ფეხბურთი

18:58 | 2.05.2020 | ნანახია [] - ჯერ

ნეონაციზმი და პოლემიკა ბუფონის სათამაშო ნომრებთან

ჯანლუიჯი ბუფონი ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო თუ არა, ერთ-ერთი საუკეთესო მეკარეა. ახლა ჯიჯი უკვე 42 წლისაა და ვოიცეხ შჩესნის დუბლიორია, კარიერაში პრაქტიკულად პირველად გუნდში მეორე მეკარის ფუნქცია აქვს.

ჯიჯიმ „იუვენტუსში“ დაბრუნების შემდეგ 77-ნომრიანი მაისური მოირგო, რამაც დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. რატომ 77? ჯანლუიჯის 77 ნომერი ჯერ კიდევ „პარმაში“ 2000-2001 წლების სეზონში ემოსა.

„77 ავირჩიე, რადგან „პარმაში“ გამოვიყენე და იღბალი მომიტანა, მომდევნო წელს „იუვეში“ გადავედი“, - თქვა იტალიელმა 2019 წლის ზაფხულში.

ყველაფერი რიგზეა, მაგრამ ბუფონისა და სათამაშო ნომრების ირგვლივ პოლემიკა არაერთხელ ყოფილა, მეტიწლად კარიერის საწყის ეტაპზე, როდესაც „პარმას“ ღირსებას იცავდა. გახსოვთ, რომ 00 ნომრით და შემდეგ 88 ნომრით თამაში სურდა? მაშინ ამას იტალიაში დიდი აურზაური მოჰყვა.

2000 წლის ზაფხული. ბუფონმა იტალიისა და ნორვეგიის მატჩში თითის ტრავმა ზედ ევრო 2000-ის დაწყების წინ მიიღო და კონტინენტის მთავარი პირველობა გამოტოვა. მისი ადგილი ფრანჩესკო ტოლდომ დაიკავა, რომელიც ჰოლანდიასთან ნახევარფინალში გმირობით გახდა ცნობილი. ჯიჯიმ ევროფორუმი გამოტოვა და მომდევნო სეზონის დაწყებამდე ტრავმა მოიშუშა. გადაწყვიტა, რომ სიმბოლურად ნომერი შეეცვალა. კლასიკური 1 ნომრის ნაცვლად 00 ნომრით თამაშის გადაწყვეტილება მიიღო, რომელსაც NBA-ში ჩვეულებრივ გამოიყენებენ. ბუფონი თვლიდა, რომ რამდენიმე კვირიანი იმედგაცრუების შემდეგ (ტრავმის გამო გამოტოვებული ევროპის ჩემპიონატი) ორი რგოლის გამოსახულება წარმატებას მოუტანდა. თუმცა, პრობლემა არსებობდა - იტალიის ფეხბურთის ფედერაციის დებულებაში 00 ნომრით თამაში გათვალისწინებული არ იყო.

„კარგი, არ შემიძლია 00? მაშინ ავიღებ 88 ნომერს. ორი რგოლის ნაცვლად ოთხი მექნება“, - ამბობდა ჯიჯი.

თუმცა 88-ის შემთხვევაშიც არსებობდა პრობლემა და კიდევ უფრო ხმაურიანი. ცნობილია, რომ ციფრი 88 Heil Hitler-ის კოდირებული ვერსიაა და ნეონაციზმთან ასოცირდება, რადგან H ანბანის მერვე ასოა.

ჯიჯიმ რამდენიმე ამხანაგური თამაში მართლაც ჩაატარა 88-ნომრიანი მაისურით, მაგრამ საპროტესტო აქციები და დაპირისპირებები დაიწყო მომდევნო დღეებში და სიტუაცია იმდენად გამწვავდა, რომ 22 წლის ბუფონს არჩევანის გადათქმა მოუწია.

„მინდოდა 00 როგორც NBA-ში, ან 01, მაგრამ აკრძალული იყო. 99 მატეო გვარდალბენს ეცვა („პარმას“ მაშინდელი სათადარიგო მეკარე - ავტ), 69 ვიღაცისთვის შეურაცხყოფა გამოვიდოდა, 66 ვატიკანისთვის იქნებოდა მიუღებელი. ასე, რომ მხოლოდ 88 დარჩა, რაც ჩემთვის სიძლიერის ნომერთან ასოცირდებოდა. ნაციზმი? არავითარი ნაციზმი, ჩემგან შორსაა. ჩემი ოჯახი ყოველთვის მიხსნიდა რას ნიშნავდა ჰოლოკოსტი“, - თქვა ჯიჯიმ.

სიტუაცია იმდენად დაძაბული და ჩახლართული იყო, მაშინ საქმეში ებრაული საზოგადოების პრეზიდენტი ლეონ პასერმანიც ჩაერთო: „სამწუხარო გაუგებრობაა, მაგრამ უკეთესია, რომ ბუფონი ფრთხილად იყოს“.

ეს ნამდვილად იყო უსიამოვნო გაუგებრობა, მაგრამ საბოლოოდ ბუფონს დათმობაზე წასვლა მოუწია. არც 00, არც 88, 2000-2001 წლების სეზონში ჯიჯიმ 77-ნომრიანი მაისურით ითამაშა, 12 თვით ადრე, სანამ „იუვენტუსში“ გადავიდოდა. ტურინული კარიერიდან კი მის ზურგს მუდმივად 1 ნომერი ამშვენებდა, ერთი გამონაკლისის გარდა, როდესაც 18 ნომერი პსჟ-ში მოირგო. გასულ წელს კი 77 ნომერი დაიბრუნა, რომ წარსული არ დაგვევიწყებინა...

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.107008