რაგბი

13:49 | 9.06.2020 | ნანახია [] - ჯერ

7-ქალას ახალი კაპიტანი - ნათია გავაშელი

მას შემდეგ, რაც შარშან ქეთი მოდებაძემ აქტიურ სპორტს თავი დაანება, საქართველოს 7-ქალა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ჯაბა მალაღურაძემ გუნდის კაპიტნად ნათია გავაშელი დაასახელა.

ახლადგამომცხვარი კაპიტანი სპორტზე 3 წლიდან დადიოდა. ის 8-9 წლის განმავლობაში ტანვარჯიშით იყო დაკავებული, მერე კი ფრენბურთზე გადაერთო და 5-6 წელი სპორტის ამ სახეობაში გაატარა. 5 წლის წინ ნათია რაგბით დაინტერესდა და რუსთავის ‘ხარებში’ მივიდა, ოვალურ ბურთს ალღო მალე აუღო და საქართველოს ნაკრებში უხმეს, წელს კი საპასუხისმგებლო საქმე – კაპიტნობა ანდეს.

„რაგბზე ჩემი ძმა და დეიდაშვილი დადიოდნენ, თუმცა მე ბავშვობაში სხვა სპორტით ვიყავი გატაცებული. 5-6 წლის წინ, ჩემი თანაგუნდელი ფრენბურთიდან რაგბზე გადავიდა და ისე მოიხიბლა მითხრა – ძალიან მაგარი სიტუაციაა და შენც აუცილებად უნდა სცადოო. ასე შემთხვევით მოვხვდი რუსთავის „ხარებში“, სადაც პირველი ნაბიჯები ლაშა კაკაბაძის ხელმძღვანელობით გადავდგი. მართლა ძალიან კარგი სიტუაცია იყო და ვხდებოდი, რომ რაგბი დღითიდღე მიყვარდებოდა. მერე ნაკრებში დამიძახეს, რაც უკვე სასწაული იყო და რაგბს ჩემი ცხოვრება სრულად დაუკავშირე. ძალიან დამეხმარა 7-ქალას მწვრთნელი გიორგი მაისურაძე, რომელმაც რაგბისთვის საჭირო ფიზმომზადება ფაქტობრივად თავიდან გამატარა და ახლა მოედანზე თავს კარგად ვგრძნობ“ – იხსენებს რაგბზე მისვლის დღეებს აწ უკვე 7-ქალას კაპიტანი, რომელიც თვლის, რომ ძალიან გაუმართლა, რადგან აქვს შესაძლებლობა საკუთარი ქვეყნისთვის ღირებული რამ გაეკეთებინა:

„18 წლის ვიყავი და თავიდან ვერც ვაცნობიერებდი რას ნიშნავდა ნაკრებში დაძახება. ერთი ის იყო, რომ მიხაროდა და სასიამოვნო გარემოში აღმოვჩნდი, თუმცა მერე მივხვდი რამდენად დიდი ნაბიჯი გადავდგი. 20-22 წლის ასაკში ყველას არ ეძლევა იმის შესაძლებლობა, რომ ქვეყნისთვის რაიმე ღირებული გააკეთოს და ამ მხრივ ნამდვილად გამიმართლა“.

„ჩემი გოგონების იმედი ყოველთვის მაქვს“

გავაშელი ნაკრების კაპიტნად წელს დაასახელეს და მას გუნდი მოედანზე ჯერ არ გაუყვანია, თუმცა კარგად გრძნობს იმ პასუხისმგებლობას, რომელიც მას აკისრია:

„დიდი პასუხისმგებლობაა, როდესაც შენი ქვეყნის გუნდის კაპიტნად გირჩევენ. ეს არაა პრივილეგია, რადგან მე ჩვეულებრივ ადამიანად ვრჩები, რომელმაც შესაძლოა შეცდომა დაუშვას. სათამაშო სახეობებში და განსაკუთრებით რაგბში, ერთი ადამიანი ვერაფერს წყვეტს და ჩემი გოგონების იმედი მაქვს, რომლებიც ზუსტად ვიცი, მოედანზე არასდროს ნებდებიან და მუდამ ბოლომდე იბრძვიან. ჩვენ პირველ რიგში მეგობრები ვართ და თუ საჭირო გახდება, მზად ვარ ვიყო მათთვის მაგალითის მიმცემი, თუმცა დარწმუნებული ვარ, სათითაოდ ყველას კარგად აქვს გათვითცნობიერებული, რას ნიშნავს ქვეყნის სახელით თამაში“.

საქართველოს 7-ქალა ნაკრებმა 2018 წელს ხელშესახებ წარმატებას მიაღწია, კონფერენც დივიზიონი მოიგო და „ალაფაზე“ აღზევდა, სადაც შარშან ადგილი შეინარჩუნა:

„ეს წარმატება გუნდის ყველა წევრისთვის პირველი იყო, მიზანს მივაღწიეთ, ზედა დივიზიონში ავედით და ემოციებისგან ცრემლებს ვერ ვიკავებდით. შარშან უფრო მაღალი დონის გუნდებს ვეთამაშეთ და ცოტა გაგვიჭირდა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, მათაც მალე დავეწევით. მე 5 წელია რაგბს ვთამაშობ, ზოგმა 2 წლის წინ დაიწყო სიარული და ასეთ დროს სისტემის აწყობა რთულია, თუმცა დარწმუნებული ვარ შევთამაშდებით და მომავალ ტურნირზე მეტს მივაღწევთ“.

რაგბი ჭკვიანების თამაშია

ნათია გავაშელი განსაკუთრებით ემადლიერება ნაკრების მწვრთნელებს და მენეჯერს:

„გოგონები რაგბში სხვადასხვა სპორტიდან ვართ მოსული და ყველანი ვთანხმდებით, რომ ასეთი დამოკიდებულება, ერთიანობა, არსად ყოფილა. ამისათვის მადლობას ვუხდი მწვრთნელებს – ჯაბა მალაღურაძეს და გიორგი მაისურაძეს. ჩვენთან ურთიერთობა იოლი არაა, თუმცა ისინი ბევრს შრომობენ, მუდამ ჩვენს განვითარებაზე არიან ორიენტირებული და გვიცავენ იმ ნეგატივისგან, რაც არცთუ იშვიათია. ასევე დიდი მადლობა ჩვენს მენეჯერ ია ხურცილავას, რომელიც თან გვყვება და საუკეთესო პირობებს გვიქმნის. ის ძალიან კარგი ადამიანი და საუკეთესო მენეჯერია“.

„ბევრი ფიქრობს, რომ რაგბი მხოლოდ კაცების თამაშია და იქ გოგონებს არაფერი ესაქმებათ, თუმცა რეალურად, ასე სულაც არაა. რაგბი ჭკვიანური თამაშია, ნაკლები კონტაქტის და ენერგიის დახარჯვით, უნდა იპოვო სივრცე, რათა შენ ან შენმა გუნდელმა გაქცევა მოახერხოს და ლელო გაიტანოს. ამისთვის ინტელექტია საჭირო და ძალიან ბევრ გოგოს რაგბის თამაში მამაკაცზე უკეთ შეუძლია“.

და მაშინ, როდესაც COVID-19-ის პანდემიის ფონზე აქტიური სპორტული ცხოვრება თითქმის ყველგან გაჩერებულია, ნათია გავაშელი ძირითად დროს განათლებას უთმობს, რაც გონების სავარჯიშოდ და ინტელექტის ასამაღლებლად საუკეთესო საშუალებაა:

„უკვე 3-4 თვეა არ გვივარჯიშია და რაგბი ძალიან მომენატრა – განსაკუთრებით გარემო და თანაგუნდელები. ეს პერიოდი სახლის პირობებში მსუბუქად ვვარჯიშობ, მოსაწყენად კი ნამდვილად არ მცალია. თსუ-ს სტუდენტი ვარ და ეს პერიოდი ძირითადად სწავლას დავუთმე, რისი საშუალებაც ტურნირებისთვის მზადების პირობებში ნაკლებად მაქვს. სპორტი გარკვეულ ასაკამდე გრძელდება და ცოდნის მიღება აუცილებელია. გარდა ამისა, სწავლა გონების სავარჯიშოა, აზროვნების უნარს გიმაღლებს, რაც თამაშისთვისაც აუცილებელია“.

0.122738