ავტოსპორტი

17:34 | 26.06.2020 | ნანახია [] - ჯერ

შარლ ლეკლერმა ფ1-ის მანქანით მარანელოს ქუჩებში გაინავარდა

ფორმულა 1-ის წლევანდელი სეზონი ალბათ (თუ რამე გაუთვალისწინებელი არ მოხდა) მალე, ივლისის პირველ უქმეებზე დაიწყება. გუნდები უკვე მზად არიან. მათ პანდემიის ლოკაუტის პერიოდში, საკუთარი ტექნიკის დახვეწაც მოასწრეს. და ერთი სული აქვთ, როდს გამოვლენ სტარტზე.

და სანამ ამ მოლოდინში არიან, სხვადასხვანაირად იქცევენ თავს. მაგალითად, „ფერარიმ“ თავის პილოტ შარლ ლეკლერს, სარბოლო SF1000-ით მარანელოს ქუჩებში გასეირნების საშუალება მისცა.

ცნობისათვის, „ფერარი“ ამ სეზონში ფორმულა 1-ის მე-1000 რბოლაში მიიღებს მონაწილეობას. მანქანის სახელში ეს რიცხვი სწორედ ამის აღსანიშნად დაემატა. გუნდმა სეზონისთვის გაჭიანურებული მზადებისას, არაერთი სიახლე მოამზადა და იმედოვნებს, რომ სტარტიდანვე კონკურენტუნარიანი იქნება.

სანამ ფორმულა 1 „ჩაკეტილი“ იყო, „ფერარიმ“ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო - სებასტიან ფეტელს კონტრაქტი არ გაუგრძელა და მის ადგილზე, კარლოს საინსი მიიწვია, რომელიც იტალიური გუნდის სახელით, 2021 წლიდან იასპარეზებს. გუნდის ლიდერი კი შარლ ლეკლერი ხდება, რომელმაც გასული სეზონის ბოლოს, „სკუდერიასთან“ კონტრაქტი 2024 წლის ბოლომდე გააგრძელა.

გუნდმა მარანელოს ქუჩებში ლეკლერის გასეირნება დილაუთენია ჩაატარა. აქციაში ადგილობრივი კარაბინერებიც მონაწილეობდნენ, რომლებმაც ყოველი შემთხვევისთვის, გზა გადაკეტეს.

„დილა მშვიდობისა მარანელო! ვწუხვარ, თუ ამ დილით ძილი დაგიფრთხეთ, უბრალოდ, სამსახურში მივდივარ“, - მოგვიანებით, საკუთარ ტვიტერზე დაწერა ლეკლერმა.

0.115591