ფეხბურთი

15:51 | 14.05.2020 | ნანახია [] - ჯერ

ტოპ 10 ქართველი ფეხბურთელი რუსეთის პრემიერლიგის ისტორიაში

რუსულმა ვებგვერდმა Soccer.ru-მ რუსეთის პრემიერლიგის ისტორიაში 10 საუკეთესო ქართველი ლეგიონერი დაასახელა. გამოცემამ ნუსხაში მხოლოდ ის ფეხბურთელები შეიყვანა, რომლებმაც საქართველოს სახელით ითამაშეს.

ამიტომ, დასაწყისშივე განმარტეს, რომ ჩამონათვალში არ არიან მაგალითად ომარ თეთრაძე და გიორგი ჯიქია, რომლებმაც რუსეთის ნაკრებში თამაში აირჩიეს. ათეული კი ასეთია:

10. გია გრიგალავა (როსტოვი, მოსკვა, ვოლგა, კრილია სოვეტოვი, ანჟი, არსენალი) – 194 თამაში, 6 გოლი

ქართველმა ფეხბურთელმა რუსეთში ექვსი გუნდი შეიცვალა. მცველს არ აქვს ტიტულები და პოპულარული აღიარებები, მაგრამ გია ღირსია პატივისცემის გამოხატვის რუსეთში გატარებული თითქმის 15-წლიანი კარიერისთვის. ტულას „არსენალის“ ფეხბურთელმა სეზონის შეწყვეტამდე რუსეთის პრემიერლიგაში უკვე მოასწრო თითქმის 200 თამაშის ჩატარება.

9. ალექსანდრე ამისულაშვილი (შინიკი, სპარტაკ-ნალჩიკი, კრასნოდარი, კრილია სოვეტოვი) – 215 მატჩი, 14 გოლი

კიდევ ერთი ქართველი მცველი, რომელმაც რამდენიმე რუსულ გუნდში ითამაშა. ახალგაზრდა ამისულაშვილი საქართველოდან კიევის „დინამოში“ გადავიდა, მაგრამ კიევში თავის გამოჩენის შანსი არ მისცემია და შემდეგ „სპარტაკ-ნალჩიკში“ გადავიდა, სადაც მაღალ დონეზე ითამაშა. მოგვიანებით „კრასნოდარის“ კაპიტანიც გახდა.

8. ლევან კობიაშვილი (ალანია) – 24 მატჩი, 6 გოლი

მას ჩვენთან ბევრი არ უთამაშია, მაგრამ ნათელი შთაბეჭდილება დატოვა. ამიტომ, რუსეთის ჩემპიონატის ქართველთა სია მის გარეშე ვერ შედგებოდა. ლევანმა „ალანიაში“ 1997 წლის სეზონი იჯარით გაატარა, რის შემდეგაც აღიარეს საუკეთესო დებიუტანტად, საუკეთესო უცხოელად და საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად. ამის შემდეგ კობიაშვილმა წარმატებული კარიერა გაიკეთა გერმანიის ბუნდესლიგაში და საქართველოს ნაკრებში 100 თამაში ჩაატარა.

7. ლაშა სალუქვაძე (რუბინი, ვოლგა) – 131 მატჩი, 4 გოლი

შრომისმოყვარე ლაშა ძალიან მოსწონდა ყურბან ბერდიევს და „რუბინს“ საჩემპიონო ტიტულის მოპოვებაში ორჯერ დაეხმარა. სალუქვაძე ბერდიევის ტიპური უნივერსალი ჯარისკაცი იყო, რომელიც იცავდა მითითებებს და არ სვამდა ზედმეტ კითხვებს. ყაზანში ლაშა დაცვის ყველა პოზიციაზე და ყველგან ძალიან სასარგებლოდ მოქმედებდა.

6. მიხეილ აშვეთია (ალანია, ლოკომოტივი, რუბინი, როსტოვი) – 150 მატჩი, 34 გოლი

1997 წელს აშვეთია ვლადიკავკაზიის „ალანიას“ შეუერთდა, მაგრამ ორი თამაშის შემდეგ სამშობლოში დაბრუნდა. შემდეგ მოსკოვის „ლოკომოტივში“ გადავიდა, რომელთანაც ერთად გახდა რუსეთის ჩემპიონი და მოიგო სუპერთასი. მიხეილმა კარიერის განმავლობაში დაახლოებით 200 გოლი გაიტანა, დიდი ნიჭი ჰქონდა, მაგრამ არ იცოდა სტაბილურად მოტივაციის შენარჩუნება.

5. მალხაზ ასათიანი (ლოკომოტივი) – 157 მატჩი, 9 გოლი

ქარიშხალივით მცველმა თავისი კარიერის მთავარ კლუბად მოსკოვის „ლოკომოტივი“ აქცია, სადაც 7 სეზონი გაატარა, მოიგო 2004 წლის ჩემპიონი ტიტული, რუსეთის თასი და სუპერთასი. 2010 წელს, „ლოკომოტივმა“ მასთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე უარი თქვა, მალხაზმა კი მოულოდნელად 29 წლის ასაკში კარიერა დაასრულა.

4. ჯანო ანანიძე (სპარტაკი, როსტოვი, კრილია სოვეტოვი) – 179 მატჩი, 22 გოლი

რა თქმა უნდა, „სპარტაკში“ ანანიძისგან უფრო მეტს ელოდნენ, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც დამაჯერებლად დიწყო, სადებიუტო მატჩში გოლი გაიტანა და პრემიერლიგის ისტორიაში ყველაზე ახლგაზრდა გოლის ავტორი გახდა. მაგრამ ამის მიუხედავად კარგი მოგონებები დატოვა და რეალურ წარმატებას მიაღწია, მოიგო რუსეთის ჩემპიონობა, თასი და სუპერთასი „სპარტაკში“, ისევე, როგორც თასი „როსტოვში“. განსაკუთრებით გამორჩეული მატჩები საჩემპიონო სეზონის პირველ ნაწილში ჰქონდა.

3. სოლომონ კვირკველია (რუბინი, ლოკომოტივი) – 214 მატჩი, 7 გოლი

საბა უკვე ათ წელზე მეტია რუსეთში თამაშობს, ახლგაზრდულ ასაკში მოხვდა „ზენიტის“ აკადემიაში, მაგრამ პროფესიონალური დებიუტი „რუბინში“ ჰქონდა, შემდეგ კი „ლოკომოტივში“ გადავიდა, სადაც ყველაფერი მოიგო და ევროპული კლუბების ყურადღება მიიპყრო. კვირკველია ორჯერ გახდა საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელი და 2017-2018 წლების სეზონში რუსეთის პრემიერლიგის საუკეთესო ცენტრალური მცველად დასახელდა.

2. ზაზა ჯანაშია (ლოკომოტივი) – 194 მატჩი, 50 გოლი

ზაზამ ვერ მოიგო ჩემპიონის ტიტული „ლოკომოტივში“, მაგრამ ოთხჯერ მოიგო რუსეთის თასი და სამჯერ ვერცხლის მედალი, ორჯერ იური სიომინის გუნდთან ერთად თასების თასის ნახევარფინალში გავიდა. ჯანაშია მეოცე საუკუნუს მიწურულის „ლოკომოტივის“ ერთ-ერთი სიმბოლოა. ფორვარდი, რომელსაც წონა ხელს არ უშლიდა გოლების რეგულარულად გატანაში და გოლების დაუვიწყარ აღნიშვნაში.

1. გიორგი დემეტრაძე (ალანია, ლოკომოტივი) – 77 მატჩი, 44 გოლი

დემეტრაძემ რუსეთის ჩემპიონატში ბევრი თანამემამულისგან შედარებით ბევრი არ ითამაშა, არც ტიტულები მოუგია, მაგრამ გიორგიმ სინათლე შემოიტანა. უბრალოდ გადახედეთ მის სტატისტიკას! 1999 წელს დემეტრაძე 21 გოლით რუსეთის ჩემპიონატის ბომბარდირი გახდა. სამწუხაროდ ტრავმებმა არ მისცეს საშუალება მაქსიმუმი გამოევლინა. 2010 წელს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, თუმცა ორი წლის შემდეგ გაათავისუფლეს.

0.115094