ფეხბურთი

10:55 | 3.05.2020 | ნანახია [] - ჯერ

მწარე მარცხი რუსთავში: "ინტერის" ყოფილმა ფეხბურთელმა საქართველოსთან წაგება გაიხსენა (+VIDEO)
"ტოტი, ლუკარელი და ზოგადად, კარგი გუნდი გვყავდა, მაგრამ საქართველოსთან წავაგეთ!"

საქართველოს 21-წლამდე ნაკრებმა 1997 წლის 10 სექტემბერს, რუსთავში იტალიის 21-წლამდე ნაკრებს გიორგი კიკნაძისა და ლევან ქებაძის გოლებით 2:0 აჯობა. ეს ცხადია ერთ-ერთი უდიდესი გამარჯვებაა ჩვენი ქვეყნის ახალგაზრდული ნაკრების ისტორიაში, რადგან იმ დღეს იტალიელთა მხრიდან ისეთი ფეხბურთელები იყვნენ მოედანზე, როგორებიც ჯანლუიჯი ბუფონი, ფრანჩესკო კოკო, მასიმო ამბროზინი, ალესიო ტაკინარდი, სტეფანო ფიორე, კრისტიანო ლუკარელი იყვნენ.

თანაც, იტალია ამ ასაკობრივ კატეგორიაში იმხანად აშკარა დომინანტი იყო, 1992, 1994 და 1996 წლებში ზედიზედ სამჯერ ჰქონდა ევროპის ჩემპიონატი მოგებული და ამჯერად 1998 წლის ფინალურ ეტაპზე მოხვედრას ცდილობდა, რისი შანსი სწორედ რუსთავში დაკარგა (შედარებისთვის იტალიელებმა ახალგაზრდული ევრო 2000 და 2004 წლებშიც მოიგეს).

ხსენებულ შეხვედრაში არ უთამაშია ნიკოლა ვენტოლას, რომელზეც იტალიაში დიდ იმედს ამყარებდნენ და მილანის „ინტერის“ წევრიც იყო. თუმცა, ვენტოლა იმ ნაკრების ღირსებას იცავდა და 23 წლის შემდეგაც მწარედ ახსოვს ჩვენთან განცდილი ალიყური.

ვენტოლამ გუშინ კრისტიან ვიერისთან საუბრისას გაიხსენა საქართველოსთან განცდილი წაგება და გაოცებისგან ვინ იცის ახლაც ვერ იჯერებს... მართალია, რაღაც დეტალები (მაგალითად ანგარიში) მთლად ზუსტად არ ახსოვს, მაგრამ მთავარი არ დავიწყებია - მარცხი საქართველოსთან და ესეც მიანიშნებს, რამდენად ღირებული გამარჯვება ვიზეიმეთ.

„21-წლამდე ნაკრებში ტარდელიმდე ჩეზარე მალდინიმ გამომიძახა, იმ გუნდში იყვნენ ტოტი, ლუკარელი, ბელუჩი, ძალიან კარგი 21-წლამდე ნაკრები იყო (მე მოვიგე ჩეზარონესთან ევროპის ჩემპიონატი - საუბარში ვიერი ჩაერთო და 1994 წელს მართლაც მოიგო), კი, შენ მანამდე მოიგე, ეს კი იყო ნაკრები, სადაც ტოტი დაიბადა და შესარჩევ ციკლს საქართველოსთან 0:3 წაგებით გამოვეთიშეთ (რეალურად 0:2 წააგეს - ავტ), გაგვიძევეს კოკო, ლუკარელი (ლუკარელი არა, მაგრამ კოკოსთან ერთად მიხეილ ფოცხვერია გააძევეს, ხოლო მატჩის ბოლოს ჯონათან ბაკინი გააწითლეს - ავტ)... საქართველოსთან წაგებით ჯგუფში ჩავრჩით, ასეთი გუნდი (იტალიური ჟესტებით სრულად გამოხატავს გაოცებას - ავტ)“, - თქვა ვენტოლამ.

ევროპის 1998 წლის ჩემპიონატის (21-წლამდელთა) შესარჩევი ციკლის მეორე ჯგუფში ინგლისმა 18 ქულით იპირველა და ფინალურ ეტაპზე გავიდა. საქართველომ 12 ქულით მეორე ადგილი დაიკავა (3 მოგება, 3 ფრე, 2 წაგება) და იტალიას (11 ქულა), პოლონეთსა და მოლდოვას აჯობა. საბოლოო ჯამში იტალიელები ინგლისელებს 7 ქულით კი ჩამორჩნენ, მაგრამ რუსთავში სტუმრობამდე გუნდებს შორის სხვაობა კინკილა ქულას შეადგენდა. დასკვნით ორ ტურში ინგლისმა ორივე მატჩი მოიგო, იტალიამ კი ორივე წააგო (ჩვენთან და ინგლისთან ბოლო ტურში), სწორედ რუსთავში მარცხის შემდეგ დაკარგა „აძურინიმ“ ფინალურ ეტაპზე გასვლის შანსი.

რაც შეეხება საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებს, რუსთავში იტალიელთა ძლევის გარდა, იმ თაობის ვლადიმერ გუცაევის გუნდმა ინგლისთან სტუმრად უგოლო ფრე ითამაშა, ხოლო სახლში არწასაგები მატჩი წააგო ალბიონელებთან (0:1). გარდა ამისა, სძლია მოლდოვას (1:0) და გაანადგურა პოლონეთი დასკვნით ტურში - 5:1. სხვა მატჩებს რაც შეეხება: 0:6 სტუმრად იტალიასთან, 2:2 პოლონეთთან, 0:0 მოლდოვასთან.

ცნობისთვის, ნიკოლა ვენტოლამ იტალიის 21-წლამდე ნაკრებში 1996-2000 წლებში 25 თამაში ჩაატარა და 12 გოლი გაიტანა, ხოლო 2000 წელს ამავე ასაკობრივ კატეგორიაში ევროპის ჩემპიონი გახდა. იმ ნაკრების ლიდერი ანდრეა პირლო იყო, ხოლო მთავარი მწვრთნელი მარკო ტარდელი. რაც შეეხება ვენტოლას საკლუბო კარიერას, „ინტერში“ მასზე დიდ იმედ ამყარებდნენ, მაგრამ მხოლოდ 10 გოლით გამოირჩა, სხვადასხვა პერიოდში კი „ბარის“, „ბოლონიას“, „ატალანტას“, „სიენას“, „კრისტალ პალასის“, „ტორინოსა“ და „ნოვარას“ ღირსებასაც იცავდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.120095