ჭიდაობა

11:25 | 4.05.2020 | ნანახია [] - ჯერ

ჭიდაობაში ტოკიოს ოლიმპიური თამაშების საკვალიფიკაციო სისტემა უცვლელი რჩება

ჭიდაობის მსოფლიო გაერთიანებამ (UWW) გადავადებული ტოკიოს ოლიმპიური თამაშების კონტინენტურ შესარჩევ ასპარეზობათა მასპინძლებად დატოვა უნგრეთი, მაროკო და ჩინეთი.

დღესდღეობით, ტოკიოს თამაშებისთვის საგზურების ნახევარია გაცემული: თითოეულ წონაში 6 ლიცენზია შარაშანდელ მსოფლიოს ჩემპიონატებზე გათამაშდა, 2- პანამერიკულ საკვალიფიკაციო ტურნირებზე.

გაისად, მარტში დაგეგმილ აფრიკა-ოკეანიის გაერთიანებულ საკვალიფიკაციო ტურნირს უმასპინძლებს მაროკოს ელ-ჯადიდა, ხოლო ბუდაპეშტში ევროპის კონტინენტის საგზურები გათამაშდება. აზიის კონტინენტური საკვალიფიკაციოს ჩინეთის სიანი მიიღებს, როგორც ეს თავიდანვე იყო კალენდარში ჩანიშნული.

აღსანიშნავია, რომ თებერვალში შესარჩევი შეჯიბრების სიანიდან ბიშკეკში გადატანა გადაწყდა, მაგრამ COVID-19-ის პანდემიაში გადაზრდის გამო, საკვალიფიკაციო ტურნირი უზბეკეთშიც გაუქმდა, ახლა კი ოლიმპიური თამაშების გადავადების შემდეგ, პირვანდელ მასპინძელს დაუბრუნდა.

კონტინენტური ასპარეზობების შემდეგ, აპრილში ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში გაიმართება მსოფლიოს საკვალიფიკაციო ასპარეზობა, სადაც ტოკიოს თამაშების დარჩენილი საგზურები გათამაშდება. ამ შემთხვევაში - თითოეულ წონაში 2-2 საგზური.

UWW-ის ცნობით, ძირითადი წესები და პრინციპები იგივე დარჩა. ერთადერთი ცვლილება მოჭიდავის ასაკს უკავშირდება. კერძოდ, ათლეტი, რომელიც 2021 წელს 18 წლის გახდება საკვალიფიკაციო ტურნირებში და ოლიმპიურ თამაშებში გამოსვლის უფლება მიეცემა.

როგორც UWW იუწყება, ჭიდაობაში ტოკიო-2020-ის საკვალიფიკაციო სისტემას მხარს უჭერს საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) აღმასრულებელი საბჭო.

შეგახსენებთ, რომ 2019 წლის სექტემბერში ნურსულთანში (ყაზახეთი) გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე ოლიმპიურ ლიცენზიას დაეუფლა 4 ქართველი ფალავანი: ბერძნულ რომაულ ჭიდაობაში - გიორგი მელია (97 კგ) და იაკობ ქაჯაია (130 კგ); თავისუფალ ჭიდაობაში - ელიზბარ ოდიკაძე (97 კგ) და გენოპეტრიაშვილი (125 კგ).

geonoc.org.ge

0.130351