ფეხბურთი

18:12 | 16.05.2020 | ნანახია [] - ჯერ

"დავიდსის ნაირსახეობა იყო" - ტოპ 10 ქართველი ლეგიონერი უკრაინის ჩემპიონატის ისტორიაში

უკრაინულმა ვებგვერდმა Sport-მა ამ ქვეყნის საფეხბურთო ჩემპიონატის ისტორიაში 10 საუკეთესო ქართველი ლეგიონერი დაასახელა. პირველი ადგილი კახა კალაძეს ერგო, სამეულში ასევე მოხვდნენ გიორგი დემეტრაძე და ჯაბა კანკავა.

Sport-ის ვრცელ წერილს უცვლელად გთავაზობთ:

„ცხელმა ქართველმა ბიჭებმა ჩვენს ჩემპიონატში უამრავი მზე, ემოცია, ფილიგნარული ტექნიკა და საიმედოობა შემოიტანეს. მათგან 10 საუკეთესოს არჩევა ძალიან ძნელი იყო, რადგან უკრაინაში ასზე მეტ ქართველ ფეხბურთელს უთამაშია. თუმცა შევეცადეთ გამორჩეულები დაგვესახელებინა.

10. ვასილ გიგიაძე (ტავრია, კრივბასი, ნეფტიანიკი, 2000-2011 წლები)

გიგიაძის კარიერაში მთავარი გუნდი „ტავრიაა“. ზოგადად, სიმფეროპოლში შემთხვევით მოხვდა, მას თვალს მოსკოვის „ტორპედო“ ადევნებდა და კონტრაქტიც თითქმის გაფორმებული ჰქონდა, მაგრამ ბოლო მომენტში მხარეები პირად პირობებზე ვერ შეთანხმდნენე. ვასილს საქართველოში დაბრუნება არ სურდა და ამიტომ პირველივე წინადადებას დათანხმდა. ეს ვარიანტი კი უკრაინული „ტავრია“ იყო.

სიმფეროპოლში ჩასვლისას გიგიაძე ძირითადის მოთამაშე გახდა, ბევრი გოლი გაიტანა. მალევე გუნდის კაპიტანი გახდა, ერთი სეზონით რუსეთში წავიდა, მაგრამ შემდეგ ისევ დაბრუნდა „ტავრიაში“. მოგვიანებით „კრივბასში“ გადავიდა, სადაც ასევე მთავარი მოთამაშე გახდა. „ნეფტიანიკში“ გადასვლის შემდეგ „ტავრიას“ მესამედ დაუბრუნდა და უკრაინის თასი მოიგო. უკრაინის ჩემპიონატის ისტორიაში საუკეთესო პენალტისტი - 27 გოლი.

9. გოჩა ჯამარაული (მეტალურგი, 2002-2005)

დონეცკის „მეტალურგში“ საქართველოს ნაკრების კაპიტნის სტატუსით გადავიდა, „ტრაბზონსფორის“ ყოფილი შეუცვლელი ფეხბურთელი და „ციურიხის“ ვარსკვლავი. პირველივე მატჩში ნათელი გახდა, თუ რატომ აფასებდნენ გოჩას სხვა გუნდებში. მოედნის ხედვა, ბოლო პასის კულტურა, რამდენიმე კვირაში გოჩა გუნდის კაპიტნად აირჩიეს. მისი ერთადერთი სისუსტე სათანადო სიჩქარის არარსებობა იყო. „მეტალურგში“ ორჯერ უკრაინის ჩემპიონატის ბრინჯაოს მედალოსანი გახდა.

8. ლაშა ჯაკობია (მეტალისტი, არსენალი, გოვერლა, 2004-2012)

ნათელი მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება ნიჭი ქრონიკულმა ტრავმამ გაანდგუროს და არანკლებ ნათელი მაგალითი იმისა თუ როგორ შეიძლება ნებისყოფით არეულობის გადატანა. ახალგაზრდულ ასაკში ჯაკობია ბელგიაში გადავიდა, კარგად თამაშობდა, მაგრამ სერიოზული ტრავმა მიიღო. შემდგომში ამან მისი მთელი კარიერა შეარყია. ლაშა ხარკოვის „მეტალისტს“ შეუერთდა, სადაც ზედიზედ ორი სეზონი წამყვანი თავდამსხმელი იყო. თუმცა, კირონ მარკევიჩის გუნდში მისვლის შემდეგ ძირითადში ადგილი დაკარგა და იჯარით კიევის „არსენალში“ გადავიდა, სადაც ასევე კარგად თამაშობდა. ბოლო უკრაინული გუნდი იყო „გოვერლა“, სადაც პირველი დივიზიონი მოიგო.

7. ჯაბა ლიპარტია (ზორია, არსენალი, 2011-2019)

2011 წელი „ზორიასთვის“ განსაკუთრებული იყო. იმ წელს ლუგანსკელებს სამი ახალწვეული შეუერთდა და სამივე კლუბის ხატები გახდნენ - გრიგორი იარმაში, დმიტრი ხომჩენოვსკი დაჯაბა ლიპარტია. ქართველი ნახევარმცველი ახალ გარემოს ადვილად შეეგუა და ძირითადი მოთამაშე სწრაფად გახდა. ის მრავალფეროვანი მოთამაშე იყო, თამაშობდა როგორც ფლანგებზე, ასევე თავდამსხმელად და ნახევარმცველად. კარგად ასრულებდა სტანდარტულ მდგომარეობებსაც. ლუგანსკში 6 სეზონი გაატარა და გულშემატკივრების ფავორიტი გახდა, ამ პერიოდში 2017 წელს ბრინჯაოს მედალი მოიგო. შემდეგ „ზორია“ და უკრაინა დატოვა, მაგრამ ცოტა ხანში კიევის „არსენალში“ გადავიდა, სადაც მცირე პერიოდი გაატარა.

6. დავით ხოჭოლავა (ჩერნომორეცი, შახტარი, 2015-დღემდე)

უკრაინაში „ჩერნომორეცში“ გამოჩნდა, სადაც ორი სეზონი გაატარა. ახალგაზრდა ცენტრალურმა მცველმა მეორე სართულზე შესანიშნავი თამაშით მიიქცია ყურადღება. ოდესაში კონტრაქტის გახანგრძლივება გაუმჯობესებული პირობებით შესთავაზეს, მაგრამ საკითხში „შახტარი“ ჩაერია. დონეცკურმა გუნდმა უფრო მიმზიდველი წინადადება წარადგინა და 2017 წლის აპრილში ქართველმა დონბასელებთან 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. პირველ სეზონში ძირითადის წევრი იყო, მაგრამ შემდეგ ადგილი დაკარგა. ამ ეტაპზე ხოოლავას სტატუსი „შახტარში“ ასე შეიძლება აღვწეროთ: როტაციის მოთამაშე.

5. მიხეილ ფოცხვერია („ზორია“, „მეტალურგი ზაპოროჟიე“, „შახტარი“, „დნიპრო“, 1993-2000)

სპორტული რეჟიმი რომ დაეცვა, წარმოუდგენელ სიმაღლეებს მიაღწვედა. მაგრამ მოხდა ისე, როგორც მოხდა. უკრაინული კარიერა „ზორიადან“ დაიწყო, შემდეგ ზაპოროჟიეს „მეტალურგში“ გადავიდა და ამ გუნდში თავდამსხმელად ან ნახევარმცველად თამაშობდა. გამოირჩეოდა სისწრაფით, დრიბლინგით და თამაშის კარგი წაკითხვით. „მეტალურგიდან“ ბრემენის „ვერდერში“ გადადიოდა, მაგრამ ბოლო მომენტში გარიგება ჩაიშალა. 1996 წელს „შახტარში“ გადავიდა, სადაც ასევე ლიდერი იყო, მოიგო უკრაინის თასი და ორჯერ ვერცხლის მედალი. უკრაინული კარიერა კი „დნიპროში“ დაასრულა.

4. ავთანდილ კაპანაძე (ტემპი, ნივა, 1993-2001)

ტყუპი ძმა კაპანაძეები, ავთანდილი და ტარიელი. გასული საუკუნის შუა წლებში ორივემ უკრაინის ჩემპიონატში 400-ზე მეტი თამაში ჩაატარეს და 100-ზე მეტი გოლი გაიტანეს. მაგრამ, რადგან ათეულში ყველა ვერ მოხვდება, მხოლოდ ავთანდილი შევიყვანეთ. იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ უფრო ბრწყინავდა, რადგან თავდასხმაში თამაშობდა. თავიდან ნახევარდაცვაში თამაში დაიწყო, „ტემპიში“ მარცხენა ფლანგზე ირჯებოდა, მისი ძმა კი საპირისპირო ფლანგზე. როდესაც ძმები „ნივაში“ გადავიდნენ, ავთანდილი შეტევაში გაამწესეს და მრავალი წლის განმავლობაში მაშინდელი ძლიერი გუნდის მთავარი მამოძრავებელი ძალა იყო. ავთანდილმა „ნივაში“ 6 წელი ითამაშა და გუნდი დატოვა, როდესაც უკვე 38 წლის იყო.

3. ჯაბა კანკავა (არსენალი, კრივბასი, დნიპრო, 2006-2015)

დაბალი, საყრდენი ნახევარმცველი. ედგარ დავიდსის ერთგვარი ქართული ნაირსახეობა. მისი თამაშის გამორჩეული მახასიათებბელია: პოზიციის შერჩევა, შეტევების ჩაშლა და შეტევების დაწყება. უკრაინაში პირველად კიევის „არსენალში“ ითამაშა და ძალიან სწრაფად გახდა არამარტო ძირითადი შემადგენლობის წევრი, არამედ გუნდის ლიდერი. 2006 წლის დეკემბერში „დნიპროში“ გადავისა და იქ რვა წელი გაატარა, მოიგო ვერცლის და ბრინჯაოს მედლები, თავიდან კი იყო იჯარით „კრივბასში“ გატარებული პერიოდიც. 2015 წელს, როდესაც გუნდი ევროპა ლიგის ფინალში გავიდა, ჯაბა ძირითადი შემადგენლობის შეუცვლელი ფიგურა იყო.

ის სამართლიანად შეგვიძლია მოვიხსენიოთ, როგორც ოლეგ გუსევის მხსნელი. 2014 წლის მარტში „დინამოს“ კაპიტანმა „დნიპროს“ მეკარეს დენის ბოიკოსთან შეჯახებისას მძიმე დარტყმა მიიღო, ცნობიერება დაკარგა და ენა გადაყლაპა. კანკავამ დაზარალებულს პირველადი დახმარება გაუწია და ფაქტობრივად მისი სიცოცხლე გადაარჩინა. 2015 წლის აგვისტოში „დნიპრო“ დატოვა და ფრანგულ „რეიმსში“ გადავიდა.

2. გიორგი დემეტრაძე (დინამო, მეტალურგი დონეცკი, არსენალი, 1999-2008)

იშვიათი ნიჭის თავდამსხმელი, მაგრამ ტრავმებმა შესაძლებლობის მაქსიმალურად წარმოჩენის შესაძლებლობა არ მისცა. კარიერის გარიჟრაჟზე, როდესაც „ფეიენოორდში“ თამაშობდა, ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა, შემდეგ „ალანიაში“ გადავიდა და რუსეთის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი გახდა. კიევის „დინამოში“ ვალერი ლობანოვსკიმ პირადად მიიწვია და კიეველს ტრანსფერი 3 მილიონი დოლარი დაუჯდათ. სწრაფი, ტექნიკური, არასტანდარტული თავდამსხმელი შევჩენკოსა და რებროვის გუნდიდან წასვლის შემდეგ მათ შემცვლელადაც მოაზრებოდა. მაგრამ ვერ შეძლო შესაძლებლობების სრულად წარმოჩენა. როგორც თავად თქვა, ლობანოვსკი მისგან დაცვითი ფუნქციების შესრულებას ითხოვდა, რაც გიორგის არ სურდა.

2001 წელს „დინამომ“ დემეტრაძე „რეალ სოსიედადს“ მიჰყიდა 5 მილიონ დოლარად. თუმცა იქ ვერ შეძლო დამკვიდრება და უკრაინაში დაბრუნდა. დონეცკის „მეტალურგში“ ბრინჯაოს მედლის მფლობელი და ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი გახდა. უკრაინაში ბოლო გაჩერება კიევის „არსენალი იყო.

1. კახა კალაძე (დინამო, 1998-2000)

„დინამოს“ შემადგენლობაში კალაძემ მხოლოდ ორსეზონ ნახევარი გაატარა, მაგრამ იმდენად ძლიერი, დამაჯერებლი და არასტანდარტული აღმოჩნდა, რომ ჩვენს რეიტინგში პირველი ადგილი დაიკავა. კახა უკრაინის დედაქალაქში თბილისის „დინამოდან“ ჩავიდა, სადაც დებიუტი 16 წლის ასაკში ჰქონდა. იქ გატარებულ 4 სეზონში ქვეყნის ჩემპიონი ოთხჯერ გახდა და თასიც რამდენჯერმე მოიგო. მისთვის მოსკოვის „სპარტაკი“ და კიევის „დინამო“ იბრძოდნენ, კალაძემ არჩევანი ლობანოვსკის გუნდის სასარგებლოდ გააკეთა და საერთოდ არ უნანია. ლობანოვსკის ხელში კალაძე უნივერსალური მოთამაშე გახდა, ის მანამდე ცენტრალურ მცველად თამაშობდა, მაგრამ კიევში უმეტესად მარცხენა მცველად ან საყრდენ ნახევარმცველდ ირჯებოდა. მას შეეძლო არამარტო ჩაშლა, არამედ შეტევის შექმნა და შეტევებში ხშირად ერთვებოდა.

„დინამოს“ შემადგენლობაში სამჯერ გახდა უკრაინის ჩემპიონი და თასის მფლობელი. ეს იყო ის „დინამო“, რომელიც 1999 წელს ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გავიდა. 2001 წლის ზამთარში კიეველებმა კალაძე „მილანს“ 16 მილიონ ევროდ მიყიდეს, სადაც მოგვიანებით ჩემპიონთა ლიგა ორჯერ მოიგო. საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ პოლიტიკაში წავიდა და ამჟამად თბილისის მერია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110545