ფეხბურთი

19:51 | 6.05.2020 | ნანახია [] - ჯერ

რატომ გივარში და არა არველაძე?! როგორ წაართვეს შოთას უეფას თასის ბომბარდირის ტიტული

ტაშკენტის „ფახთქორის“ მთავარ მწვრთნელ შოთა არველაძის წარმატებული საფეხბურთო კარიერის შესახებ კარგად მოგვეხსენება. ისიც ვიცით, რომ უეფას თასზე 27 გოლი აქვს გატანილი და ამ შედეგით ტურნირის ყველა დროის გოლეადორთა შორის მეექვსე ადგილზეა.

თუმცა. ალბათ ბევრს აღარ ახსოვს, რომ ჩვენებურს რატომღაც 1997-1998 წლების სეზონში ბომბარდირი ტიტული წაართვეს. მაშინ შოთას „აიაქსი“ მეოთხედფინალამდე მივიდა, სადაც მოსკოვის „სპარტაკთან“ ვერაფერი გააწყო (1:3, 0:1). არველაძემ კი 7 გოლი გაიტანა.

ჯერ ჰეთ-თრიქი შეასრულა „მარიბორთან“, შემდეგ გერმანულ „ბოხუმს“ თითოჯერ გერმანიასა და ამსტერდამში გაუტანა, მერვედფინალში „უდინეზესთან“ „აიაქსმა“ მისი გოლით შეძლო 1/4 ფინალში გასვლა, სადაც უკვე ერთხელ „სპარტაკის“ კარიც აიღო. ჯამში 7 გოლი.

უეფამ 1997-1998 წლების სეზონში ტურნირის საუკეთესო ბომბარდირად „ოსერის“ ფრანგი თავდამსხმელი სტეფან გივარში გამოაცხადა, არველაძე კი განზე გაწიეს. გაგიკვრიდებათ და გივარშმაც, რომელიც სულ მალე მსოფლიო ჩემპიონი გახდა, მაშინ 7 გოლი გაიტანა. იმდენი, რამდენიც შოთამ.

თუმცა, რატომღაც, უეფას ვებგვერდზე წერია, რომ არველაძემ არა 7, არამედ 6 გოლი გაიტანა, ისევე, როგორც გარი მეკსვეგანმა, ალექსანდრ შირკომ, რობი ვინტერსმა და თვით ლეგენდარულმა რონალდომ. იგივე სტატისტიკას გვაწვდის ვიკიპედიაც, მაგრამ სხვა წყაროებში გივარშთან ერთად არველაძესაც 7 გოლი აქვს მითვლილი.

ის ერთი სადაო გოლი კი „მარიბორის“ კარში გატანილი გოლია, რომელიც რატომღაც უეფამ სამხრეთ აფრიკელ ბენი მაკარტის მიუწერა, არადა, ვიდეოშიც კარგად ჩანს, რომ ბურთი კარის ხაზს ჩვენებურის ფეხის შეხების შემდეგ კვეთს. რა გაეწყობა, უეფაში ასე ჩათვალეს, „მარობორთან“ ჰეთ-თრიქის ნაცვლად დუბლი ჩაუთვალეს და ბომბადირობაშიც ეს ერთადერთი გოლი დააკლდა.

ბოლოსკენ იმასაც შეგახსენებთ, რომ შოთა არველაძემ უეფას თასზე 2006-07 წლების სეზონშიც 7 გოლი გაიტანა და აღარც უეფას დაუკლია შედეგიანობა, მაგრამ ბომბარდირთა დავაში "მხოლოდ" მესამე-მეხუთე ადგილები დიმიტარ ბერბატოვთან და კლაას-იან ჰუნტელაართან ერთად გაიყო, ჩამორჩა რა, კლაუდიო ნიკულესკუსა (8 გოლი) და ვალტერ პანდიანის (11 გოლი).

0.112668