სხვა

13:29 | 1.05.2020 | ნანახია [] - ჯერ

2021 წლის ევროპის XVI ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი ერთი წლით გადავადდა

ევროპის ოლიმპიური კომიტეტების (EOC) ცნობით, 2021 წლის ევროპის XVI ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი, რომელსაც სლოვაკეთის ბანსკა-ბისტრიცამ უნდა უმასპინძლოს, ერთი წლით გადავადდა.

ამ გადაწყვეტილების მიზეზი გახდა კორონავირუსის პანდემიის გამო მომავალი წლისთვის გადავადებული ტოკიოს ოლიმპიური თამაშები, რომელიც თავის მხრივ 2021 წლის ზაფხულის სპორტულ კალენდარში კიდევ ერთი მულტისპორტული ღონისძიების ჩასატარებლად სივრცეს და რესურს აღარ ტოვებდა და რაც მთავარია, ჩატარების თარიღები ერთმანეთთან კვეთაში იყო. კერძოდ, პირვანდელი ვადებით, ფესტივალი უნდა ჩატარებულიყო 2021 წლის 24 ივლისი - 1 აგვისტოს, ტოკიოს თამაშები კი უნდა ჩატარდეს 23 ივლისიდან 8 აგვისტოს ჩათვლით.

საგულისხმოა, რომ გადავადებული ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ახალი თარიღი (თვე და რიცხვები) ჯერ დაზუსტებული არ არის.

„უკვე ვიცით, რომ ფესტივალის დათქმულ ვადებში ჩატარება შეუძლებელი იქნება. ფესტივალის გადადებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები გვაქვს ევროპის ოლიმპიურ კომიტეტებთან. ფესტივალის 2022 წლის ზაფხულში ჩატარება ყველაზე სწორი გადაწყვეტილება ჩანს," - განაცხადა ბანსკა-ბისტრიცა-2021-ის საორგანიზაციო კომიტეტის აღმასრულებელმა დირექტორმა პეტერ კორჩოკმა.

EOC-ის სპორტული დირექტორის პიტერ ბრიულის თქმით, EOC კონსულტაციებს გამართავს ფესტივალის პროგრამაში შემავალი დისციპლინების სპორტულ ფედერაციებთან.

აღსანიშნავია, რომ გადავადება არ შეხებია 2021 წლის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს, რომელიც ფინეთის ვუოკატიში გეგმისამებრ 6-13 თებერვალს ჩატარდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.125782