ავტოსპორტი

5:05 | 29.05.2020 | ნანახია [] - ჯერ

FIA ფორმულა 1-ის ახალი წესები გამოაქვეყნა

საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციის (FIA) მსოფლიო მოტორსპორტის საბჭომ (WMSC) მოიწონა ახალი წესები, რომელთა შესაბამისადაც, ფორმულა 1-ის 2020 და 2021 წლების მსოფლიო ჩემპიონატები გაიმართება. ახალი წესები, გუნდებისთვის ბიუჯეტების შეზღუდვას ითვალისწინებს.

წესებში ასევე განსაზღვრულია, თუ როგორ გაიმართება რბოლები კორონავირუსის პანდემიის პირობებში. პირველ რიგში, ლაპარაკია იმაზე, რომ წლევანდელი სეზონის საწყისი ეტაპები, მაყურებლების გარეშე ჩატარდება.

WMSC-მ 2021 წლის სეზონისთვის, ბიუჯეტების შეკვეცილი ჭერის გარდა, სარბოლო ავტომობილების მინიმალური წონის გარდა, ასევე აეროდინამიკური ეგრეთ წოდებული ჰანდიკაპის წესი მოიწონა.

აერო ჰანდიკაპი, გუნდებს აეროდინამიკაზე მუშაობას, კონსტრუქტორთა ჩემპიონატზე დაკავებული ადგილების მიხედვით შეუზღუდავს. კერძოდ, მოწინავე გუნდებს, აეროდინამიკურ მილში მუშაობა და კომპიუტერული სითხის დინამიკის გამოყენება უფრო მეტად შეეზღუდებათ, ვიდრე უკანა ადგილებზე გასულებს. ეს კი მათს კონკურენტუნარიანობას მეტნაკლებად გაათანაბრებს. დაწესდება ლიმიტები ძრავების სტენდურ ტესტებზე. ოღონდ, ეს ჩემპიონატში დაკავებულ ადგილებს არ დაუკავშირდება.

მომავალი წლიდან ბიუჯეტების ჭერი 175 მილიონიდან, 145 მილიონ დოლარამდე შეიკვეცება. მომდევნო ორ სეზონში კი მას კიდევ 5-5 მილიონი მოაკლდება. ბიუჯეტების ჭერში, გუნდების პერსონალის ჯანმრთელობაზე და ვაქცინციაზე გაღებული ხარჯები არ შევა.

როგორც ცნობილია, ახალი ტექნიკური რეგლამენტი, 2021 წლის ნაცვლად, ძალაში 2022 წელს შევა. ამასთან დაკავშირებით, გუნდებს ახლანდელი მანქანების კონსტრუქციის დახვეწა შეეზღუდებათ. ამის გასაკონტროლებლად, შემოღებულია ეგრეთ წოდებული ჟეტონების სისტემა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116868