ფეხბურთი

17:08 | 10.04.2020 | ნანახია [] - ჯერ

მონატრებული ფეხბურთი: თავიდან ბუნდესლიგა, ბოლოს პრემიერლიგა და ქაოსი ლიგა 1-ში

უკვე თითქმის ერთი თვეა სამყარო ფეხბურთის გარეშე დარჩა. ბელარუსს, ნიკარაგუასა და ტაჯიკეთს თუ არ ჩავთვლით, ფეხბურთს არსად თამაშობენ. ცხადია, ეს დიდი დარტყმაა გულშემატკივრებისთვის, რომელთა ნაწილი ნოსტალგიას ძველი მატჩების ჩანაწერების ყურებით კლავს.

ამის ფონზე კი, დამაიმედებელი არაფერი ჩანს და თითქმის ყველგან უცნობია როდის განახლდება სეზონი. ასე, რომ გურმანებიც იძულებულნი არიან მიჰყვნენ ცოხვრების უსიამოვნო სიურპრიზის კარნახს.

წარმოგიდგენთ ტოპ ხუთ ჩემპიონატსა და ევროთასებზე არსებულ ვითარებას. ამ ეტაპზე ყველაფერი მხოლოდ ვარაუდის და გათვლების დონეზეა, მაგრამ ესეც საინტერესოა.

სერია A - იტალიაში ჯერ კიდევ არ არსებობს ოფიციალური თარიღი, ისევე როგორც თითქმის ყველგან. ლეგა და Figc-ი სამ სავარაუდო ვარიანტზე მუშაობს. ოპტიმისტური ვერსიაა 23-24 მაისს განახლება, პესიმისტური 6-7 ივნისი, ხოლო შუაში 30-31 მაისი განიხილება. მაისის დასაწყისში ივარაუდება საწვრთნელი პროცესის განახლება.

პრემიერლიგა - ინგლისში კორონავირუსი იტალიის შემდეგ გავრცელდა და მოსალოდნელია, რომ სეზონიც უფრო გვიან განახლდება. ჯერ არ არის მითითებული თარიღი, თუმცა ეს მხოლოდ 3 მაისის შემდეგ მოხდება, რადგან მანამდე ოფიციალურად შეჩერებულია. ვარაუდობენ, რომ სეზონს ივნისში განაახლებენ, ხოლო ვარჯიშები მაისში დაიწყება.

ლა ლიგა - ესპანეთი იტალიასთან ერთად ევროპაში ყველაზე მეტად დაზარალებული ქვეყანაა. ხავიერ ტებასმა წარმოადგინა ჰიპოთეზა უეფასთან შეთანხმებით: 28 მაისი, 6 ივნისი ან 28 ივნისი. ვარჯიშები მაისის დასაწყისში უნდა განახლდეს, ხოლო ფეხბურთელები ამის შესახებ 72 საათით ადრე შეიტყობენ.

ბუნდესლიგა - გერმანია ტოპ ლიგებიდან შესაძლოა პირველი იყოს, სადაც სეზონი განახლდება. სავარაუდო თარიღია 9 მაისი, მაგრამ გერმანიაში არ გამორიცხავენ, რომ სეზონი თავიდან 2 მაისს დაიწყოს. ამასობაში, ბუნდესლიგის ყველა გუნდმა ვარჯიში დაიწყო.

ლიგა 1 - საფრანგეთში ჩემპიონატის განახლების თარიღთან დაკავშირებით ყველაზე დიდი გაურკვევლობაა. ჯერ კიდევ არ არსებობს სწორი ჰიპოთეზა. ცნობილია მხოლოდ ის, რომ მარტის ბოლოს სეზონის დასრულების თარიღად 15 ივლისი დაასახელეს, რაც რთულად მისაღწევი იქნება. ამავდროულად სერიოზული ბრძოლა დაიწყო სატელევიზიო უფლებებთან დაკავშირებით, მას შემდეგ, რაც Canal Plus-მა ლიგას თანხის გადახდა შეუჩერა სეზონის განახლებამდე.

ევროთასები - უეფამ და ევროპული კლუბების ასოციაციამ უკვე აცნობეს ფედერაციებს, რომ ევროთასების მატჩების ივლის-აგვისტოში ჩატარებისთვის მზად არიან, მას მერე, რაც შიდა ჩემპიონატები დასრულდება. ამიტომ, ევროტურნირების კალენდარი ჯერ კიდევ, კონკრეტული ჩემპიონატების ბედზეა დამოკიდებული.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11848