ფეხბურთი

11:48 | 10.06.2020 | ნანახია [] - ჯერ

ზლატანი და კაკა სერია B-ში? ბერლუსკონის დიდი მიზნები პატარა "მონცაში"

მოკრძალებული „მონცას“ სერია B-ში 18-წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნება აპენინის ნახევარკუნძულზე ეს ორი დღეა მთავარი საფეხბურთო თემაა. ცხადია ეს იმიტომ, რომ ლომბარდიელების მფლობელი ლეგენდარული სილვიო ბერლუსკონია.

„მონცა“ დიდ მიზნებს და დაუყოვნებლივ სერია A-ში აღზევებას რომ გეგმავს, ამაზე ბერლუსკონიმ და ადრიანო გალიანიმ უკვე ისაუბრეს. ახლა კი, დონ სილვიო მის გუნდში თვით ზლატან იბრაჰიმოვიჩის და აგრეთვე, რიკარდო კაკას ტრანსფერებსაც არ გამორიცხავს.

„სერია A? კარგი იქნება, მაგრამ ამის თქმა ჯერ საჭირო არაა. ვემზადებით სერია B-ში კარგი ჩემპიონატის ჩასატარებლად, ვფიქრობთ, 4-5 ფეხბურთელით გაძლიერებაზე და შემდეგ ვნახოთ. თუმცა, ძალიან ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, რომ სერია B-შიც შეგვიძლია გამარჯვება.

აღზევებით დიდი სიხარული განვიცადე, ეს ფეხბურთელების, მწვრთნელების, ყველა მენეჯერის დამსახურებაა, განსაკუთრებით ადრიანო გალიანის, რომელიც ყოველთვის აქტიური იყო. მაგრამ, ჩემი წვლილიცაა, მოთამაშეებს ყოველთვის ვესაუბრებოდი იმაზე, როგორ მივაღწიეთ „მილანში“ დიდებულ შედეგებს.

ვის ვუქომაგებ „მილანი“ – „მონცას“ მატჩში? ჩემი გულის ნახევარი „მილანს“ ეკუთვნის, ნახევარი „მონცას“ და ვფიქრობ, თამაშის დროსაც ასე იქნება.

იბრაჰიმოვიჩის ტრანსფერი? ის და კაკა ჩვენი მიზნები იყო, რადგან დიდი ფეხბურთელები არიან. არასდროს იცი რა მოხდება, ამას ვამბობ იბრაჰიმოვიჩის და კაკას შემთხვევაშიც“, - თქვა ბერლუსკონიმ.

ჩვენის მხრივ, შეგახსენებთ, რომ იბრაჰიმოვიჩს „მილანთან“ კონტრაქტი სეზონის ბოლოს ეწურება და თავისუფალი აგენტი ხდება, ხოლო კაკას საფეხბურთო კარიერა დასრულებული აქვს. თუმცა ვინ იცის, იქნებ სილვიოს წინადადებას დათანხმდეს კიდეც...

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.131225