რაგბი

15:06 | 15.06.2020 | ნანახია [] - ჯერ

გოჩა სვანიძე: „მე გუნდური მოთამაშე ვარ“

საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტმა გოჩა სვანიძემ, ოფიციალური გვერდის ფეისბუქ-ჩართვისას 4 წლის წინანდელი პერიოდი გაიხსენა, როდესაც არჩევნებში პირველად მიიღო მონაწილეობა.

მან ასევე იმ გუნდის შესახებ ისაუბრა, რომელიც მაშინ უმაგრებდა ზურგს და რომელიც ახლაც მისი მხარდამჭერია:

„პრეზიდენტობა, გნებავთ ნებისმიერი თანამდებობა, ჩემი ცხოვრების მიზანი არასდროს ყოფილა. ეს არის საქმის გაკეთების საშუალება. უმრავლესობას კარგად ემახსოვრება 4 წლის წინანდელი არჩევნები, რომელიც გაუქმდა და მეორედ დაინიშნა. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი სურვილი არ იყო, რადგან განმეორებითი არჩევნებისთვის კანდიდატები არ იყო, მასში მე და ილია ზედგინიძემ მივიღეთ მონაწილეობა და ის ჩემი არჩევით დასრულდა. კანდიდატად დასახელებამდე რამდენიმე დღით ადრე ვინმეს რომ ეთქვა მე პრეზიდენტი გავხდებოდი, ნამდვილად გამიკვირდებოდა, თუმცა ცხოვრება იმითაა საინტერესო, რომ ხანდახან ყველაფერი ისე არ ხდება, როგორც ჩვენ წარმოგვიდგენია“.

„გუნდი, რომელსაც მე წარმოვადგენ, რაგბის კავშირს აგერ უკვე 16 წელია მართავს, ზოგიერთი მათგანი კი, კავშირში 20 წლის წინაც იყო. ამ ადამიანების ხელში რაგბმა საქართველოში დიდ წარმატებას მიაღწია. 2003 წლის მსოფლიო თასზე გასვლა დიდი გმირობა იყო, თუმცა გარდამტეხი 2007 წლის მსოფლიო თასი აღმოჩნდა. ეს იყო როგორც მორაგბეების და მწვრთნელების, ასევე ხელმძღვანელობის და რიგითი თანამშრომლების დამსახურება. პირველი გამარჯვება ნამიბიასთან და უფრო მნიშვნელოვანი, სასწაული თამაში ირლანდიასთან, აღმოჩნდა გარდამტეხი ქართული რაგბის ცხოვრებაში“.

„რაგბის განვითარებაში სახელმწიფო ჩაერთო, გამოჩნდა ფონდი „ქართუ“, რომელმაც შექმნა ის ინფრასტრუქტურა, რომლის გარეშე განვითარება და წარმატებები წარმოუდგენელი იქნებოდა. ამ პერიოდში რაგბს მართავდა გუნდი, ჯერ მერაბ ანთაძის და მერე გია ნიჟარაძის ხელმძღვანელობით. ანთაძის დროს დაიწყო სახელმწიფოსგან დაფინანსება და გაიხსნა პირველი ბაზა, ნიჟარაძის დროს კი, ქართულმა რაგბმა განსაკუთრებულ წარმატებებს მიაღწია“.

„2016 წელს, მე დავემორჩილე გუნდის გადაწყვეტილებას და სწორედ ამიტომ ვარ დღეს აქ. მე გუნდური მოთამაშე ვარ და ჩვენ გვაერთიანებს სტრატეგიული ხედვის თანხვედრა. ჩვენ ვიცით, რომ ნებისმიერი საკითხი ქართული რაგბის წინსვლას და განვითარებას უნდა ემსახურებოდეს და არა ვინმეს პირად, ან კლუბის ინტერესს. ჩვენ გუნდის შიგნით ბევრჯერ გვქონია მწვავე კამათი სხვადასხვა საკითხთან მიმართებაში, რაც მუშა პროცესია და მე ბედნიერი ვარ, რომ ასეთ ადამიანებთან მიწევს მუშაობა“.

RUGBY.GE

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.103659