ფეხბურთი

18:23 | 22.05.2020 | ნანახია [] - ჯერ

კარლო ანჩელოტი: "ის პირველი ფეხბურთელი იყო, რომლის გამოც სათამაშო სისტემა შევცვალე"

ლივერპულის „ევერტონის“ მთავარმა მწვრთენელმა კარლო ანჩელოტიმ განაცხადა, რომ ზინედინ ზიდანი პირველი ფეხბურთელი იყო, რომლის გამოც სათამაშო სისტემა შეცვალა.

ანჩელოტიმ ზიდანის გარდა, „იუვენტუსში“ გატარებული პერიოდი გაიხსენა და იტალიაში არსებულ საფეხბურთო გარემოზე ისაუბრა.

„ზიდანთან ერთად შევეცადე ჩემი სათამაშო სისტემის შეცვლა. ის პირველი მოთამაშე იყო, რომელმაც საშუალება მომცა შეცვლის და განსხვავებულად მეთამაშა. პირველ წელს 3-4-1-2 სისტემით ვთამაშობდით, დელ პიერო - ინძაგის უკან ზიდანი იდგა. მეორე წელს დაცვაში ოთხი მცველით თამაში დავიწყე, მაგრამ გამთამაშებლის პოზიცია დავტოვე, სადაც ისევ ზიდანი იყო დელ პიეროსა და ინძაგის უკან. ზიდანმა ფეხბურთში ჩემი იდეა შეცვალა, მანამდე მხოლოდ 4-4-2 სქემით ვთამაშობდი, შემდეგ კი ზიდანთან ერთად ცვლილების გაკეთების შანსი მომეცა.

„იუვენტუსის“ გამოცდილება მიუხედავად იმისა, რომ ტიტულები ვერ მოვიგე, ჩემთვის კარგი იყო, რადგან გავიგე თუ როგორ უნდა იმუშაოს გუნდმა მწვრთნელისთვის და მნიშვნელობა არ აქვს იმას, რომ გამათავისუფლეს. გავიგე, როგორ უნდა დაეხმაროს ხელმძღვანელობა მწვრთნელს.

„ბაიერნიდან“ წასვლის შემდეგ იტალიაში დაბრუნება მინდოდა. „ნაპოლი“ შესანიშნავი გამოცდილება იყო, მაგრამ თუ გამორჩეული ჩემპიონატი უნდა ავირჩიო, პრემიერლიგას დავასახელებ, რადგან იქ საოცარი ატმოსფეროა. იტალიაში ცხრაწლიანი პაუზის შემდეგ დავბრუნდი და არაფერი შეცვლილა. წნეხი იგივეა, გულშემატკივრებში ძალადობა ჩვეულებრივი ფაქტია, იტალიური ფეხბურთი ცდილობს შეცვლას, მაგრამ ადვილი არაა იმ ქვეყნის კულტურის შეცვლა, რომელიც სამწუხაროდ ჯერ კიდევ ძალადობით და აგრესიით სავსეა.

რონალდუ? საჭირო არაა რონალდუს გარშემო გუნდის აშენება, მაგალითად ისე, როგორც ზიდანის შემთხვევაში მოვიქეცი, რომელიც უბრალოდ საუკეთესო პირობებში ჩავსვი. ზედმეტი მითითების გაკეთება საჭირო არაა, ისინი პროფესიონალები და დიდი ჩემპიონები არიან“, - თქვა ანჩელოტიმ Sky Sport-თან საუბარში.

შეგახსენებთ, რომ კარლო ანჩელოტი ზინედინ ზიდანის მწვრთნელი „იუვენტუსში“ 1999 წლის თებერვლიდან 2001 წლის ივნისამდე იყო. მოგვიანებით კი, მადრიდის „რეალში“ მუშაობისას „ზიზუ“ მისი ასისტენტიც გახლდათ.

0.12696