ფეხბურთი

16:47 | 2.06.2020 | ნანახია [] - ჯერ

"პატარა გოგოსავით კიოდა" - პოლ სქოულზმა 21 წლის წინ მიღებული ყვითელი ბარათი გაიხსენა

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ნახევარმცველმა პოლ სქოულზმა 1999 წლის ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში „იუვენტუსთან“ მიღებული ყვითელი ბარათის ეპიზოდი გაიხსენა, რის გამოც ფინალი გამოტოვა.

მაშინ ინგლისელმა ტურინელთა ფრანგი საყრდენის, დიდიე დეშამის წინააღმდეგ დაარღვია თამაშის წესი და შვეიცარიელმა ურს მაიერმა გააფრთხილა. პოლი მიიჩნევს, რომ ჯარიმა არ იყო და დეშამი პატარა გოგოსავით კიოდა, რომ მსაჯს ყვითელი ბარათი ეჩვენებინა.

„ეს ეპიზოდი ძალიან ბევრჯერ ვნახე და მართალი გითხრათ, არ მიმაჩნია, რომ ჯარიმა გახლდათ. ის ზუსტად მსაჯის წინ იყო და კიოდა, როგორც პატარა გოგონა, რაც საერთოდ არ დამეხმარა. გამაფრთხილეს და ფინალი გამოვტოვე. თუმცა, არავინ იცის ცხოვრებაში რა მოხდება, იქნებ ის ფინალი მაინც არ მეთამაშა. ეს ისეთი საკითხებია, რომლებთანაც ერთად უნდა იცხოვრო. ცხადია, იმ დროს განადგურებული ვიყავი, მაგრამ არაფრის გაკეთება შემეძლო“, - თქვა სქოულზმა.

შეგახსენებთ, 1999 წლის 21 აპრილს, „მანჩესტერმა“ ტურინში „იუვენტუსი“ 3:2 დაამარცხა და ფინალში გავიდა, რომელიც სქოულზის გარდა დისკვალიფიკაციის გამო როი კინმაც გამოტოვა. ამის მიუხედავად „წითელმა ეშმაკებმა“ ფინალში „კამპ ნოუზე“ „ბაიერნი“ 2:1 დაამარცხეს.

სხვათა შორის, ურს მაიერი ფინალის წინ ნაჩვენები ყვითელი ბარათებით გამოირჩეოდა. სქოულზმა და კინმა 1999 წლის ფინალი გამოტოვეს, ხოლო 2003 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალი პაველ ნედვედმა სწორედ შვეიცარიელის მიერ ნაჩვენები გაფრთხილებით გამოტოვა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.197041