ფეხბურთი

11:33 | 6.05.2020 | ნანახია [] - ჯერ

"მადრიდში უცნაური რაღაც პირველად არ გვინახავს" - ბენატიამ ცნობილ პენალტზე ღიად პირველად ისაუბრა

მადრიდის „რეალისა“ და „იუვენტუსის“ მატჩიდან ორ წელიწადზე მეტი გავიდა, როდესაც ყველაფერი კრიშტიანუ რონალდუს პენალტმა გადაწყვიტა.

2017-2018 წლების სეზონში „იუვენტუსმა“ „სანტიაგო ბერნაბეუზე“ პრაქტიკულად შეუძლებელი შეძლო და სახლში 0:3 წაგება გააბათილა. თუმცა, მსაჯის კომპენსირებულ დროში მეჰდი ბენატიამ ლუკას ვასკესზე თამაშის წესი დაარღვია და ინგლისელმა მაიკლ ოლივერმა პენალტი დანიშნა, რომელიც რონალდუმ გაიტანა და ეს გადამწყვეტი აღმოჩნდა. „რეალმა“ 1:3 წააგო, მაგრამ ორი მატჩის ჯამში 4:3 იმარჯვა და ნახევარფინალში გავიდა.

ამ ეპიზოდის შესახებ დიდი ხანი დავა მიდიოდა, იყო თუ არა თამაშის წესის დარღვევა და ხომ არ გამოიჩინა ზედმეტი სიმკაცრე ინგლისელმა არბიტრმა, რომელმაც პროტესტის გამო ჯიჯი ბუფონიც გააძევა.

ორი წლის შემდეგ ეპიზოდის ერთ-ერთმა მთავარმა გმირმა მეჰდი ბენატიამ ისაუბრა და განაცხადა, რომ მეტოქეს შეეხო, მაგრამ აშკარა პენალტი არ ყოფილა.

„კრიშტიანუ ალექს სანდროზე მაღლა ახტა, ჯორჯო (კიელინი - რედ) იმ მომენტში ნახევარმცველის პოზიციაზე იყო, ვიფიქრე, რომ საფრთხე არსებობდა და ვცდილობდი ვასკესზე ისე დამესწრო, რომ მას არ შევხებოდი. მან დამინახა თუ არა, გაკვირვებული მიწაზე დაეცა და მსაჯმა პენალტი დანიშნა. გულწრფელად ვიტყვი, რომ ბარძაყზე შევეხე, მაგრამ თუ ბოლო წუთზე პენალტს ნიშნავ, აშკარა უნდა იყოს. ჩვენ ეს გადაწყვეტილება ძალიან ცუდად მივიღეთ. არ მინდა პოლემიკაში შევიდე, მაგრამ მადრიდში პირველი შემთხვევა არ ყოფილა, როდესაც რაღაც უცნაური ვნახეთ“, - განაცხადა ბენატიამ.

0.11435