ფეხბურთი

10:38 | 30.04.2020 | ნანახია [] - ჯერ

თემურ ქეცბაიას ულამაზესი გოლი ტურინში "იუვენტუსთან" (+VIDEO)

ევროპა ლიგა/უეფას თასზე ყველაზე წარმატებული გუნდი დღევანდელი გადმოსახედიდან „სევილიაა“, რომელმაც ეს ტურნირი ხუთჯერ მოიგო (2006, 2007, 2014, 2015, 2016) და ტოლს ვერავინ უდებს.

„სევილიას“ უეფას რანგით მეორე ევროტურნირებზე სამ-სამი საჩემპიონი ტიტულით კვალში „ინტერი“ (1991, 1994, 1998), „ატლეტიკო“ (2010, 2012, 2018), „ლივერპული“ (1973, 1976, 2001) და „იუვენტუსი“ (1977, 1990, 1993) უდგანან.

1992-1993 წლების სეზონში სწორედ „იუვენტუსმა“ მოიგო უეფას თასი რობერტო ბაჯოს ლიდერობით და იმ დროისთვის ეს ტურნირი სამჯერ არავის ჰქონდა მოგებული. თანაც, იმ პერიოდში უეფას თასი პრესტიჟული ტურნირი იყო და ევროპის წამყვანი კლუბები (გარდა ქვეყნის ჩემპიონებისა) თამაშობდნენ.

მესამე და იმ პერიოდისთვის სარეკორდი ტიტულისკენ სვლა ჯოვანი ტრაპატონის გუნდმა ფამაგუსტას „ანორთოსისთან“ მატჩით დაიწყო, რომლის ღირსებას კვიპროსელთა დღევანდელი მთავარი მწვრთნელი თემურ ქეცბაია იცავდა. „იუვენტუსმა“ ფამაგუსტელთა ბარიერი ძალიან ადვილად დაძლია, ჯერ „დელე ალპიზე“ გაანადგურა 6:1, მერე კვიპროსში - 4:0.

1992 წლის 16 სექტემბერს, ტურინში „ანორთოსისს“ რობერტო ბაჯომ, ანდრეას მიოლერმა, ანტონიო კონტემ, მორენო ტორიჩელიმ, ხოლო ჯანლუკა ვიალიმ ორგზის გაიტანეს. კვიპროსელთა მხრიდან კი ერთადერთი, პრესტიჟის, მაგრამ ეფექტური გოლი ქართველმა ფორვარდმა გაიტანა.

ქეცბაიამ ბურთი ტურინელთა საჯარიმოში მიიღო და ანჯელო პერუცის კარი უძლიერესი დარტყმით დალაშქრა. ცნობისთვის, თემურის გარდა, „იუვენტუსის“ კარში მოგვიანებით გოლები კახა კალაძემ (2001 წელს ამხანაგურ მატჩში) და ლევან მჭედლიძემ (2008 წელს სერია A-ში) გაიტანეს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11173