ფეხბურთი

20:51 | 12.05.2020 | ნანახია [] - ჯერ

უსწრაფესი გოლები ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში

ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში ყველაზე სწრაფი გოლი 2007 წლის გაზაფხულზე, მიუნხენში გავიდა, როდესაც „ბაიერნმა“ „რეალს“ უმასპინძლა. მას შემდეგ 13 წელმა ჩაიარა, მაგრამ რეკორდი ხელუხლებელია.

წარმოგიდგენთ ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში ხუთ ყველაზე სუწრაფეს გოლს.

კლარენს ზეედორფი („მილანი“, 21.06 წამი)

2005 წლის 28 სექტემბერს, „ველტინს არენაზე“ „შალკემ“ „მილანს“ უმასპინძლა და გუნდებმა ქულები გაიყვეს - 2:2. ანგარიში კი ძალიან სწრაფად, 21-ე წამდე იტალიელთა ნახევარმცველმა კლარენს ზეედორფმა გახსნა.

ალესანდრო დელ პიერო („იუვენტუსი“, 20.12 წამი)

1997 წლის 1 ოქტომბერს, მეორე ტურში „იუვენტუსი“ „ოლდ ტრაფორდზე“ „მანჩესტერ იუნაიტედს“ ესტუმრა. თამაშის დაწყება და ანგარიშის გახსნა ერთი იყო. „იუვეს“ იტალიელმა შემტევმა ალესანდრო დელ პიერომ მცველი და მეკარე ერთი მოძრაობით მოატყუა და ადვილად გაიტანა. სხვათა შორის, ეს გოლი ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში კარგა ხანს პირველ ადგილს იკავებდა. ის მატჩი დელ პიეროს უსწრაფესი გოლის მიუხედავად ინგლისელებმა 3:2 მოიგეს.

ჟილბერტო სილვა („არსენალი“, 20.07 წამი)

2002 წლის 25 სექტემბერს, „არსენალმა“ ეინდჰოვენში, პსვ 4:0 გაანადგურა და საქმეს ხელი თავიდანვე ნაყოფიერად მოჰკიდა. მე-20 წამზე არსენ ვენგერის გუნდი ბრაზილიელმა საყრდენმა ნახევარმცველმა ჟილბერტო სილვამ დააწინაურა.

ჟონასი („ვალენსია“, 10.96 წამი)

2011 წლის 1 ნოემბერს, „ვალესიამ“ ლევერკუზენის „ბაიერნს“ უმასპინძლა და 3:1 სძლია. „ღამურებმა“ მეტოქეს მისალმება არ აცადეს, რომ უკვე იგებდნენ. ჟონასმა მე-10 წამზე გახსნა ნგარიში, მაგრამ ასეთი სისწრაფის მიუხედავად, ეს რეკორდი მაინც არაა.

როი მაკაი („ბაიერნი“, 10.12 წამი)

2007 წლის 7 მარტს, მიუნხენის „ბაიერნმა“ ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მერვედფინალში მადრიდის „რეალს“ უმასპინძლა. გერმანელებს ესპანეთში 2:3 ჰქონდათ წაგებული და აუცილებლად გამარჯვება სჭირდებოდათ. „ბაიერნმა“ მოიგო კიდეც და ამ წარმატებას საფუძველი როი მაკაის უსწრაფესმა გოლმა დაუდო. საბოლოოდ, „რეკორდმაისტერმა“ 2:1 იმარჯვა, მეოთხედფინალში გავიდა, ხოლო მაკაის გოლი ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში დღემდე ყველაზე სწრაფია.

0.139698