კალათბურთი

1:45 | 20.06.2020 | ნანახია [] - ჯერ

ქართველების დომინანტური თამაში: შერმადინის ორმაგი დუბლი და შენგელიას MVP

ესპანეთის ლიგა ენდესას ფინალური ეტაპის A ჯგუფის მეორე ტურში ქართული დერბი შედგა. თორნიკე შენგელიას „ბასკონია“ გიორგი შერმადინის „იბეროსტარ ტენერიფეს“ დაუპირისპირდა და 79:72 სძლია.

პირველ ტურში ვიტორიელებმა მოიგეს, ხოლო კუნძულელებმა მარცხი განიცადეს, შესაბამისად, შერმადინის გუნდმა დღევანდელი მარცხის შემდეგ ჯგუფიდან გასვლის პრაქტიკულად დაკარგა.

ქართველები მოედანზე ცალსახად საუკეთესოები იყვნენ. შენგელია ზოგადად მატჩის MVP გახდა, ხოლო შერმადინი თანაგუნდელებში იყო საუკეთესო.

თორნიკემ პარკეტზე ზუსტად 31 წუთი გაატარა და ხსენებულ დროში 21 ქულა, 6 მოხსნა და 7 პასი მიითვალა. ქართველმა მძიმე ფორვარდმა 10-დან 7 ორქულიანი (70%), 1-დან1 სამქულიანი (100%) და 4-დან 4 საჯარიმო (100%) ჩააგდო. შედეგად, მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 34-ს გაუტოლდა, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელი გამოდგა.

შერმადინიც დიდებულად გაისარჯა - 26:38 წუთში გიორგიმ 18 ქულა, 11 მოხსნა, 1 დაფარება, 1 ჩაჭრა მიითვალა და ერთადერთი გამოდგა, ვინც ორმაგი დუბლი შეასრულა. ქართველმა ცენტრმა 13-დან 7 ორქულიანი (54%) და 4-დან 4 საჯარიმო (100%) ჩააგდო. მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 23 აღმოჩნდა.

სხვათა შორის, ქართველები სხვადასხვა კომპონენტებში საუკეთესოები იყვნენ. შენგელია მარგი ქმედების კოეფიციენტით (34), ქულებით (21) და პასებით (7, მარსელინო უერტასთან ერთად), ხოლო შერმადინი მოხსნებით (11). ისიც ვთქვათ, რომ გიორგი ქულებით და მარგი ქმედების კოეიფიციენტის მაჩვენებლით მხოლოდ თორნიკეს ჩამორჩა.

ორი ტურის შემდეგ „ბასკონიას“ 2 გამარჯვებით ჯგუფში „ბარსელონასთან“ ერთად ლიდერის პოზიცია უკავია, „იბეროსტარ ტენერიფე“ „ბილბაოსთან“ ერთად უქულოდ აუტსაიდერია. მესამე ტურში „ბასკონია“ 21 ივნისს, „ბარსელონას“ შეხვდება, ხოლო „ტენერიფე“ იმავე დღეს „ბილბაოს“ გაეჯიბრება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.127979