ჭიდაობა

11:28 | 9.06.2020 | ნანახია [] - ჯერ

ვაკის ფალავანთა კლუბი ჭიდაობის ფედერაციას ხანგრძლივი სარგებლობის უფლებით გადაეცა

ვაკის ფალავანთა კლუბი ჭიდაობის ფედერაციას ხანგრძლივი სარგებლობის უფლებით გადაეცა. საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომელსაც ქართველი მოჭიდავეები და ჭიდაობის მოყვარულები წლების განმავლობაში ელოდნენ.

გეგა გეგეშიძე (საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი):

„ეს არის ისტორიული გადაწყვეტილება. უმნიშვნელოვანესი ამბავი ქართული ჭიდაობისთვის. ხანგრძლივი სარგებლობის უფლებით გადმოგვცეს ვაკის ფალავანთა კლუბი, რომელშიც აქამდე დროებით ვიყავით შესახლებულები და ხელშეკრულება მხოლოდ თითო სეზონით ახლდებოდა ხოლმე. დიდი მადლობა საქართველოს მთავრობას და პირადად პრემიერ მინისტრ გიორგი გახარიას. მადლობა შალვა გოგოლაძეს, გიორგი დუგლაძეს და აბსოლუტურად ყველას, ვისაც ამ კარგ საქმეში წვლილი მიუძღვის. ვაკის ფალავანთა კლუბში წინა საუკუნის სამოციანი წლებიდან მოყოლებული უამრავი სახელოვანი მოჭიდავე გაიზარდა. საქართველოს თავისუფალი და ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებებისთვის ფალავანთა კლუბი ახლაც ერთ-ერთი უმთავრესი მოსამზადებელი ადგილია. მიხარია, რომ მომავალშიც ასე გაგრძელდება“.

ლერი ხაბელოვი (საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი):

„ვულოცავ ჭიდაობის და სრულიად სპორტის ყველა გულშემატკივარს. მოჭიდავეებს გადასცეს დარბაზი, რომელსაც ძალიან დიდი ისტორია აქვს. ფალავანთა კლუბი არის ჭიდაობის კერა, სადაც აღიზარდნენ სახელოვანი სპორტსმენები. ამ გადაწყვეტილებას დიდი ხანი ველოდებოდით და მიხარია, რომ მიზანს მივაღწიეთ“.

საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრესსამსახური

0.116435