ფეხბურთი

15:22 | 21.05.2020 | ნანახია [] - ჯერ

შოთა არველაძე: "რუსეთის ნაკრებში არ ვიმუშავებ, წართმეული მიწები ჯერ არავის დაუბრუნებია!"
"საქართველოში პრემიერმინისტრობა უფრო ადვილია, ვიდრე მწვრთნელობა"

ტაშკენტის „ფახთაქორის“ მთავარმა მწვრთნელმა რუსულ გამოცემა Sports.ru-ს ვრცელი ინტერვიუ მისცა. ქართველმა სპეციალისტმა არამარტო ფეხბურთის, არამედ ზოგად საკითხებზე ისაუბრა.

შოთა იხსნენებს, რომ საქართველოს ნაკრების თავკაცობა ორჯერ შესთავაზეს, მაგრამ ორივე შემთხვევაში სხვადასხვა მოტივით უარი თქვა. ვეტერანმა ქართველმა ფეხბურთელმა ასევე განმარტა რატომ უთხრა 2010 წელს დიკ ადვოკაატს რუსეთის ნაკრების სამწვრთნელო შტაბში მუშაობზე უარი.

- პირველად როდის დაფიქრდით მწვრთნელობაზე?

- ბავშვობიდან, ყველაზე აქტიური ვიყავი მოედანზე, მწვრთნელებთან კამათი, ფეხბურთელებზე ყვირილი და ზოგადად, ვფიქრობდი, რომ სხვებზე მეტი ვიცოდი. რა თქმა უნდა, ვხუმრობ. 30 წლის შემდეგ დავიწყე მწვრთნელობაზე ფიქრი. მანამადე, სანამ ლუის ვან გაალს „ალკმაარში“ შევხვდებოდი, დიდი მწვრთნელები მყავდა, მაგრამ ის სრულიად განსხვავებული იყო. ისეთივე, როგორც იოჰან კრუიფი, ფეხბურთის ფილოსოფიას უყურებდა. ვან გაალი ფეხბურთელებს გასახდელში კითხვებს უსავმდა ძლიერი მხარეების შესახებ.

- ყველაზე მეტად რომელმა კითხვამ გაგაკვირვათ?

- რომელი მხრიდან უკეთ შემეძლო თავით დარტყმა, რომელი ფლანგიდან მერჩივნა ჩაწოდება მარჯვნიდან თუ მარცხნიდან. ასეთი ბევრი პატარა დეტალი იყო. ფეხბურთელობისას ვერასდროს ვახერხებდი მისი აზრების წაკითხვას, მხოლოდ მასთან ასისტენტად მუშაობის შემდეგ დავიწყე იმის გაგება, თუ რას უნდა ველოდოთ მისგან კონკრეტულ სიტუაციაში.

- კიდევ რა გახსოვთ ვან გაალის შესახებ?

- როდესაც ვფიქრობდით, რომ კარგად ვთამაშობდით, შესვენებაზე უბრალოდ გვეუბნებოდა, რომ საშინლად ვთამაშობდით, ან პირიქით. არ მახსოვს მწვრთნელი, რომელიც შესვენებაზე მშვიდად გვესაუბრებოდა, უმეტესობა ჩვეულებრივ ყვიროდა, რომ ჩვენ დიდ ფულს ვიღებდით, მაგრამ ვერაფერს ვაჩვენებდით მოედანზე. ვან გაალი ასე არ იყო. თუ წავაგებდით, არ აწყობდა მატჩის შემდგომ პროსკონფერენციებს, მუშტებს არ იქნევდა.

- „ტრაბზონსფორში“ თამაშობდით, კლუბის ლეგენდა იყავით. როგორი იყო დაბრუნება მწვრთნელის რანგში?

- ყველას გვინდა ვიყოთ იქ, სადაც ყოფნა გვიყვარს. ტრაბზონში სიყვარულს ვგრძნობ ჩემს, ჩემი ძმისა და ოჯახის მიმართ. ერთის მხრივ ეს დიდი მოტივაციაა, მეორეს მხრივ დიდი პასუხისმგებლობა. ნებისმიერ შემთხვევაში გულშემატკივრებს შედეგი სჭირდებათ. იმ პერიოდში კლუბს დიდი ფინანსური პრობლემები ჰქონდა, მოთამაშეთა დავალიანება 800 ათას დოლარს შეადგენდა. სამწუხაროდ შედეგის ჩვენება ვერ მოხერხდა. როდესაც კლუბი დავტოვე, ბევრი გულშემატკივარი აეროპორტში გამომყვა, დღემდე ბევრი მწერს და ბოდიშს მიხდიან, რომ მხარს სათანადოდ არ მიჭერდნენ.

- დღეს „ფახთაქორის“ მწვრთნელი ხართ. როგორ მოხდა ეს?

- ალიშერ უსმანოვის დამსახურებით კლუბის მფლობელ ბობურ შოდიევს შევხვდი. ტაშკენტში გავფრინდი, ყველას პირადად შევხვდი. დარწმუნებული ვიყავი, რომ ყველანაირი პირობა იყო მუშაობისთვის და ფეხბურთის განვითარებისთვის. შემდეგ კიდევ რამდენჯერმე შევხვდით და საბოლოოდ კონტრაქტის გაფორმებაში დამარწმუნა.

- არ გგონიათ, რომ ეს უკან გადადგმული ნაბიჯია?

- უკან გადადგმული ნაბიჯია, როდესაც მოტივაციას დაკარგავ. თუ მწვრთნელს მუშაობა სურს, ეს ცუდია? მთავარი ცოდნის გაღრმავება და წინსვლაა. ის, რომ ახლა „ფახთაქორში“ ვარ, ჩემს მოტივაციაზე არ მოქმედებს, თუ ოდესმე „ბარსელონას“ ან „რეალს“ გავწვრთნი, იგივე მოტივაცია მექნება.

- ზამთარში „ფახთაქორმა“ ერენ დერდიოკი დაიმატა. როგორ დაარწმუნე?

- იმის მიუხედავად, რომ კარგად ვიცნობ, უნდა დამერწმუნებინა. უპირველეს ყოვლისა ოჯახის წევრების გამო წუხდა. ბოლო პერიოდში თურქეთში თამაში თითქმის აღარ უწევდა და ამ შემთხვევაში უნდა გადაწყვიტო: ფეხბურთელი ხარ თუ ბიზნესმენი, რომელიც უბრალოდ ფულს გამოიმუშავებს. მას ეროვნულ ნაკრებში დაბრუნება, მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონატზე თამაში უნდა. ვფიქრობ, რომ „ფახთაქორში“ ტრანსფერით მოიგო: თამაშობს აზიის ჩემპიონთა ლიგაზე და კარგ ფორმაშია.

- დერდიოკი წელიწადში 1.5 მილიონ ევროს გამოიმუშავებს. ადებაიორის ტრანსფერი ჩაიშალა, რადგან მეტი მოითხოვა?

- დერდიოკი ბევრჯერ ნაკლები ჯდება. ადებაიორს დეკემბერში ლონდონში შევხვდი, შევთანხმდით, რომ ტაშკენტში ჩამოვიდა და პირობებს საკუთარი თვალით ნახავდა. არამხოლოდ ფინანსური პირობებია მნიშვნელოვანი, არამედ საყოფაცხოვრებო: სად უნდა იცხოვრო ოჯახთან ერთად, ივარჯიშო, ითამაშო. საბოლოოდ კმაყოფილი არ დარჩა, ბევრი ფრენა არ სურდა, ოდნავი შიშიც ჰქონდა.

- რა მიზნები აქვს „ფახთაქორს“?

- მინდა აზიის ჩემპიონთა ლიგა მოვიგოთ და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე ვითამაშოთ. მინდა უზბეკი ფეხბურთელები ევროპულ კლუბებში წავიდნენ. ამ ყველაფრის მიღწევა შეუძლებელია მყარი საფუძვლის გარეშე და ამ საფუძველს ერთად ვქმნით. ჩვენთან მუშაობენ მწვრთნელები თურქეთიდან, საქართველოდან, უზბეკეთიდან, ჰოლანდიიდან, ერთად ვქმნით კლუბის ფილოსოფიას.

- სამ სეზონში მოიგეთ ბრინჯაო, ვერცხლი და ბოლოს ოქროს მედალი 20-ქულიანი უპირატესობით. რატომ არ დატოვეთ გუნდი პიკის მომენტში?

- უნდა დატოვო? ამის გაკეთება ყოველთვის შეიძლება. დიახ, ბევრი ტიტული მოვიგეთ, მაგრამ ეს უკვე ისტორიაა. კლუბის საძირკველი იქმნება, შენდება ახალი სტადიონი, ბაზა, აკადემია. ჩვენ კონტრაქტი გავაფორმეთ ბელგიურ კომპანია Double Pass-თან, რომელიც მსოფლიოს ბევრ გამორჩეულ კლუბთან მუშაობს. დიდ ფულს ვუხდით, რომ კლუბს განვითარებაში დაეხმარონ.

- თქვენ თქვით, რომ უზბეკ ფეხბურთელებს ოცნება არ შეუძლიათ...

- რატომ არ ფიქრობენ ტოპ კლუბებში თამაშზე? ის, ვინც არ ოცნებობს, არ ხვდება. თუ საქართველოში პატარა ბიჭს ჰკითხავთ სად სურს თამაში, ევროპის ტოპ კლუბს დაგისახელებთ, იგივე კითხვას თუ უზბეკეთში დასვამთ, მოისმენთ არაბულ ქვეყნებ ან აზიის შესახებ პასუხს. უზბეკეთში 35 მილიონი ადამიანი ცხოვრობს და ევროპაში ფეხბურთელი არ ჰყავთ, თუმცა იქ თამაში შეუძლიათ. ბოლო წლებში მიდგომა შეიცვალა, ფეხბურთის დონე გაიზარდა, ბევრი ნიჭიერი ფეხბურთელი გამოჩნდა, მნიშვნელოვანია, რომ რუსეთის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი უზბეკია.

- რა არის თქვენი ოცნება?

- როგორც ფეხბურთელმა ჩემი ოცნებები ავიხდინე: ვითამაშე „დინამოში“, საქართველოს ნაკრებში, ევროპაში, გავიტანე გოლები, დავამყარე რეკორდები. როგორც მწვრთნელს ჯერ არ მაქვს ოცნება, ახლა დრო მხოლოდ მუშაობისთვისაა.

- „ზენიტთან“ თამაში ხშირად გახსენდებათ?

- ეს არ მავიწყდება. 3:0-ს ვიგებდით და 20 წუთში 3:4 წავაგეთ. „მაკაბიმ“ მხოლოდ სამჯერ ითამაშა ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე და ერთხელ ჩემს პერიოდში. ძალიან იმედგაცრუებული ვიყავი, კარგ ფეხბურთსაც აღარ ვუყურებდი, განაწყენებული ვიყავი, რადგან ამდენი დღის მძიმე მუშაობის შემდეგ შევძელით ასე ადვილად დაგვეთმო თამაში. თამაშის შემდეგ მეჩვენებოდა, რომ ფეხბურთელები განსაკუთრებით არ ღელავდნენ ამაზე. ყველამ იფიქრა, რომ „ზენიტთან“ დამარცხება ნორმალური იყო. როდესაც გასახდელში შევედი, ყველას ტელეფონი ეჭირა ხელში, ინსტაგრამში ფოტოებს ტვირთავდნენ. მეორე დღეს ფეხბურთელებს ვუთხარი, რასაც ვფიქრობდი ამაზე. თამაშის შემდეგ ლუჩესკუმ თქვა, რომ ასეთი რამ მის კარიერაში არ მომხდარა. მახსოვს, რომ „ტრაბზონსფორში“ „ფენერბახჩეს“ პირველი ტაიმი 4:0 მოვუგეთ და თამაში 4:3 დასრულდა. გულშემატკივრებს არ მოეწონათ, რომ მეორე ტაიმი მთლიანად ჩავაგდეთ.

- 2010 წელს დიკ ადვოკაატმა რუსეთის ნაკრებში ასისტენტად მიგიწვიათ და თქვენ უპასუხეთ: „არ შემიძლია, ამ ქვეყნებმა ერთმანეთს დიდი ტკივილი მიაყენეს“. ახლა წახვიდოდით?

- არც ახლა, ჯერჯერობით ჩვენთვის წართმეული ტერიტორიები და მიწები არავის დაუბრუნებია. 2008 წელს ჩემი ოჯახი თბილისში იყო, ბავშვები ბათუმში. მახსოვს, როგორი საშინელება იყო, ძნელია ამის დავიწყება. კლუბში მუშაობა ერთია, მაგრამ ნაკრებში - სხვა. არ მინდა თქვენი ქვეყანა და კულტურა პოლიტიკაში გავურიო, მაგრამ ეს ყოველთვის მეხმარება სწორი არჩევანის გაკეთებაში. მსოფლიო ჩემპიონატზეც კი არ ჩამოვსულვარ, რადგან ჩვენ საქართველოს მოქალაქეებს ვიზა გვჭირდება და პირიქით - არა. დოკუმენტების, საბუთების შეგროვება ბევრ დროს წაიღებდა. 2002 წლის შემდეგ მოსკოვში არ ვყოფილვარ.

- რუსეთიდან რამდენი შეთავაზე გქონდათ სამწვრთნელო კარიერაში?

- 2016 წელს „კრასნოდარის“ ხელმძღვანელობას შევხვდი, ვისაუბრე, სულ ეს იყო. რამდენიმე კანდიდატი განიხილეს და საბოლოოდ არჩევანი სხვაზე შეაჩერეს. „ყუბანისგანაც“ იყო ინტერესი, როდესაც პრემიერლიგაში თამაშობდნენ და „რუბინიდან“, მაგრამ მაშინ თურქეთში ვმუშაობდი და მაშინვე ვთქვი, რომ კლუბის დატოვება არ შემეძლო.

- საქართველოს ნაკრებში ხშირად გიწვევდნენ?

- რამდენიმე შეთავაზება მქონდა, მაგრამ უარი ვთქვი. პირველად, როდესაც კარიერა დავასრულე. ძალიან მინდოდა, თუმცა გამოცდილება არ მქონდა და ამ დროს ვან გაალის ასისტენტობის წინადადება მივიღე, სადაც ბევრი რამ ვისწავლე. ჩემი მეგობრები ეროვნულ ნაკრებში თამაშობდნენ და ასეთ პირობებში მწვრთნელად ყოფნა თითქმის შეუძლებელია. პირველივე წუთიდან უნდა აუკრძალოთ ის, რასაც თვითონ მთელი ცხოვრება აკეთებდი. მაგალითად, კარტის თამაში გვიანობამდე, ყველა მწვრთნელი გვიკრძალავდა, მაგრამ ჩვენ მაინც ვთამაშობდით. მეორედ მაშინ შემომთავაზეს, როდესაც კახა ცხადაძემ ნაკრები დატოვა. შემომთავაზეს მისი ჩანაცვლება, მაგრამ ვიფიქრე, რომ ეს სწორი არ იქნებოდა. საბოლოოდ, ყველაფერი კარგად წარიმართა, ვლადიმირ ვაისი დანიშნეს, რომელმაც ბევრი მატჩი მოიგო და იმედი გვაქვს, რომ ბოლოს და ბოლოს, ევროპის ჩემპიონატზე ვითამაშებთ.

- ერთხელ თქვით, რომ საქართველოს პრემიერმინისტრობა უფრო ადვილია, ვიდრე მწვრთნელობა...

- რა თქმა უნდა! ვისაც შეხვდებით ეკონომიკაზე და რეფორმებზე არ გაგესაუბრებათ, ფეხბურთზე დაიწყებს საუბარს, რადგან ყველას კარგად ესმის.

- პოლიტიკური ამბიციები გაქვთ?

- პოლიტიკური ამბიციები არ არსებობს. არსებობს საქართველოს მოქალაქის ამბიციები: იცხოვრონ დემოკრატიულ ქვეყანაში, სადაც პირველ რიგში კანონი დგას, სადაც ადამიანს ნორმალურად ცხოვრება შეუძლია, პატივს სცემენ ერთმანეთს, არ იყოს ძარცვა, მკვლელობა, სადაც ტურისტები სიამოვნებით ჩავლენ, მშვიდად იცხოვრებს მეზობლებთან, რუსეთთან, აზერბაიჯანთან, სომხეთთან, თურქეთთან. ასეთ ქვეყენას ვისურვებდით. რა არის ამაში რთული? საქართველოს მოსახლეობა 4 მილიონზე ნაკლებია, ეს არის ქვეყანა, სადაც სამოთხის აშენებაა შესაძლებელი, მაგრამ პოლიტიკოსები ხალხს სულში აფურთხებენ.

- შეუძლია თქვენს მეგობარ კახა კალაძეს იმის გაკეთება, რასაც ამბობთ?

- ის ძალიან ნიჭიერი, ქარიზმატული, ამბიციური პოლიტიკოსა, რომელმაც უკვე ბევრს მიაღწია და შეუძლია გახდეს ერთ-ერთი საუკეთესო პოლიტიკოსი საქართველოში. ერთ-ერთია, ვისაც ამის გაკეთება შეუძლია. კახა იყო ერთადერთი ფეხბურთელი ხასიათით და დისციპლინით. ზოგადად მიღებულია, რომ სპორტსმენებს ცხოვრებაში არაფრის მიღწევა შეუძლიათ, მაგრამ მე ამ მოსაზრებას არ ვეთანხმები. მარტო ის ვერ შეძლებს გაუმკლავდეს ყველა პრობლემას. ვარდების რევოლუციის შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა. როდესაც ახალმა მთავრობამ განახორციელა რეფორმები, მთელი ქვეყანა დაეხმარა. ბევრი ახალი ობიექტი აშენდება, ევროპის ნებისმიერ ქვეყანასთან უვიზო რეჟიმია, ყოვეწლიურად საქართველოს დაახლოებით 9 მილიონი ტურისტი სტუმრობს. ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე გვაქვს ხელი მოწრილი, ახლა მარტივად შეგვიძლია ევროპის ქვეყნების საზღვრის გადაკვეთა.

- ხშირად ჩადიხართ საქართველოში?

- იშვიათად, მთელი დრო სამსახურს მიაქვს. თუ მოკლე შვებულება მაქვს, ოჯახთან მივდივარ სტამბოლში, როდესაც სამუშაოდ თურქეთში გადავედი, ბავშვები აქ სკოლაში წავიდნენ, რადგან თბილისში უცხოური სკოლები არ იყო. ვცდილობთ, რომ ახალი წელი და ზაფხული თბილისში გავატაროთ.

- როგორია კორონავირუსის სიტუაცია სტამბოლში?

- ბოლო დროს უმჯობესდება. პაციენტთა რიცხვი მცირდება, გამოჯანმრთელებულების რაოდენობა კი იზრდება. თუ ეს ტენდეცია გაგრძელდა, მაისის ბოლოს ყველაფერი დასრულდება. მიუხედავად შეზღუდვებისა, ქუჩაში მაინც უამრავი ადამიანი დადის.

- როგორ ატარებთ დროს კარანტინში?

- ვთამაშობ ფეხბურთს და ჩოგბურთს შვილებთან ერთად, წავიკითხე წიგნები, ფილმებს ვუყურებ. უკვე თვენახევარია სახლში ვართ და ამ დროს ნებისმიერი მოძრაობა სამზარეულომდე მიდის. იქ ბლინები, ხაჭაპურებია... მე მხოლოდ იმის მომზადება ვიცი, რასაც ვჭამ.

- რამდენად ხშირად იღებთ სარეკლამო შეთავაზებებს?

- არც ისე ხშირად, როგორც ბექჰემი. ერთხელ ჰოლანდიაში გადამიღეს, ორჯერ საქართველოში, სამჯერ კი თურქეთში.

0.115801