ფეხბურთი

15:36 | 22.06.2020 | ნანახია [] - ჯერ

თურქული ფეხბურთის გრანდი ოთარ კიტეიშვილის გადაბირებას გეგმავს

თურქული ფეხბურთის გრანდი „ფენერბახჩე“ ოთარ კიტეიშვილის გადაბირებას აპირებს. Fotomac.com.tr-ის ინფორმაციით, სტამბოლელებმა გერმანელი მაქს კრუსეს შემცვლელი, რომელმაც კლუბთან კონტრაქტი გაწყვიტა, ავსტრიაში იპოვეს.

ის გრაცის „შტურმის“ ქართველი შემტევი ოთარ კიტეიშვილია, რომელსაც 10 ნომრის პოზიციაზე იდეალურ ვარიანტად განიხილავენ.

თურქებისთვის ტრანსფერს განსაკუთრებით მიმზიდველს ხდის ოთარის დაბალი სატრანსფერო ღირებულება - 1.5 მილიონი ევრო. როგორც ზემოხსენებული წყარო იტყობინება, "ფენერბახჩე" რჩევებისთვის არჩილ არველაძესაც დაუკავშირდა და ცხადია, მისგან მხოლოდ დადებითი ინფორმაცია მიიღო.

კიტეიშვილს „შტურმთან“ კონტრაქტი 2022 წლამდე აქვს გაფორმებული და შეუძლია, როგორც ნახევარდაცვის ცენტრში, ისე ფორვარდებს უკან თამაში. ჩვენებური გრაცულ გუნდში 2018 წელს, "დინამო თბილისიდან" 760 ათას ევროდ გადავიდა და ავსტრიული კლუბის მაისურით ჩატარებულ 64 მატჩში 9 გოლი და 11 საგოლე პასი მიითვალა. მიმდინარე სეზონში კი 32 თამაშში 5 გოლით და 7 ასისტით გამოირჩა.

0.11353