ძიუდო

17:34 | 16.04.2020 | ნანახია [] - ჯერ

ლიპარტელიანო, თუშიშვილო და ვინც ხართ კიდევ - ოდნავ მაინც დაფიქრდით, ვის და რას ემსახურებით!!!

ახლა ძიუდოს და ზოგადად სპორტის კი არა, საერთოდ არაფრის დრო არაა, გარდა იმაზე ფიქრისა, ხვალინდელ დილას რამდენით ნაკლები ადამიანით შევხვდებით...

ცოტა ხნის წინ, საქართველოსა და ზოგადად მსოფლიო მასშტაბით ცნობილი ძიუდოისტების - ვარლამ ლიპარტელიანისა და გურამ თუშიშვილის კომენტარებს ვუსმინე იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ეხმარებიან ერთ-ერთ ეკლესიაში 2000-ადგილიანი სივრცის მოწყობას, რათა სააღდგომო ლიტურგიას უფრო მომზადებული შეხვდნენ.

ნესბისმიერ სხვა სიტუაციაში, ძნელად გამოინახებოდა ადამიანი, რომელიც ამ დახმარების წინააღმდეგ რამეს იტყოდა (არ აქვს მნიშვნელობა, მართლმადიდებლურ ეკლესიას ეხმარები თუ სხვა კონფესიის მიმდევრებს), მაგრამ დღეს ხომ სტანდარტული, ჩვეულებრივი სიტუაცია არაა?

მსოფლიოს მასშტაბით ათასობით ადამიანი იღუპება და ეს, უპირველესად, გაუფრთხილებლობის გამო!

და ამ დროს რას აკეთებენ ზემოხსენებული ჩვენი სასიქადულო სპორტსმენები - მთავრობისა და საპატრიარქოს ერთობლივი, ყოვლად გაუგებარი სიგიჟის, ადამიანების სიცოცხლისადმი მიმართ გამოჩენილი აბსოლუტური გულგრილობის პასუხად საწინააღმდეგო აზრის გამოთქმის ნაცვლად, პირიქით, განსაცდელისკენ ერეკებიან ხალხს! დიახ, თქვენც, ამ თქვენი კომენტარებით, განსაცდელისკენ ერეკებით ხალხს, რადგან ამ ხალხს თქვენ უყვარხართ, პატივს გცემენ და მითუმეტეს, როცა იციან, რომ მორმწმუნე ადამიანები ბრძანდებით, ფიქრობენ - თუ ესეც ამ ამბავშია, ე. ი. ასეც ყოფილა...

მაინც მგონია (შეიძლება, უბრალოდ მინდა, რომ ასე მჯეროდეს), რომ ლიპარტელიანის და თუშიშვილის მსგავსად, ბევრ ადამიანს (სპორტსმენს, ხელოვანს, პოლიტიკოსს, ექიმსაც კი) უბრალოდ არ ესმის, რას აკეთებს და რამხელა ბოროტებას ემსახურება ასეთი გადაწყვეტილებით. მაგრამ ახლა არც იმის დრო გვაქვს, ვარკვიოთ, ვის რა ესმის და რა - არა...

ამიტომ, უბრალოდ გთხოვთ, ძალიან გთხოვთ, როგორც ვარჯიშის დროს გეუბნებიან, ერთი კარგად ამოისუნთქეთ და ოდნავ მაინც დაფიქრდით - ამ კონკრეტულ, ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს მომენტში, ვის და რას ემსახურებით!!!

...ეს კორონა რომ გადაივლის, სამშობლოსა და ქართველი ხალხის წინაშე თქვენს დამსახურებებზე მერე ვისაუბროთ...

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.120782