბის" და "ვულვზის" უგებდა.

ლივერპულელებს წლების განმავლობაში ყავდათ არასასურველი მეტოქეები, რომლებიც ჩემპიონობაში ხელს უშლიდნენ. "წითლების" უხერხული მეტოქეები 1990 წლიდან "მანჩესტერ იუნაიტედი", "ჩელსი" და ლონდონის "არსენალი" იყვნენ, ბოლო წლებში კი "მანჩესტერ სიტიც" დაემატა ჩამონათვალს. "წითლებს" "მეთოფეებთან" და "არისტოკრატებთან" ჩატარებული მატჩების 37.3 პროცენტი აქვს მოგებული, ხოლო "წითელი ეშმაკების" დამარცხება კიდევ უფრო უჭირდათ (29.3%).

საინტერესოა ის ფაქტიც, რომ მოგებული მატჩების ყველაზე დაბალი პროცენტული მაჩვენებელი "ლივერპულმა" "უიმბლდონთან" (26.3%) და "ბირმინგემთან" (21.4%) დაპირისპირებებში დააფიქსირა. ასევე, "ბლექპული" ერთადერთი გუნდია პრემიერლიგის ისტორიაში, რომელმაც "წითლებს" ქულის აღების საშუალება არ მისცა, "მერსისაიდელებს" ორჯერ შეხვდა და ორჯერვე მოუგო.

მიმდინარე სეზონში კი "ლივერპული" შესანიშნავად თამაშობს და თუ ამ სეზონის მონაცემებს გასული 29 სეზონის საშუალო მაჩვენებლებს შევადარებთ, მივხვდებით, რომ უდაოდ მაღალ დონეზეა.

ბოლო 30 წლის განმავლობაში ყველაზე მეტი მატჩი ჯეიმი კარაგერმა (508), სტივენ ჯერარდმა (504) და სამი ჰიიპიამ (318) ჩაატარეს. ყველაზე მეტი გოლი კი რობი ფაულერმა (128), სტივენ ჯერარდმა (121) და მაიკლ ოუენმა (118) გაიტანეს. ათეულში კი ამჟამინდელი გუნდის წევრები მოჰამედ სალაჰი, სადიო მანე და რობერტო ფირმინო შედიან. აღსანიშნავია, რომ ჯერარდმა ფაქტობრივად მთელი კარიერა "ლივერპულში" გაატარა, გუნდს ჩემპიონთა ლიგაზე ულიდერა, ჩატარებული მატჩების და გატანილი გოლების რაოდენობით ერთ-ერთი ლიდერი იყო, თუმცა პრემიერლიგის ტიტული ვერ მოიპოვა.

მწვრთნელებს შორის მოგებული მატჩების ყველაზე მაღალი პროცენტული მაჩვენებელი იურგენ კლოპს აქვს, რომელმაც კლუბი 2015 წელს ჩაიბარა და მას შემდეგ "წითლებმა" პრემიერლიგაში ჩატარებული მატჩების 64.15 პროცენტი მოიგეს. "ლივერპულს" კარგი შედეგი რაფა ბენიტესის (55.26%) პერიოდშიც ქონდა, თუმცა მაშინდელმა გუნდმა ჩემპიონთა ლიგის მოგება მოახერხა. კლოპის აქტივში კი უკვე ორივე ზემოთნახსენები ტიტული შედის.

როზენტალიდან მინამინომდე - ასე შეგვიძლია ვუწოდოთ "ლივერპულის" 30 წლიან სატრანსფერო პერიოდს. მე-18 ტიტულის მოგების შემდეგ, "მერსისაიდელების" პირველი ტრანსფერი რონი როზენტალი იყო, რომელიც ლიეჟის "სტანდარდიდან" ერთ მილიონ გირვანქა სტერლინგის სანაცვლოდ გადაიყვანეს, ბოლოს კი ტაკუმი მინამინოს ტრანსფერში 7.25 მილიონი გადაიხადეს.

იყო წარმატებული ტრანსფერებიც მაგალითად როგორებიცაა ლუის სუარესი, ვირჯილ ვან დეიკი და მოჰამედ სალაჰი. ასევე იყო წარუმატებელი გარიგებებიც, რომელმაც არ გაამართლა - მაგალითად ენდი კეროლი (35 მილიონი, 6 გოლი 44 მატჩში), კრისტიან ბენტეკე (32.5 მილიონი, ცხრა გოლი 29 მატჩში) ან მარიო ბალოტელი (16 მილიონი, ერთი გოლი 16 მატჩში). ყველაზე მეტი ტრანსფერი კი 2005-2008 წლებში რაფა ბენიტესის ხელმძღვანელობის დროს განხორციელდა - კლუბმა სამ სეზონში 40 ფეხბურთელი დაიმატა. საბოლოოდ, Transfermarkt-ის ინფორმაციით, 30 წლის განმავლობაში კლუბმა მე-19 ტიტულის მოსაპოვებლად 1.47 მილიარდი გირვანქა სტერლინგი დახარჯა. ფეხბურთელების გაყიდვით კი "წითლებმა 936.6 მილიონი მიიღეს. ყველაზე ხმაურიანი ტრანსფერები კი ვან დეიკს, ალისონს და ნაბი კეიტას უკავშირდება, რომლებმაც ჩემპიონობაში თავისი წვლილი შეიტანეს.

კლუბის მესვეურების ბევრი მცდელობის შემდეგ იურგენ კლოპმა გაამართლა და გერმანელი სპეციალისტის სამწვრთნელო შტაბის ძალისხმევით "ლივერპული" 30 წლის შემდეგ პრემიერლიგის ჩემპიონი გახდა. "წითლებმა" შთამბეჭდავად გაიმარჯვეს ინგლისის ჩემპიონატში და შვიდი ტურით ადრე გახდნენ ჩემპიონები. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ 25 ივნისამდეც ფაქტობრივად ყველაფერი გარკვეული იყო და "ლივერპულის" ჩემპიონობა დროის საკითხი გახლდათ.

თეგებილივერპული
0.111825